იტვირთება

ენმ: სტუდენტები სწავლის გადასახადს ვერ იხდიან, გორის უნივერსიტეტის რექტორი კი ახალ მანქანას ყიდულობს და პრემიებს გასცემს

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ახალი მანქანა 2021 წლის 25 თებერვალს შეიძინა და მასში 49 500 ლარი გადაიხადა.

უნივერსიტეტის ბალანსზე კიდევ 3 მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება, რომელთა საწვავში ადმინისტრაციამ 2020 წელს 15 080 ლარი გადაიხადა.

გორის უნივერსიტეტში,2020-2021 სასწავლო წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სტატუსი 75 სტუდენტს შეუჩერდა, 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე კი - 20 სტუდენტს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულება ყველა მათგანმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

2020 წელს გორის უნივერსიტეტში თანამშრომლებზე პრემიის სახით 48 439 ლარი გაიცა.

ანალიზი:

პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გორის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე აპელირებდა. „ასეულობით სტუდენტი სწავლის გადასახადს ვერ იხდის, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი კი ბიუჯეტიდან მანქანას ყიდულობს. ასევე პანდემიის პერიოდში, 2020 წელს გაცემულია პრემია, რომლის ოდენობა უნივერსიტეტში 48 439 ლარს შეადგენს,“-აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ახალი ავტომანქანის შესაძენად ტენდერი მიმდინარე წლის 4 თებერვალს გამოაცხადა და, თავდაპირველად, შესყიდვის სავარაუდო თანხად 81 650 ლარი განსაზღვრა. საბოლოოდ, გამარჯვებულმა კომპანიამ უნივერსიტეტს, 2019 წელს გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება (მე-3 კლასის თეთრი ფერის ჯიპი) 49 500 ლარად გადასცა.

უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, რომ ახალი ავტომანქანის შეძენის გადაწყვეტილება თანხების დაზოგვის მიზნით მიიღო, რადგან, მისივე განცხადებით, უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული 3 -ვე ავტომანქანა მოძველებული და მწყობრიდან გამოსულია.

გორის უნივერსიტეტის ბალანსზე ახალი ავტომობილის გარდა, 2012 წელს 8 250 ლარად შეძენილი ავტომანქანა „ოპელ ვექტრა ბ“ და 2008 და 2010 წელს ნაყიდი 2 „ჰიუნდაი-ტუქსონი“ ირიცხება, რომლებიც უნივერსიტეტმა 23 170 ლარად და 31 000 ლარად შეიძინა. სამივე ავტომანქანის საწვავის ხარჯმა 2020 წელს 15 080 ლარი შეადგინა. ხოლო ერთი ავტომანქანის (ჰიუნდაი-ტუქსონი) მოვლა-შენახვა (საწვავის გარდა), რომელიც თეთრი ფერის ჯიპით ჩაანაცვლეს, 2018 წლიდან დღემდე, 13 000 ლარი დაჯდა.

„დაწესებულებას სჭირდება მანქანა და 10 წელია ძველი მანქანით ვმოძრაობდი, მწყობრიდან იყო გამოსული და რამდენჯერმე ხანძრის კერის გაჩენის საფრთხეც წარმოიშვა, რის გამოც გავაჩერეთ. ვიყიდეთ ყველაზე დაბალფასიანი, მე-3 კლასის მანქანა, რადგან წინა რექტორის მიერ თავის დროზე შეძენილი მანქანის მოვლა-შენახვა წელიწადში გვიჯდებოდა ძალიან ძვირი", - აღნიშნა „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა.

გორის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ პერიოდში (2021 წლის 1 იანვრიდან მარტამდე) სტუდენტის სტატუსი 20 პირს შეუჩერდა, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, 75-ს. ოფიციალური წერილის მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერება, არცერთ შემთხვევაში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო არ მომხდარა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სწავლის შეწყვეტა ყველა სტუდენტმა პირადი განცხადებით მოითხოვა.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი, შეიძლება იყოს: პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალური წერილის მიხედვით, დასახელებული 95 სტუდენტიდან არცერთს სასწავლებელი სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით არ დაუტოვებია. თუმცა შესაძლოა, სტუდენტს სტატუსი არ ჰქონდეს შეჩერებული, მაგრამ სწავლის გადასახადის დაფარვა უჭირდეს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ამ ნაწილს ვერ შეაფასებს.

რაც შეეხება 2020 წელს გაცემულ პრემიას, უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებს, რომ პანდემიის პერიოდში თანამშრომლები წაახალისა, თუმცა ეს ადმინისტრაციას არ შეხებია და გაცემული თანხაც, ოპოზიციის მიერ დასახელებულ რიცხვთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.

„უნივერსიტეტს გააჩნია წახალისების სისტემა. ეს ეხება არა ადმინისტრაციას, არამედ თანამშრომლებს. პანდემიის პერიოდში ეს ხალხი მუშაობდა, მოდიოდა უნივერსიტეტში, არ დაუტოვებიათ, ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ რაც ოპოზიციამ დაასახელა იმ ოდენობის კოლოსალური თანხა არ გაცემულა“,-აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2019-2020 წლებში, გორის უნივერსიტეტმა პრემიის სახით, 80 126 ლარი გასცა. აქედან, 2020 წლის განმავლობაში - 48 439 ლარი. შესაბამისად, პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტმა უფრო მეტი პრემია გასცა, ვიდრე წინა წელს.

ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ახალი მანქანის შეძენისა და პრემიის ნაწილში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია. ოფიციალური ინფორმაციით, გორის უნივერსიტეტში სტატუსი, საანგარიშო პერიოდში, 95 სტუდენტს აქვს შეჩერებული, თუმცა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო - არცერთს. რაც შეეხება გორის უნივერსიტეტის ხარჯების ეფექტურობას, აღნიშნულის შეფასება შესაბამისი კომპეტენციის ორგანოების პრეროგატივაა და ერთი სტატიის კვლევის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3044 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი