იტვირთება

ნიკა ობოლაძე: 2003 წელს თუ ეკონომიკა იყო 3 მილიარდი დოლარი. 2012 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი. დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. შემდეგ რვა წელიწადში (2012 წელთან შედარებით), ეკონომიკა დოლარებში შემცირდა 1 მილიარდით.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა ობოლაძის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.

რეზიუმე:

ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს.

განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ 2012-2019 წლებში, ეკონომიკის მოცულობა შემცირდა. თუმცა აღნიშნულ პერიოდში, რეალური მშპ დაახლოებით 32.4%-ით გაიზარდა. 2012-2019 წლებში, არცერთ წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი/მშპ არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ცნობილია, რომ 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის რეალური კლების პროგნოზი 6.1%-ს შეადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2020 წელს, პანდემიის ეფექტის გათვალისწინებით, ეკონომიკის რეალური მოცულობა 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 24.3%-ით გაიზარდა. რაც შეეხება აშშ დოლარში კონვერტირებულ მშპ-ს სტატისტიკას, 2012 წელს აღნიშნული მონაცემი 16.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 17.4 მლრდ აშშ დოლარს. 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა და ბუნდოვანია, ამ მაჩვენებელზე, კლების არსებული პროგნოზი რამდენად აისახება. ასევე უცნობია, თუ რომელი მონაცემზე დაყრდნობით აცხადებს პოლიტიკოსი, რომ დოლარში გამოსახული ეკონომიკა 1 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა. მიმდინარე, ოფიციალური პროგნოზით, დოლარში გამოსახულ ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელი 15.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, რადგან პროგნოზი არსებულ რეალობაზე ოპტიმისტური იყო. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ნიკა ობოლაძის მიერ დასახელებული მაჩვენებელი მართლაც 1 მლრდ აშშ დოლარით შემცირებულიყო.

უშუალოდ 2003-2012 წლებში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 70.8%-ით გაიზარდა, ანუ 1.7-ჯერ და არა 4-ჯერ. ოთხჯერ, ნიკა ობოლაძის განცხადების შესაბამისად, მხოლოდ ნომინალური მშპ (დოლარში) გაიზარდა, თუმცა ამ მაჩვენებლით ხელმძღვანელობა სხვადასხვა დროის ეკონომიკური მდგომარეობის შესადარებლად, არასწორია. განცხადებაში გამოყენებულია მონაცემები, რომლებიც რეალობასთან მეტნაკლებად ახლოსაა, თუმცა მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების/არასწორი მიზნით გამოყენების შედეგად ეკონომიკური განვითარების რეალური სურათი დამახინჯებულია. შესაბამისად, ნიკა ობოლაძის განცხადება რიცხვებით მანიპულირებას წარმოადგენს.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, ნიკა ობოლაძემ განაცხადა: „2003 წელს თუ ეკონომიკა იყო 3 მილიარდი დოლარი და 2012 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა, ცოტა უფრო მეტადაც, 2012 წელთან შედარებით, შემდეგ რვა წელიწადში, ეკონომიკა დოლარებში შემცირდა 1 მილიარდით“.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.

ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. ანალიზისთვის არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მივყავართ. მაგალითად - ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა, რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს. მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკოსის მიერ ანალიზისთვის სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება, რომელიც არსებულ ალტერნატივებს შორის ყველაზე მცდარ სურათს აჩვენებს.

ცხრილი 1. მთლიანი შიდა პროდუქტი 2012-2019 წლებში (რეალური მშპ მოცემულია 2015 წლის ფასებში)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012-2019 წლებში, რეალური (2015 წლის ფასებში) მშპ 32.4%-ით გაიზარდა, 30.4 მლრდ ლარიდან 40.2 მლრდ ლარამდე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ცნობილია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური კლების პროგნოზი 6.1%-ს შეადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2020 წელს, პანდემიის ეფექტის გათვალისწინებით, 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალური მოცულობის ზრდა 24.3%-ს შეადგენს. 2012-2019 წლებში, ნომინალური მშპ, გამოსახული დოლარში გაიზარდა 6%-ით - 16.4 მლრდ აშშ დოლარიდან 17.4 მლრდ აშშ დოლარამდე. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დასახელებული მაჩვენებლის გამოყენება ეკონომიკური ზრდის დინამიკის შეფასებისთვის, მართებული არ არის. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის იმატებს, ვისაც შემოსავალი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, იმპორტის ნაწილს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. აძვირებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მშპ-ს დინამიკის განხილვისას, დოლარში კონვერტაცია არასწორია, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია გამოსახული. თავის მხრივ, საკურსო ცვლილების გავლენას მსყიდველუნარიანობაზე, ინფლაციის მაჩვენებელი საკუთარ თავში მოიცავს და ლარში გამოსახული რეალური მშპ-ს გამოყენებისას ეს ეფექტი გათვალისწინებულია. შესაბამისად, არასწორია მიდგომა, რომ საქართველოში მშპ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შემცირდა (იხ. გრაფიკი 1). სინამდვილეში, ეკონომიკური კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2012-2019 წლებში, არცერთ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. შესაბამისად, კრიტიკა მშპ-ს ზრდის ტემპის ვარდნაზე უნდა იყოს მიმართული და არა - მშპ-ს შემცირებაზე.

გრაფიკი 1: რეალური მშპ-ს ცვლილების დინამიკა 2012-2019 წლებში (მლნ ლარი, რეალური % ზრდა)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დამატებით განმარტებას საჭიროებს ფაქტი, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც საქართველოს მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია. სხვადასხვა წელს ზრდა განსხვავებულია. შესწორებებს მშპ-ს მონაცემები 2010 წლის შემდგომ დაექვემდებარა, შესაბამისად, 2003-2012 წლების შედარებისთვის გამოყენებული ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემებია, რაც მშპ-ს დინამიკის გამოთვლის ვალიდურ წყაროს წარმოადგენს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ეას 1993 მეთოდოლოგიით, 2003-2012 წლებში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ რეალური ეკონომიკა ეროვნულ ვალუტაში 70.8%-ით გაიზარდა, ანუ 1.7-ჯერ. 4-ჯერ, ანუ 300%-ით ზრდა, მხოლოდ დოლარში დათვლილი ნომინალური მშპ-ს შემთხვევაში ფიქსირდება, რა მაჩვენებლითაც სხვადასხვა დროში არსებული ეკონომიკური ვითარების შეფასება არასწორია, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მშპ-ს მაჩვენებელზე სავალუტო რყევებისა და ინფლაციის გავლენისაგან თავისუფალი არ არის. შესაბამისად, ეს სიდიდე დროში ეკონომიკის ცვლილების შესაფასებლად განმცხადებელმა მანიპულაციურად გამოიყენა.

ცხრილი 2: მშპ სულზე 2003-2012 წლებში (რეალური მშპ მოცემულია 2010 წლის ფასებში)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დოლარში კონვერტირებული მშპ-ს ანალიზისთვის გამოყენების სპეკულაციურობის ხაზგასასმელად შესაძლებელია ცალკეული მაგალითების განხილვა. ასეთ მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ ნორვეგიის შემთხვევა, სადაც ნორვეგიული კრონის დოლართან გაუფასურების შედეგად, 2015 წელს, დოლარში გამოსახული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 115 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა და 385 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2014 წელს ის 500 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. სინამდვილეში ნორვეგიის ეკონომიკის რეალური მოცულობა არ შემცირებულა და არასწორი მონაცემის აღებას შეცდომაში შევყავართ. მსგავსი კლება სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც აღინიშნა, რადგან 2014 წლის მეორე ნახევარში დოლარი მსოფლიო მასშტაბით გამყარდა.

გრაფიკი 2: მშპ-ს აგრეგატების მერყეობა რეალურ (2015 წლის ფასებში) მშპ-თან შედარებით (მლნ ლარი, მლნ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს მაგალითზე, განსხვავებული მონაცემების მერყეობის დინამიკა გამოსახულია გრაფიკ 2-ზე. წლების განმავლობაში, მონაცემებს შორის აცდენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ფასების დონისა და ვალუტის კურსის მერყეობის გამო. შესაბამისად, სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე, დინამიკის შეფასებისას, ერთ-ერთი მათგანის არჩევა მანიპულირების საშუალებას იძლევა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მათ შორის მშპ-ს დინამიკას ყველაზე ზუსტად რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ასახავს, რომელიც წითელ უწყვეტ მრუდზეა გამოსახული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2851 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი