იტვირთება

გიორგი კირთაძე: „მხოლოდ ბათუმის შემთხვევაში, ას ოცი შემაჯამებელი ოქმი დაიწერა... ჩემს შემთხვევაში, სადაც მე კენჭს ვიყრიდი და მაჟორიტარი ვიყავი, ოთხმოცდათოთხმეტ უბანში, ან მისულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა ყუთში, ან გამქრალია ბიულეტენი.“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგებს ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და ამის ერთ-ერთ არგუმენტად შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსს ასახელებს. ფაქტები, როცა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) არ ემთხვევა მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამურ რაოდენობას, ბათუმის №28 საარჩევნო ოლქის 120 უბნიდან, 73 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. სწორედ ამ ოლქში იყრიდა კენჭს გიორგი კირთაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ის საარჩევნო ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გართიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე უბანზე დისბალანსი საკმაოდ დიდია, მაგალითად: 110 ბიულეტენით მეტი აღმოჩნდა №28 საარჩევნო ოლქის 69-ე უბანზე. ზოგადად, საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 9 საარჩევნო უბანზე გაბათილებული ბიულეტენებისა და ნამდვილი ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას აღემატება. 69 უბნის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით კი ყუთში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა. ზოგიერთ უბანზე შთამბეჭდავად მაღალია გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა. კერძოდ, მე-19 სააჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 106 ბათილი ბიულეტენია, ხოლო ბათილი ბიულეტენებისა და ნამდვილი ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას 80-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ კირთაძის მიერ დასახელებული რიცხვი ზუსტად არ ემთხვევა ჩვენ მიერ ხელახლა დათვლილ მაჩვენებელს, ის მაინც მაღალია. უბნების დაახლოებით 61 %-ზე დაფიქსირებული დისბალანსის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

პოლიტიკოსმა გიორგი კირთაძემ განაცხადა: „მხოლოდ ბათუმის შემთხვევაში, ას ოცი შემაჯამაებელი ოქმი დაიწერა... ჩემს შემთხვევაში, სადაც მე კენჭს ვიყრიდი და მაჟორიტარი ვიყავი, ოთხმოცდათოთხმეტ ოლქში, ან მისულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა ყუთში, ან გამქრალია ბიულეტენი.“

ფაქტ-მეტრი საკითხით დაინტერესდა. პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე თავის განცხადებაში ბათუმის №28 საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე საუბრობდა. ოლქში სულ 120 საარჩევნო უბანია. ჩვენ აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთული საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმები შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ 73 უბანზე დაფიქსირდა შედეგები, როცა ბათილი ბიულეტენებისა და ნამდვილი ხმების ჯამური რაოდენობა უბანზე მისული და არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის საერთო რაოდენობას არ ემთხვევა, რაც დისბალანსს ნიშნავს. ამასთან, (იხ. თანდართული ფაილი) როგორც თანდართული ცხრილიდან ჩანს, გარკვეულ უბნებზე საკმაოდ დიდი დისბალანსი დაფიქსირდა. საერთო ჯამში, 62 საარჩევნო უბანზე ნამდვილი ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე 735-ით ნაკლებია. 11 საარჩევნო უბანზე ნამდვილი ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე 316-ით მეტია. ამასთან, 35 საარჩევნო უბანზე დისბალანსი 5-ს ან 5-ზე მეტს ხმას შეადგენს.

განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების მონაცემები:

მე-19 საარჩევნო უბნის პროპოროციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილი ბიულეტენების საერთო რაოდენობა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე 133-ით ნაკლებია. შესწორების ოქმი არასწორად არის შევსებული, კერძოდ, შესწორების ოქმი შედგენილია მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის შესწორების ფურცელზე. ამასთან, შესწორების ოქმის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბთილი ბიულეტენების საერთო რაოდენობა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე 67-ით მეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში „ქართულ ოცნებას“ 251 ხმა აქვს მიღებული. თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 264 ხმა უწერია. აღნიშნული მონაცემების ცვლილება შესწორების ოქმში ასახული არ არის.

საინტერესოა ასევე 64-ე უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები, სადაც აღნიშნულია, რომ 117 ბიულეტენი გაბათილდა. ნამდვილი ხმებისა და გაბათილებული ბიულეტენების ჯამი 842-ს შეადგენს, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას 77-ით აღემატება. 64-ე საარჩევნო უბნის მონაცემებს შესწორების ოქმი არ ახლავს.

69-ე საარჩევნო უბანზე ნამდვილი ხმებისა და ბათილი ბიულეტენების საერთო რაოდენობა 826-ს შეადგენს. აღნიშნული არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას (716) 110-ით აღემატება. შემაჯამებელ ოქმს შესწორების ოქმი არ ახლავს.

84-ე საარჩევნო უბნის არც პროპორციული და არც მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, არ არის მითითებული არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა.

105-ე საარჩევნო უბანზე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 54-მა ადამიანმა, ხოლო ხმების ნამდვილი რაოდენობა 9-ს შეადგენს. გაბათილებული ბიულეტენი არ არის. გამოდის, რომ ყუთში 45-ით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი აღმოჩნდა. შესწორების ოქმი ან ახსნა-განმარტება არც ამ შემთხვევაში არ არსებობს.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 108-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც ერთი გაბათილებული ბიულეტენისა და ნამდვილი ხმების რაოდენობა 25-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 113. დისბალანსი 87 ბიულეტენს შეადგენს.

განსაკუთრების საინტერესოა 109-ე საარჩევნო უბანი. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა 123-მა ადამიანმა მიიღო, თუმცა საარჩევნო უბნისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა, მხოლოდ 60-ია. ნამდვილი ხმებისა და ბათილი ბიულეტენების საერთო რაოდენობა 67-ია, რაც არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე 56-ით ნაკლებია. დისბალანსთან ერთად, გაუგებრობას იწვევს ის ფაქტიც, რომ ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების რაოდენობა 7-ით მეტია 109-ე საარჩევნო უბნისთვის გადაცემული ბიულეტენების საერთო რაოდენობაზე.

აქვე, აღსანიშნავია, რომ 28-ე საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას, გამოიკვეთა, რომ მაღალი დისბალანსის ძირითადი შემთხვევები ისეთ საარჩევნო უბნებს უკავშირდება, სადაც ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი სპეციალურ სიაშია შეყვანილი.

რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმების შევსების საკითხს, ასევე, შესწორების ოქმებს, რომელთა ნახვაც მკითხველს თანდართულ ცხილში მითითებულ ლინკებზე შეუძლია, იკვეთება გარკვეული პირების კვალიფიკაციის პრობლემა. მაგალითად: 31-ე უბანზე, არც პროპორციული და არც მაჟორიტარული წესით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, არ არის მითითბული მიღებული ბიულეტენების საერთო რაოდენობა; 32-ე უბნის შემაჯამებელ ოქმში „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გადასწორებულია, არ ახლავს შესწორების ოქმი; 70-ე უბანის შემაჯამებელ ოქმში ასევე გადასწორებულია ხმების რაოდენობა „თავისუფალი საქართველოს“ გასწვრივ, თუმცა შესწორება არ ახლავს; 86-ე უბნის ოქმი - გადასწორებულია „ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მიღებული ხმების მონაცემი, არ ახლავს შესწორება და სხვა.

შენიშვნა: აღნიშნული კვლევით ფაქტ-მეტრი არ ცდილობს იმის მტკიცებას, გაყალბდა, თუ - არა 2020 წლის არჩევნების შედეგები. ჩვენ, შესწავლილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაჩვენეთ, რომ ბათუმის საარჩევნო ოლქის 120 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, რომლებიც აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა ატვირთული, უბნების დაახლოებით 61%-ის შემთხვევაში, დისბალანსი აღინიშნება. პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე, თავის განცხადებაში, 94 უბანის შემაჯამებელი ოქმებით დაფიქსირებულ დისბალანსზე საუბრობს. განცხადების ავტორთან გადავამოწმეთ, რომელი წესით ჩატარებული არჩევნების შედეგებს გულისხმობდა. მისი თქმით, საუბარია როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული წესით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებზე. ჩვენ მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები გადავთვალეთ. ვინაიდან დასახელებულ ციფრსა და რეალურად დადასტურებულ მონაცემებს შორის ცდომილება, ფაქტობრივად, უმნიშვნელოა, ვასკვნით, რომ პოლიტიკოსის განცხადება არის სიმართლე.

ფოტო: batumelebi.netgazeti.ge

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2851 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი