იტვირთება

დეზინფორმაცია: დეკანოზი ბასილ ახვლედიანი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 3 თებერვალს, დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის და თავის პოზიციას რამდენიმე მტკიცებით ამყარებს. დეკანოზის თქმით, ვაქცინები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, ხალხმა მასზე უარი უნდა განაცხადოს. პოსტში გავრცელებული მტკიცებები, ძირითადად, დეზინფორმაციას წარმოადგენს.

მტკიცება: დღეისათვის არ არსებობს სტატისტიკა ვაქცინაციის 100%-იანი უსაფრთხო შედეგის შესახებ. ვაქცინაციის ლეტალობის 0.000...1%-იანი მაჩვენებელი ნორმად ითვლება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დღეს დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna, Pfizer/BioNTech, Astrazeneca-ს ვაქცინებით გარდაცვალების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა. ერთადერთი უკუჩვენება ვაქცინაციის დროს (რაც ასევე იშვიათად გამოვლინდა), ალერგიულ ადამიანებში, ანაფილაქსიური შოკის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული ანაფილაქსიური შოკი Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრის შემთხვევაში შესაძლოა, ვაქცინის შემცველ ელემენტს, პოლიეთილის გლიკოლს, გამოეწვია. აქედან გამომდინარე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) და ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ით ვაქცინებისგან ალერგიულ ადამიანებს თავის შეკავებას ურჩევს. შესაბამისად, ალერგიული ადამიანების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ იცრებიან, ან ასეთ ადამიანებს ვაქცინაცია უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ ექიმის კონსულტაციის საფუძველზე უტარდებათ.

აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დაახლოებით, 1.9 მილიონი დოზიდან, მწვავე ალერგიული რეაქცია მხოლოდ 21 პაციენტში გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ მილიონ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქცია მხოლოდ 11 პაციენტს აღენიშნა. მძიმე შემთხვევებშიც კი ფატალური შედეგი არ დამდგარა. კვლევაში ასახული 21 შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკი აცრიდან რამდენიმე წუთში დგებოდა. ვინაიდან ვაქცინაციიდან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის დრო მცირეა, ამიტომ ვაქცინირებულების უსაფრთხოებისთვის, ისინი აცრის შემდგომ, გარკვეული დროის განმავლობაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ პოსტში დასახელებულ 0.000..1%-იან ლეტალობის მაჩვენებელს, აღსანიშნავია, რომ ნორმად მსგავს მაჩვენებელს, არც ერთი მედიკამენტების მარეგულირებელი და არც რომელიმე ვაქცინის კომპანია მიიჩნევს.

ვაქცინაციის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი, გარდა ანაფილაქსიისა, არ დაფიქსირებულა. ვაქცინაციის გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომლებიც დადასტურდა, შემდეგია: მკლავის ტკივილი, თავის ტკივილი, გაციება, დაღლილობის შეგრძნება, ცხელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი. აღნიშნული ეფექტები ძირითადად ვაქცინაზე ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივ პასუხს წარმოადგენს და როგორც წესი, რამდენიმე დღეში თავისით გაივლის.

ყველაზე ნათელი მაგალითი ვაქცინაციის შედეგების განსახილველად ჯერჯერობით ისრაელია. ისრაელში, Pfizer-ით აცრების პარალელურად, ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესასწავლად დღეისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მედიკოსებს გართულების გამო, საერთო ჯამში, აცრილ პაციენტთა მხოლოდ 0.3 %-მა მიმართა. 2 768 200 აცრილი პაციენტიდან (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), ალერგიით გამოწვეული გართულება 165 მათგანს გამოუვლინდა. ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ისრაელი ასევე საუკეთესო მაგალითია იმის სადემონსტრაციოდ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, ვაქცინაციის პროგრამას შესაძლოა, სწრაფი და ძლიერი ეფექტი ჰქონდეს. ისრაელში ვაქცინირებულ ასაკობრივ ჯგუფებს შორის Covid-19-ის შემთხვევების რიცხვი და საავადმყოფოში მოხვედრის სტატისტიკა მკვეთრად ეცემა. ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტის ანალიზის თანახმად, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი, იანვრის შუა რიცხვებთან შედარებით, 46 %-ით დაეცა. ამასთან ერთად, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა, 60 წლამდე ასაკის პაციენტებში, 18%-ით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ისრაელს მსოფლიოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოსახლეობის ყოველ 100 ადამიანზე, ყველაზე მეტი - 67.38 ვაქცინის დოზა აქვს მობილიზებული.

მტკიცება: მსოფლიოში ყველა მაღალკვალიფიციური მედიკოსი ერთხმად გვარწმუნებს, რომ კონკრეტული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვინც ეს დაავადება უკვე გადაიტანა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დეკანოზ ბასილის თქმით, ვაქცინაცია განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვინც ეს კონკრეტული დაავადება უკვე გადაიტანა. კონკრეტულად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში, ვაქცინის გაკეთება მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, სრულიად უსაფრთხოა. მეტიც, ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, CDC-ის თანახმად, კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის COVID-19-ით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული რისკებისა და ვირუსით შესაძლო რეინფიცირების გამო (რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა), ვაქცინაცია ამ ადამიანებისთვის რეკომენდებულია.კოვიდგადატანილ პაციენტებს შორის გამონაკლისს წარმოადგენენ ის პაციენტები, რომლებმაც ვირუსზე მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულებით ან პლაზმით ჩაიტარეს, მათ CDC მკურნალობის პროცესიდან ვაქცინაციამდე 90 დღით მოცდას და ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გავლას ურჩევს. ვაქცინაციამდე დაყოვნების მიზეზი არის ის, რომ ამ პაციენტებს ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში გარკვეული დოზით ანტისხეულები უკვე გამომუშავებული აქვთ და მათი რეინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია. ამასთანავე, მაგალითად, რადგანაც mRNA COVID-19-ის ვაქცინის გავლენის შესახებ საკმარისი ინფორმაცია იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებმაც მკურნალობის კურსი მონოკლონური ანტისხეულებით ან პლაზმით ჩაიტარეს არ არსებობს, ვაქცინაციამდე 90 დღით მოცდა კი ერთგვარი სიფრთხილის ზომაა იმისათვის, რომ პასიური ანტისხეულებით ჩატარებულმა თერაპიამ შემთხვევით ვაქცინით გამოწვეულ იმუნურ რეაქციებს ხელი არ შეუშალოს. ხოლო 90 დღის გასვლის შემდგომ, ხელახალი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, ასეთ პაციენტებს ვაქცინის გაკეთება უკვე თავისუფლად შეუძლიათ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერ შემთხვევაში კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ვაქცინაცია საფრთხის შემცველი არ არის.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე კლინიკური ცდების პროცესში ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად კვლევები სხვადასხვა ასაკის, სქესის, რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და განსხვავებული თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს შორის ჩატარდა. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შემთხვევაში, ეს თანმხლები დაავადებები იყო ჭარბწონიანობა, დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ხოლო Moderna-ს ვაქცინის შემთხვევაში - ფილტვის, გულის, ღვიძლის დაავადებები, ჭარბი წონა, HIV ინფექცია. კლინიკური კვლევების დროს რაიმე გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. შესაბამისად, რაიმე სახის შეზღუდვა ვაქცინაციაზე, გარდა ალერგიული ადამიანებისა, ჯერჯერობით არ არსებობს.

კორონავირუსის ვაქცინების გარდა, შესაძლებელია, სხვა ინფექციურ დაავადებებსა და მათ საწინააღმდეგო ვაქცინებზე ვისაუბროთ. მაგალითად, წითელა,წითურა, ყბაყურა-ზე (წწყ, იგივე MMR-Measles, Mumps, Rubella) ვაქცინაციის ჩატარება სრულიად უსაფრთხოა. ზოგადად, წითელა-წითურა-ყბაყურას გადატანის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია ვაქცინა არ გაიკეთოს ორ შემთხვევაში - თუ მას ეს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს ან წარსულში ამ ვირუსით დაინფიცირება რაიმე ლაბორატორიული დოკუმენტით თუ სისხლის ანალიზით დასტურდება, რომელიც ამტკიცებს, რომ მას ამ ინფექციების მიმართ იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული აქვს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი ზემოთხსენებულ ინფექციებს გადაიტანს და მათ მიმართ იმუნურობას შესაბამისი სამედიცინო ჩანაწერებით თუ სისხლის ანალიზით ვერ დაადგენს (თუნდაც უკვე გამომუშავებული იმუნიტეტის შემთხვევაშიც), წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო აცრების ჩატარება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

მტკიცება: არსებობენ სკეპტიკოსი ექიმები, რომლებიც უშიშრად აცხადებენ COVID-19-ის პრეისტორიისა და მიზნების შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ექიმები 2019 წელს ჯანმოს მოწინააღმდეგეებად დაასახელა და მსოფლიო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელ ათეულში შეიყვანა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მსოფლიოს მასშტაბით ნამდვილად არსებობენ ექიმები, რომლებიც პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთ კონსპირაციას, დეზინფორმაციას თუ ყალბ ამბებს ავრცელებენ. მათი აზრით, პანდემია წინასწარ დადგმული სცენარია. კონსპირატორი ექიმები ყოველგვარი მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე აცხადებენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს და ეს ვირუსი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის მსგავსია; კორონავირუსი არ არის მომაკვდინებელი; ვაქცინაციით ადამიანის დნმ შეიცვლება და ადამიანი შედეგად ე.წ. ქიმერად გადაიქცევა; ვაქცინა ადამიანის გარდაცვალებას იწვევს; ვაქცინით ადამიანში ნანოჩიპების შეიყვანენ და ა.შ. ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა, შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე - ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4.

რაც შეეხება 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სკეპტიკოსი ექიმების WHO-ს მოწინააღმდგეებად დასახელებას და მათ გლობალური ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელ ათეულში შეყვანას, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2019 წელს გლობალური ჯანმრთელობისთვის ათი ყველაზე დიდი საფრთხე ნამდვილად დაასახელა, მათ შორის, ერთ-ერთ წამყვან პრობლემად, ვაქცინებზე უარის თქმა. ვაქცინაციაზე უარის თქმა უკუჩვენების გარეშე, მაშინ როცა აცრები ხელმისაწვდომია, მედიცინის განვითარებაში მიღწეული პროგრესის რეგრესით ჩანაცვლების საშიშროებას ქმნის. იმუნიზაციისგან თავშეკავებას ბევრნაირი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსასწორებლად, მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას და სანდო ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას, უდიდესი დადებითი გავლენა აქვს. გლობალური ჯანდაცვის პრობლებებში ასევე დასახელებულია - გარემოს დაბინძურება და კლიმატური ცვლილებები; არაგადამდები დაავადებები; ვირუსული გრიპის პანდემია; სუსტი და მგრძნობიარე გარემო; ანტიმიკრობული რეზისტენტობა; ებოლა და სხვა საშიში პათოგენები; სუსტი პირველადი ჯანდაცვა; დენგეს ცხელება; აივ-ინფექცია და სხვა.

მტკიცება: სიტყვიერი მოწოდებები ვაქცინაციაზე საბოლოოდ იძულებით ვაქცინაცინაციამდე მიგვიყვანს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

იძულებითი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაცია დღემდე აქტიურად ვრცელდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვაქცინების არსებობის პირობებშიც კი, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და არც რომელიმე ცალკეულ სახელმწიფოს ვაქცინის სავალდებულოობაზე და იძულებით ვაქცინაციაზე რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კოვიდვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

ვაქცინაციის მნიშვნელობა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ვაქცინაცია დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ჯანმოს ინფორმაციით, ვაქცინაციის საშუალებით, ყოველწლიურად, 2-3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. გლობალურად ვაქცინაციის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, დამატებით 1.5 მილიონი ადამიანი გადარჩებოდა. ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ. პანდემიასთან ერთად, გლობალურად დაიწყო COVID-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის, მათ შორს ანტივაქცინური ინფორმაციის გავრცელება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „ინფოდემია“ უწოდა. რეალურად, ისევ უნდა გავიმეოროთ, რომ ვაქცინაცია პანდემიის შეჩერების ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.

რაც შეეხება უშუალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, დღეისთვის დადასტურებული ვაქცინები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, BioNTech/Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებმა პრეკლინიკური ტესტირება და სამივე ფაზა გაიარეს. 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ფართომასშტაბიანი აცრებისთვის პირველი ნებართვა Pfizer-BioNtech-ის ვაქცინამ მიიღო, შემდგომ კი, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა. დეკემბრის ბოლოს კი, დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოყენებისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ი-რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა, რადგან მათი შემუშავებისთვის, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, ნაკლები ინფექციური ელემენტი გამოიყენება. დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით გამოწვეული არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას, თუ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ზე მაღალია, ის ეფექტურად მიიჩნევა. Pfizer-BioNtech-ისა და Moderna-ს ვაქცინის ეფექტურობა 95%-ის ფარგლებშია. AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა კი - დაახლოებით 70%-ია. ასევე, პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას ვირუსის მტარებლობისგან დაცვა 76%-ით შეუძლია, რაც მაღალი მაჩვენებელია. ვაქცინაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ვაქცინა ადამიანს სიკვდილისგან 100%-ით, ხოლო 90%-ის შემთხვევაში - კორონავირუსის შემდგომ მძიმე დაავადებების განვითარებისგანაც დაიცავს.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2925 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი