იტვირთება

თინა ბოკუჩავა: ადამიანის უფლებები, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პრესისა და სიტყვის თავისუფლება - ყველა ინდიკატორით საქართველო მიდის უკან და უკან

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თინა ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: როგორც სხვადასხვა კვლევა და რეიტინგი გვიჩვენებს, „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში, ამავე პარტიის მმართველობის საწყისი პერიოდისგან განსხვავებით, თითქმის ყველა მიმართულებით, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს, ასევე, რომელზეც თინა ბოკუჩავა განცხადებაში საუბრობს, საქართველოს მაჩვენებლები, ძირითადად, უარესდება. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში, ეს მაჩვენებლები 2012 წლის მონაცემებსაც უახლოვდება.

შესაბამისად, თინა ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

3 თებერვალს „ტვ პირველზე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესებაზე ისაუბრა. „დემოკრატიის ინდექსის გაუარესება ბუნებრივია, იმიტომ, რომ ყველა თვალსაზრისით არის უკუსვლა, ყველა დემოკრატიული მაჩვენებლები ადამიანის უფლებები, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პრესისა და სიტყვის თავისუფლება. ყველა ინდიკატორით საქართველო მიდის უკან და უკან”, - განაცხადა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ ბოკუჩავას აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

The Economist-ის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის კვლევის მიხედვით, დემოკრატიის ინდექსი საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, გაუარესდა. კერძოდ, საქართველო, 165 ქვეყანას შორის, 89-დან 91-ე პოზიციაზე გადავიდა.

ყოველწლიური გამოკითხვა, რომელსაც კომპანია „The Economist Intelligence Unit“ ატარებს, დემოკრატიას 5 კომპონენტით აფასებს. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის მუშაობა, პოლიტიკური ჩართულობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. მოცემული მაჩვენებლებში საქართველო, საერთო ჯამში, 10-დან 5.31 ქულით შეფასდა. 2019 წელს საქართველოს 10-დან 5.42 ქულა ჰქონდა.

კვლევაში ქვეყნები 4 კატეგორიად იყოფა: ავტორიტარული რეჟიმები, ჰიბრიდული რეჟიმები, არასრული დემოკრატიები და სრული დემოკრატიები. 2020 წლის მონაცემებით, გასული წლების მსგავსად, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია.

აღსანიშნავია, რომ, The Economist-ის შეფასებით, გლობალურ დემოკრატიას ძალიან ცუდი წელი ჰქონდა. კვლევის მიხედვით, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ქვეყნების უმრავლესობაში, დემოკრატიული თავისუფლებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი უკუსვლა გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი მკაცრი შეზღუდვა დაწესდა, მათი დაკავშირება რეიტინგში ქვეყნის პოზიციის გაუარესებასთან, ერთი მხრივ, ლოგიკურია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველოს დემოკრატიის ინდექსმა თანდათანობით გაუარესება ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო.

გრაფიკი 1: საქართველოს დემოკრატიის ინდექსის ცვლილება 2012-2020 წლებში

წყარო: The Economist Intelligence Unit

თუ დემოკრატიის ინდექსის ცალკეულ კომპონენტებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს დემოკრატიის ინდექსის გაუარესება, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების კატეგორიებში შეფასებების კლებამ განაპირობა.

ცხრილი 1: საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის ინდექსის კომპონენტების მიხედვით 2018-2020 წლებში (შეფასება ხდება 10-ქულიან შკალაზე, სადაც 0 შეესაბამება ავტორიტარიზმს, ხოლო 10 - სრულ დემოკრატიას)

წყარო: The Economist Intelligence Unit

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით ჰიბრიდული რეჟიმებიდან საქართველოს სომხეთი (89-ე) უსწრებს. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-19 ადგილზეა.

რაც შეეხება თინა ბოკუჩავას მიერ ჩამოთვლილ ცალკეულ ინდიკატორებს, მათ სხვადასხვა კვლევების მიხედვით განვიხილავთ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია მსგავს თემაზე).

Democracy Index

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საარჩევნო პროცესის შეფასება დემოკრატიის ინდექსის კვლევის შემადგენელი ნაწილია. კერძოდ, არჩევნების სამართლიანობა და თავისუფლება ფასდება კომპონენტში - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში 2017 წლის შემდეგ გაუარესდა და მას შემდეგ არ გაუმჯობესებულა.

გრაფიკი 2: საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის მაჩვენებელი 2012-2020 წლებში „მსოფლიო დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით

წყარო: The Economist Intelligence Unit


Freedom House

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ ქვეყნებს თავისუფლების კუთხით, ყოველწლიურად აფასებს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს ორი კრიტერიუმით, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მიხედვით 100-ქულიანი სკალიდან აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო თავისუფლებებს კი 60 ქულა ეთმობა. პოლიტიკური უფლებები 3 ქვეკატეგორიისგან შედგება, ესენია: საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პლურალიზმი და ჩართულობა, მთავრობის მუშაობა. სამოქალაქო თავისუფლებები 4 ქვეკატეგორიას მოიცავს, ესენია: რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანებების უფლებები, კანონის უზენაესობა, პირადი ავტონომია და ინდივიდუალური უფლებები.

2020 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2020“, საქართველო 100-დან 61 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 24, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით - 37 ქულა მიიღო. საქართველოს საერთო შეფასება, შარშანდელთან შედარებით, ორი ერთეულით შემცირდა. 2019 წლის რეიტინგში საქართველოს 63, ხოლო 2018 წლის რეიტინგში 64 ქულა ჰქონდა.

გრაფიკი 3: Freedom House -ის ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-20 წლებში [1]

წყარო: Freedom House

როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველოს შეფასება 2017 წლის შემდეგ ყოველწლიურად უარესდება.

World Justice Project

„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიხედვით, კანონის უზენაესობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს სწორედ ხელმისაწვდომი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება წარმოადგენს.

ინდექსი ქვეყნებს რვა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების შესრულება, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

რეიტინგი ქვეყნებს 0-დან 1-მდე სკალაზე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2020 წელს 0.6 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით, ხოლო პოზიცია 1 ადგილით გაუარესდა.

ცხრილი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-20 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი

რაც შეეხება უშუალოდ მართლმსაჯულების სისტემის მაჩვენებლებს, მათ წლების მიხედვით ცალკე წარმოგიდგენთ.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების შეფასება 2015 წლის შემდეგ უარესდება.

გრაფიკი 4: მართლმსაჯულების შეფასება სამოქალაქო საქმეებზე 2014-2020 წლებში „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი

რაც შეეხება მართლმსაჯულებას სისხლის სამართლის საქმეებზე, 2016 წლის შემდეგ, 2017-18 წლებში, შეფასება მკვეთრად გაუარესდა, ხოლო მომდევნო 2 წლის მაჩვენებელი უმნიშვნელოდაა გაუმჯობესებული.

გრაფიკი 5: მართლმსაჯულების შეფასება სისხლის სამართლის საქმეებზე 2014-2020 წლებში „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი

World Press Freedom Index

„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ხარისხს და მათ მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას აფასებს. კვლევაში წარმოდგენილი ქვეყნები მედიის თავისუფლების ხარისხის მიხედვით, 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 1 საუკეთესო შეფასებაა. ეს გულისხმობს, რომ, რაც უფრო მეტი ქულაა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია და - პირიქით.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ რეიტინგში საქართველო 2013 წლიდან მონაწილეობს. 2020 წელს, მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველოს შეფასება შედარებით გაუმჯობესდა. კერძოდ, ქვეყანამ 28.59 ქულა მიიღო და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, მე-60 ადგილი დაიკავა. რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მედია პლურალისტურია, თუმცა თავისუფალი ჯერ კიდევ არაა. ამასთან, ქართული მედიასივრცე, კვლავაც პოლარიზებული რჩება.

გრაფიკი 6: „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2013-20 წლებში

წყარო: რეპორტიორები საზღვრების გარეშე

როგორც გრაფიკზე ჩანს, კვლევების მიხედვით, მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველოს შედარებით უკეთესი შეფასებები 2015-2018 წლებში ჰქონდა, მომდევნო 2 წლის შეფასება კი - შედარებით გაუარესდა.

ზემოთ განხილული კვლევები და რეიტინგები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში, ამავე პარტიის მმართველობის საწყის პერიოდთან შედარებით, არაერთი მიმართულებით, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს, ქვეყნის მაჩვენებლები უარესდება. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში, ეს მაჩვენებლები 2012 წლის მონაცემებსაც უახლოვდება.

[1]2014 წლამდე ორგანიზაცია ანგარიშებს განსხვავებული მეთოდოლოგიით ამზადებდა

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2851 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი