იტვირთება

საქართველოს მთავრობა: 2012 წლიდან დღემდე მასწავლებლის საშუალო ხელფასი 236%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: რადგან განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა საშუალო ხელფასის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ მოგვაწოდა, შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით, საანგარიშო პერიოდში, მასწავლებელთა საშუალო ხელფასები ჩვენვე გამოვთვალეთ.

2012 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში 60 509 მასწავლებელი იყო დასაქმებული. იმავე წელს პედაგოგების სახელფასო ფონდმა 255 მლნ ლარი შეადგინა. ამ მონაცემების მიხედვით გამოთვლით, 2012 წელს მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 351 ლარი გამოდის.

2020 წლის ბოლოსთვის საჯარო სკოლებში 51 921 მასწავლებელი მუშაობს, მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 628 მლნ ლარია გამოყოფილი. იგივე პრინციპით, 2021 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1008 ლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე, 2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 187%-ით არის გაზრდილი და არა 236%-ით, როგორც სამთავრობო პოსტშია მითითებული, რაც განცხადებაში დასახელებულ რიცხვზე 49 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

გარდა ამისა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით დგინდება და მასწავლებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის ერთნაირი თანხით არ განისაზღვრება. შესაბამისად, ყველა მასწავლებლისთვის საერთო მხოლოდ საბაზისო ხელფასია, რომელიც 2016 წლის შემდეგ არ გაზრდილა და ისევ 405 ლარია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საბაზისო ხელფასი კი არ იზრდება, იზრდება სტატუსთან მიბმული დანამატი. მასწავლებელთა კატეგორია, რომელთაც ხელფასების ზრდა არ ეხებათ, პრაქტიკოსი მასწავლებლები არიან, რომელთა რაოდენობა 2020 წლის ბოლოსთვის 8 217 იყო. ე.ი. მასწავლებელთა 15.8%-ს, რადგან შესაბამისი სტატუსი არ გააჩნიათ, სტატუსთან მიბმული დანამატიც არ აქვთ და შესაბამისად, არც ხელფასები ეზრდებათ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სამთავრობო განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მასწავლებელთა ხელფასების შესახებ პოსტი გავრცელდა, რომლის მიხედვით: „ მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021 წლის ბიუჯეტით, 2021 წლის იანვრიდან მათი ხელფასების ზრდა 100 ლარით არის გათვალისწინებული. 2012 წლიდან დღემდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 236%-ით გაიზარდა“.

„ფაქტ-მეტრმა“ განათლების სამინისტროსგან მასწავლებელთა საშუალო ხელფასის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ორჯერ გამოითხოვა, მაგრამ პასუხი ვერც ერთხელ ვერ მიიღო, ამიტომ საშუალო ხელფასი, შესაბამის მონაცემზე დაყრდნობით, თავადვე გამოთვალა.

საქართველოში 2020-2021 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში 51 921 მასწავლებელია დასაქმებული. მასწავლებლები ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილნი: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი. მათგან 8 217 პრაქტიკოსი მასწავლებელია, უფროსი მასწავლებელი - 31 783, წამყვანი - 7 575, მენტორი - 264.

2020-2021 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა სახელფასო ფონდმა 628 მლნ ლარი (დანართი 1) შეადგინა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლებით, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 1008 ლარია. 2012 წელს საჯარო სკოლებში 60 509 მასწავლებელი იყო დასაქმებული, მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში 255 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. იგივე პრინციპით, 2012 წელს მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 351 ლარი გამოდის. აქედან გამომდინარე, 2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 657 ლარით - 187%-ით არის გაზრდილი და არა 236%-ით, როგორც სამთავრობო პოსტშია მითითებული, რაც განცხადებაში დასახელებულ რიცხვზე 49 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

პედაგოგთა ხელფასების ზრდის პირველი ეტაპი 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდა, მეორე ეტაპი - 2016 წლის აპრილიდან, ხოლო მესამე ეტაპი - 2017 წლის 1 იანვრიდან. 2012 წელს მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 245 ლარი იყო (დანართი 2), 2013 წელს -305 ლარს, 2015 წელს პედაგოგების საბაზისო ხელფასი 17%-ით გაიზარდა და 357 ლარი გახდა, 2016 წლის აპრილიდან კი მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 405 ლარამდე გაიზარდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობითაც, მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 405 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 2012 წლიდან საბაზისო ხელფასი 65%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანებით, საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები დადგინდა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, პედაგოგთა ხელფასი მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისი იქნება.

მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის სქემა და მასწავლებლის სტატუსი საქართველოს მთავრობის დადგენილებით: „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ არის განსაზღვრული.

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გამომთვლელი სქემა შემდეგ ძირითად კომპონენტებს მოიცავს: მასწავლებელთა სტატუსი, დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით, სამუშაო სტაჟი, მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სპეციფიკა.

თითოეულ ამ კომპონენტს შესაბამისი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო საბაზისო ხელფასზე ამ კოეფიციენტებით გამოთვლილი თანხის დამატებით დგება.

2017 წლის 1 იანვრიდან მთავრობამ გაზარდა არა ყველა პედაგოგის ხელფასი, არამედ მხოლოდ უფროსი და წამყვანი პედაგოგის და მენტორის, რომელთაც სრული დატვირთვა აქვთ. უფრო სწორად, გაიზარდა არა ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი.

კონკრეტულად, უფროსი პედაგოგის დანამატი 140 ლარით გაიზარდა და 320 ლარი გახდა, წამყვანი პედაგოგის დანამატი 230 ლარით გაიზარდა და 500 ლარი შეადგინა, ხოლო მენტორი მასწავლებლის დანამატი ნაცვლად 400 ლარისა, 700 ლარით განისაზღვრა.

2018 წლის 1 თებერვლიდან სტატუსზე მიბმული დანამატი მხოლოდ წამყვან და მენტორ პედაგოგებს გაეზარდათ, რომელთაც სრული დატვირთვა აქვთ. წამყვანი პედაგოგის შემთხვევაში დანამატი 500 ლარის ნაცვლად 700 ლარი გახდა, მენტორი პედაგოგის დანამატმა კი 700 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი შეადგინა.

2019 წლის სექტემბრიდან უფროსი, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება (დანამატი) 150 ლარით გაეზარდათ. 2020 წელსაც აღნიშნული კატეგორიის მასწავლებლებისთვის სტატუსთან მიბმული დანამატი ისევ 150 ლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 797 605 000 ლარია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვის 894 000 000 ლარია გათვალისწინებული. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან სტატუსთან მიბმული დანამატი 100 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, უფროსი მასწავლებლისთვის დანამატის სრული ოდენობა 570 ლარით განისაზღვრა, წამყვანი მასწავლებლისთვის - 950 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის - 1250 ლარით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2914 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი