იტვირთება

ევროპის რიგმა ქვეყნებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, მას შემდეგ რაც ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიის შემთხვევა დააფიქსირეს. სახელმწიფოებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომის ფარგლებში მიიღეს. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია ვაქცინაციის შედეგად განვითარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 12 მარტის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეწყვეტის მიზეზი არ არსებობს, რადგან თრომბოემბოლიასა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის კავშირი არ დასტურდება. ჯანმოს სპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ ვაქცინაციასა და თრომბის განვითარების რისკს შორის კავშირი არ არსებობს. მისი თქმით, AstraZeneca შესანიშნავი ვაქცინაა და მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს.

ევროპის წამლის სააგნეტოს (EMA) 11 მარტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასტრაზენეკას ვაქცინის სარგებელი კვლავ აჭარბებს შესაძლო რისკებს. ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლიური შემთხვევები ვაქცინამ გამოიწვია. ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიური მოვლენების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად პოპულაციაში არსებულ რაოდენობას. 2021 წლის 10 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ 5 მილიონამდე ადამიანში თრომბოემბოლიის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, თრომბოემბოლიური გართულებები ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში არ შედის.

EMA-ს ფარმაკოლოგიური რისკის შეფასების კომიტეტი (PRAC) ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიის შემთხვევებს იკვლევს. აღნიშნული მოკვლევა უსაფრთხოების ზომის ფარგლებში ტარდება, რათა ვაქცინასა და თრმობოემბოლიის განვითარებას შორის შესაძლო კავშირი გამოირიცხოს.

რიგი ქვეყნების მიერ AstraZeneca-ს ვაქცინის დროებით შეჩერებას საქართველოში შემდეგნაირად პასუხობენ. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს, რომ ამ ვაქცინებს ყველას გააჩნია სერიული ნომერი. საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კი განმარტა: „სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში, არაფრით არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების სიხშირისაგან, ამაზე უკვე დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროპის წამლის სააგენტომ, ასევე, WHO-მ. არ შეუწყვეტია ვაქცინაცია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც AstraZeneca-ს იყენებს“.

ავსტრიის წამლის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინის [კონკრეტული პარტიის] გამოყენება შეაჩერა, მას შემდეგ რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა, ერთ-ერთი მათგანი კი გარდაიცვალა. ევროპის წამლის სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით, ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ.

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დანიამაც შეაჩერა, მას შემდეგ რაც ვაქცინირებულ ადამიანებში, თრომბოემბოლიის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან ერთი გარდაცვალებით დასრულდა. გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის დადგენილი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს/შეზღუდეს ევროპის სხვა ქვეყნებმაც (ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ლატვია, ნორვეგია, ისლანდია, ბულგარეთი).

ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილება AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს. ისინი ვაქცინაციის პროცესს განაახლებენ, მას შემდეგ, რაც ევროპის წამლის სააგენტო დაასრულებს მოკვლევას და AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხეობასთან დაკავშირებით ყოველგვარ ეჭვს გაფანტავს.

იტალიის წამლის სააგენტომ ასევე შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინის კონკრეტული პარტიით ვაქცინაცია. იტალიაში ორი ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დასტურდება. იტალიის წამლის სააგენტომ განმარტა, რომ ვაქცინასა და შემდგომ სერიზულ გვერდით ეფექტს შორის კავშირი არ არის. ვაქცინის კონკრეტული პარტიის შეჩერება კი პრევენციული ზომაა.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა,ავსტრალიამ და მექსიკამ, განაცხადეს, რომ ისინი AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას განაგრძობენ.

ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში, არასასურველი გვერდითი მოვლენის შესახებ ცნობის შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა შეჩერდეს, სანამ ყველა შესაძლო კავშირი ვაქცინასთან არ გამოირიცხება.

ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ავადობა ან/და გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვაქცინაციის შედეგად განვითარდა. ამის მაგალითია ნორვეგიის შემთხვევაც, ნორვეგიაში მოხუცთა საცხოვრებელში მყოფი ხანდაზმული პირების COVID-19-ის Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან მცირე ხნის შემდეგ, დაახლოებით, 30 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ყველა 80 წელს გადაცილებული იყო. ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ ივარაუდა, რომ ვაქცინისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს, შესაძლოა, განსაკუთრებით სუსტ მოხუცებში მწვავე რეაქციის გამოწვევაში გარკვეული როლი ეთამაშა. თუმცა, ხანდაზმულთა გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი ვერ დადგინდა.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის AstraZeneca-ს, კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. AstraZeneca-მ და სხვა კოვიდვაქცინებმა დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიანი და დეტალური შემოწმების რამდენიმე ეტაპი გაირეს, რომლის საფუძველზეც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს გვერდითი რეაქციები ახასიათებს. მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, განვითარდეს მსუბუქი სიმპტომები, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. COVID-19-ის ვაქცინების გვერდით ეფექტს თრომბოებოლიური გართულებები არ წარმოადგენს.

კოვიდვაქცინების უსაფრთხოებაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2914 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი