იტვირთება

დეზინფორმაცია: ისრაელში ბავშვებზე ვაქცინაციის „გარისკვას“ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე მათი გამოყენება არ შეიძლება

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

2021 წლის 28 იანვარს, Facebook-მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ისრაელში 16-18 წლის მოზარდების ვაქცინაციაზე საუბრობს. პოსტს თან „ტვ პირველის“ გადაცემის - „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებიდან“ ვიდეო ამონარიდი ახლავს. პოსტში სალუქვაძე აცხადებს, რომ ისრაელში ბავშვებზე აცრებს ვაქცინის ინსტრუქციის დარღვევით ახორციელებენ. პოსტში გავრცელებული ინფორმაცია ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს.

„TV პირველის“ ეთერში, „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ ისრაელიდან ექიმი ლევან შარონი ჩაერთო, სადაც ისრაელში ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის ასაკმა დაიწია და უკვე 16-18 წლის მოზარდებსაც ცრიან. ამის მიზეზად კი ექიმმა „სიმწიფის ატესტატის“ (ისრაელში არსებული სასკოლო გამოცდები[1]) დაცვის მოახლოება დაასახელა, რაც ბუნებრივია, მოსწავლეების თავშეყრასა და დაინფიცირების რისკებს გაზრდის. ასევე, მანვე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ისრაელში ბავშვებში ვაქცინაციის დაწყებასაც ფიქრობდნენ. Facebook-მომხმარებელი დათო სალუქვაძე აღნიშნულ ვიდეოზე კომენტარს აკეთებს. მისი მტკიცებით, ვაქცინებს ინსტრუქციებში უწერიათ, რომ 18 წლამდე მათი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ვაქცინების გამოცდა ამ ასაკის ადამიანებზე არ ჩატარებულა.

ისრაელმა მოსახლეობის ვაქცინაცია (Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით) 2020 წლის 19 დეკემბერს დაიწყო. ქვეყანაში მარტში დამატებით Moderna-ს და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიონობით დოზა შევა, იმ დროისთვის კი ისრაელს გეგმის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი Pfizer/BioNTech-ით უნდა ჰყავდეს აცრილი. 2021 წლის იანვრის ბოლოს, ისრაელის ხელისუფლებამ 16-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით, ნამდვილად დაამტკიცა, რადგან მათ Bagrut-ის გამოცდების ჩაბარება და სერტიფიკატის აღება დროულად და უსაფრთხოდ შეძლონ. თუმცა, პოსტის მტკიცება, რომ 16-18 წლის ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაცია ინსტრუქციით აკრძალულია, სიმართლეს არ შეესაბამება. Pfizer/BioNTech-ით ვაქცინაცია ევროპასა და აშშ-ში 16 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში დაიშვა. მეტიც, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ანგარიშში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შესახებ, ნაჩვენებია, რომ ვაქცინის კვლევის პროცესში მონაწილეობა 16-18 წლის ასაკის ადამიანებმაც მიიღეს. ამასთანავე, ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გვერდზე, Pfizer/BioNTech-ის შესახებ მითითებულია, რომ ვაქცინა 16 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდებული, ხოლო რაც შეეხება Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინების ასაკობრივ შეზღუდვებს, ორივე ვაქცინის შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი 18 წელია.

წყარო: FDA.GOV

აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოსთვის ისრაელში 16 წელს ქვემოთ ბავშვების ვაქცინაციაზე მსჯელობა ნამდვილად დაიწყეს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, მძიმე სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ყოველივეს თან ერთვის ის ფაქტი, რომ ბავშვებში ავადობის მკვეთრი ზრდის ფონი შეინიშნება. ამასთანვე, აღმოჩნდა, რომ ბავშვები კორონავირუსის მუტირებული ბრიტანული ვარიანტის მიმართ მოწყვლადები არიან. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, 16 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში, ინფექციის დონის მომატების გათვალისწინებით, ბავშვებში ვაქცინაციის არჩატარების რისკები იმ საფრთხეებს გადასწონის, რომლებიც ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის შესახებ არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს. ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოცდა კლინიკური კვლევის პროცესში 16 წელს ქვემოთ ადამიანებზე ნამდვილად არ მომხდარა. თუმცა 2020 წლის ოქტომბრიდან კვლევების ჩატარება დაიწყო, რომლის თანახმად ზოგიერთი ვაქცინა შესაძლოა, 12 წლიდან ბავშვებშიც იქნას დაშვებული. დღეისათვის ისრაელში 16 წელს ქვევით ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ისრაელში ვაქცინაცია თავდაპირველ ეტაპზე ასაკოვან ადამიანებში, რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებში, 35 წელზე უფროს პირებსა და 16-18 წლის მოზარდებში მიმდინარეობდა, თუმცა ისრაელმა 2021 წლის თებერვლიდან, ვაქცინაციისთვის ასაკობრივი ზღვარის მინიმუმი 16 წლამდე დაწია. თებერვლიდან 16 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის ნებისმიერ წარმომადგენელს, სურვილის შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შეუძლია.

აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ისრაელში 16-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ინსტრუქციის დარღვევით ჩატარების შესახებ, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს. რეალურად, ვაქცინაცია წესების დარღვევით არ მიმდინარეობს, რადგან Pfizer/BioNTech-ის შემთხვევაში, 16-18 წლამდე მოზარდებში ვაქცინაცია დაშვებულია. ამასთანავე, პოსტის ავტორი ისრაელის მაგალითს მკითხველის დასარწმუნებლად იყენებს, რომ თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას წესების დარღვევით ბავშვებშიც განახორციელებენ.

ისრაელი საუკეთესო მაგალითია იმის სადემონსტრაციოდ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, ვაქცინაციის პროგრამას შესაძლოა, სწრაფი და ძლიერი ეფექტი ჰქონდეს. ისრაელში ვაქცინირებულ ასაკობრივ ჯგუფებს შორის Covid-19-ის შემთხვევების რიცხვი და საავადმყოფოში მოხვედრის სტატისტიკა მკვეთრად დაეცა. ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტის ანალიზის თანახმად, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი იანვრის შუა რიცხვებთან შედარებით, 46 %-ით ნაკლებია. ამასთან ერთად, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 60 წლამდე ასაკის პაციენტებში, 18%-ით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ისრაელს მსოფლიოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოსახლეობის ყოველ 100 ადამიანზე, ყველაზე მეტი - 67.38 ვაქცინის დოზა აქვს მობილიზებული.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] Bagrut არის სერტიფიკატი, რომელიც სტუდენტის მიერ ისრაელის საშუალო სკოლის გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ადასტურებს. ისრაელში ეს სერტიფიკატი უმაღლესი განათლების მიღების წინააპირობაა.


მსგავსი სიახლეები

2904 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი