იტვირთება

დეზინფორმაცია: სწრაფი ტესტების სიყალბე კივზე, ბანანსა და ფორთოხალზე ტესტირებამ დაადასტურა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 11 თებერვალს, Facebook გვერდმა „სამყარო სამყარო” პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იტალიელმა ექიმებმა კორონავირუსის სწრაფი ტესტების სიყალბე დაამტკიცეს. პოსტს, თან ვიდეო ახლავს, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ჩაატარეს ექიმებმა ტესტირება კივზე, ბანანზე და ფორთოხალზე, რის შედეგადაც ხილს კორონავირუსი დაუდასტურდა. პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

იტალიელი ექიმების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმების (Fullfact, AFP Factcheck, Observador) ყურადღება მიიპყრო და მტკიცება, თითქოს ხილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ყალბ ამბად შეფასდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ძირითადად ექსპერიმენტის მცირე ვიდეონაწილი ცირკულირებს, Google-ის საძიებო სისტემით ინტერნეტსივრცეში მთლიანი ექსპერიმენტის ვიდეოს მოძებნა მარტივადაა შესაძლებელი. ექსპერიმენტი იტალიური ტელევიზიის - conto.tv-ის ეთერში გავიდა და ის შემდეგ 2020 წლის 24 დეკემბერს, იტალიელი კინემატოგრაფის მასიმო მაძუკოს YouTube-არხზეც გამოჩნდა, რომლის ფილმებში მრავალი შეთქმულების თეორიას ვხვდებით.

ვიდეოს სრულ ვერსიაში კარგად ჩანს ექსპერიმენტში მონაწილე სამი პირი - მარიანო ამიჩი, დომენიკო დიანჯელო და სტეფანო სკოლიო. მათგან, იტალიის სამედიცინო პალატის (FNOMCeO) სიაში მხოლოდ მარიანო ამიჩია შეყვანილი, ხოლო სტეფანო სკოლიო და დომენიკო დიანჯელო ამ ბაზაში არ იძებნებიან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დომენიკო დიანჯელო უბრალოდ ლაბორატორიის ტექნიკოსია, ხოლო სტეფანო სკოლიო, რომელიც ვიდეოში თავს ექიმად მოიხსენიებს, სინამდვილეში კერძო კოპანია „კვებითი თერაპიის კვლევითი ცენტრის” (Nutritherapy Research Center) მმართველია. ცენტრი ზღვის მცენარეებსა და სხვა ბუნებრივ პრეპარატებზე დაფუძნებულ პრეპარატებს ყიდის.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების განმარტების თანახმად, იმისთვის რომ სწრაფმა ტესტებმა სწორი პასუხი აჩვენოს, ტესტის გამოყენება სწორ პირობებში უნდა მოხდეს. საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ, AFP FactCheck-მა, მთლიანი ექსპერიმენტის ვიდეო ვირუსოლოგ ფერნანდო მოტასთან ერთად გააანალიზა. ვირუსოლოგის თქმით, ექსპერიმენტი არასწორ პირობებში იყო ჩატარებული. როგორც წესი, სწრაფი ტესტები, იგივე ანტიგენზე დამყარებული ტესტები, COVID-19-ის დასადგენად სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებს იყენებს. ექსპერიმენტის დროს კი იტალიელმა ექიმებმა სატესტო ნიმუშები უბრალოდ შუაზე გაჭრილი ხილის ზედაპირიდან აიღეს და არა სასუნთქი გზებიდან, როგორც ტესტირების სწორად ჩატარების წესები მოითხოვს. ვირუსოლოგმა მოტამ, ხილზე ჩატარებული სწრაფი ტესტის კორონავირუსზე დადებითი შედეგის აბსურდულობის წარმოსაჩენად, პარალელი ქალის მიერ ორსულობის ტესტის ნერწყვის ნიმუშზე ჩატარებასთან გაავლო. მისი თქმით, სწრაფი ტესტის კორონავირუსზე დადებითი პასუხი ისეთივე არასანდოა, როგორც ორსულობის ტესტის დადებითი პასუხი, როდესაც ის ნერწყვის ნიმუშით არის გაკეთებული და არა სტანდარტულად შარდის ნიმუშით. შესაბამისად, როდესაც სწრაფი ტესტის ჩატარების დროს, არა ტესტირებისთვის საჭირო, არამედ სხვა ტიპის ნიმუშები გამოიყენება, ტესტი ეფექტურად, მისი შედეგი კი სანდოდ - ვერ ჩაითვლება.

როგორც ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Fullfact წერს, იტალიელი ექიმების მიერ ექსპერიმენტში გამოყენებულია Joysbio-ს ტესტირების ნაკრები. ამ ტესტების ნაკრების ინსტრუქციაში კი მითითებულია, რომ ის მხოლოდ ადამიანის ორგანიზმიდან აღებული ნიმუშების ტესტირებისთვის არის შექმნილი. შესაბამისად, თუ ნიმუშების შეგროვებისა და მათი ტესტირებისთვის მოსამზადებელი წესები სათანადოდ არ იქნება დაცული, შესაძლოა, ამან ტესტის ეფექტურობასა და მისი პასუხის სანდოობაზე იმოქმედოს. როგორც ბიოსამედიცინო ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი ალექსანდრ ედვარდსი ამბობს, თუ ტესტების მწარმოებლის ინსტრუქციები გათვალისწინებული არ იქნება, მაშინ, ტესტის აბსურდული შედეგები გასაკვირი არ უნდა იყოს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სწრაფი ტესტების პასუხი შესაძლებელია, იყოს არასწორი მჟავურ სასმელებისა (მაგ. კოკა-კოლა) და ხილის შემთხვევაში, თუმცა ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ სწრაფი ტესტები მოსახლეობის ტესტირებისთვის გამოსაყენებლად არასანდოა. ამასთანავე, სწრაფი ტესტის გაკეთების დროს ნიმუშის სწორად გამოყენებასთან ერთად სხვა ფაქტორებსაც დიდი ყურადღება ექცევა, მაგალითად ph-ის დონესა და ტემპერატურას. სწორედ მჟავა-ტუტოვანი გარემოს გასანეიტრალებლად ნიმუშის ტესტის ფირფიტაზე მოთავსებამდე, მას სპეციალურ ბუფერულ სითხეში ატარებენ.

ფოტო 1.წყარო:Joysbio

ფოტო 2.

ამასთანავე ხაზგასასმელია, რომ რეალურად ვიდეოში ნაჩვენები ტესტების პასუხები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იტალიელმა ექიმებმა ხილს „კორონავირუსი დაუდგინეს“. ფოტო 1-ზე გამოსახულია, თუ Joysbio-ს ანტიგენის ტესტების ინსტრუქციაზე დაყრდნობით, როგორი ინტერპრეტაცია უნდა მიეცეს ტესტირების შედეგებს. იმისთვის, რომ ტესტირების შედეგი დადებითად ჩაითვალოს, მაშინ ტესტზე ორი ხაზი უნდა გაფერადდეს - „კონტროლის ხაზი“(control line-C) და „ტესტის ხაზი“(test line- T). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი - მხოლოდ ერთი C ხაზი უნდა გაფერადდეს. ხოლო მესამე შემთვევაში, როდესაც „კონტროლის ხაზი“ (C) საერთოდ არ ჩნდება, ან მხოლოდ „ტესტის ხაზი“(T) ფერადდება, მაშინ ტესტი არავალიდურია (INVALID) და თავიდან არის ჩასატარებელი. რადგანაც ტესტები ხილიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარდა და არა ადამიანის ორგანიზმიდან აღებულ ნიმუშზე, თავისთავად ამ ტესტების შედეგების დადებითობაზე თუ უარყოფითობაზე მსჯელობა აბსურდულია. თუმცა, ამის მიუხედავად, თუ ჰიპოთეტურად მისი შედეგების სანდოობას მაინც განვიხილავთ, ისიც აშკარაა, რომ ვიდეოში ნაჩვენებ ტესტის შედეგებზე მხოლოდ ერთი ხაზი არის გაფერადებული და არა ორი, როგორც ეს ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში უნდა იყოს. შესაბამისად, ჰიპოთეტურად დაშვებულ ვარიანტშიც კი, სწრაფი ტესტი დადებით შედეგს არ აჩვენებს.

სწრაფი ტესტების არასანდოობასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი დეზინფორმაცია თუ ყალბი ამბავი გავრცელებულა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა (ბმული 1).

ამრიგად, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული პოსტი იმის შესახებ, რომ კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები ყალბია, რადგან ის კორონავირუსზე დადებით პასუხს ხილსაც კი უჩვენებს, ყალბი ამბავია.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

-----------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, მარიამ ღლონტმა.
თეგები:

მსგავსი სიახლეები

2925 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი