ზაურ დარგალი: რვა სოფელი სასმელი წყლით მომარაგდება

ვერდიქტი: ნაწილობრივ შესრულდა

რეზიუმე: 2019 წელს, მარნეულის თვითმმართველობის არჩევნების წინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის ერთ-ერთი დაპირება სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა იყო. კერძოდ, ის სოფლების: ალგეთის, თაზაქენდის, აზიზქენდის, გაჯისაქენდის, ქუთლიარის, ამბაროვკას, ალგეთი ღვინის ქარხნის მეურნეობისა და ქეშალოს მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგებას დაჰპირდა.

მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტში, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი თანხა გაითვალისწინა და გაზაფხულზე 2 677 520-ლარიანი ხელშეკრულებაც გააფორმა.

პროექტი განხორციელდა, თუმცა ვადის გადაცილებით და ამასთანავე, სასმელი წყალი ამ სოფლებში მცხოვრებ ყველა მოსახლეს მაინც არ მიეწოდება. ამის გარდა, მოსახლეობა წყლის ხარისხითაც უკმაყოფილოა და მას სასმელად ვერ იყენებს.

ანალიზი: 2019 წელს, მერობის კანდიდატის რანგში, ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, კერძოდ რვა სოფლის მცხოვრებლებს, სასმელი წყლით მომარაგებას დაჰპირდა. ამას მისი საარჩევნო ბროშურაც ადასტურებს.

დაპირების განხორციელებისთვის საჭირო თანხა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული. მარნეულის თვითმმართველობამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი (NAT200000236) 2020 წლის 8 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 150 685 ლარი იყო. ტენდერში შპს „გზამ“ გაიმარჯვა. 15 მარტს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ, საბოლოოდ, 2 677 520 ლარი შეადგინა. მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტი 2020 წლის მეორე კვარტალში დაიწყო. მარნეულის თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის რვა სოფლის (ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, გაჯისაქენდი, ქუთლიარი, ამბაროვკა, ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობა და ქეშალო), ჯამში, 19 107 აბონენტის, ხარისხიანი სასმელი წყლით შეუფერხებლად მომარაგება იგეგმებოდა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, როგორ განხორციელდა პროექტი, ასევე, როგორია სასმელი წყლის გრაფიკი, რომლითაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება. ამ მიზნით, ჩვენ სიტუაციას ადგილზე გავეცანით და მოსახლეობას ვესაუბრეთ.

ნოვრუზ მეხტიევი (სოფ. თაზაქენდი): „მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება აღდგა 2020 წლის ნოემბერში, მაგრამ ამით ვერ მოგვარდა არსებული პრობლემა. იმის გამო, რომ სოფელს წყალი 2009 წელს გაყვანილი მილებით მიეწოდება. ეს მილები გაცვეთილია, ამიტომ წყალს სისტემაში დაბალი წნევით უშვებენ, რათა მილები არ დაზიანდეს. ამიტომ, წყალი, ძირითადად, გზის პირას მცხოვრებთათვის არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი დაბინძურებულია, ამის გამო მოსახლეობის უმეტესობა მას სასმელად არ იყენებს. წყალმომარაგება ხორციელდება გრაფიკით, კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში, დილიდან 18:00 საათამდე“.

ფიდან რიზაევა (სოფ. აზიზქენდი): „უკვე რამდენიმე თვეა, სასმელი წყალი, ჩვეულებრივად, კვირაში 3-4-ჯერ, დილიდან საღამოს 18:00–19:00 საათამდე მოდის. ამასთან, ამ წყალს სასმელად არ ვიყენებთ, რადგან ჩვენს სოფელში ბუნებრივი წყაროა და ამ წყაროს წყალს უფრო ვენდობით“.

მეხმან ომაროვი (სოფ. ამბაროვკა): „ტყუილი იქნება თუ ვიტყვით, რომ წყლის პრობლემა მოგვარდა, რადგან კვირაში 3-4-ჯერ მოდის. როდესაც მოგვეწოდება, მაშინ ხან 24 საათის განმავლობაში მოდის, ხან რამდენიმე საათის განმავლობაში. დღეს სასმელი წყალი საღამოს 18:00 საათზე მოვიდა, მე კი ეს წყალი დილის და შუადღის საათებში მჭირდებოდა“.

ალახვერდი ალიევი (ქეშალო): „სასმელი წყლის პრობლემა 1-2 თვეა, რაც მოგვარებულია. წყალი ორ დღეში ერთხელ მოდის, 24 საათის განმავლობაში. წყალი სუფთაა და არანაირი პრობლემა არ არსებობს“.

ამილ მამედოვი (ქურთლიარ): „ჩვენს სოფელში სასმელი წყლის პრობლემის თითქმის 70-90% გადაჭრილია. მაგისტრალიდან შორს მდებარე სახლებში წყლის პრობლემა არსებობს. მაგალითად, საკუთარ თავს ვგულისხმობ. ჩვენს ოჯახში სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს. როდესაც წყლის მილებს ამონტაჟებდნენ, წყალი მოგვეწოდებოდა, გარკვეული დროის შემდეგ კი შეწყდა. დღეისათვის სასმელი წყალი არ გვაქვს“.

ფუად ალიევი (სოფ. ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობა): „3-4 თვეა, რაც მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემა, მაგრამ წყალი გრაფიკით, ორ დღეში ერთხელ მოდის“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრმა“ ინფორმაცია მარნეულის თვითმმართველობისგან 2021 წლის 24 თებერვალს ოფიციალურად გამოითხოვა. მან ჩვენი განცხადება განსახილველად შპს „მარნეულის სოფწყალს“ გადაუგზავნა, თუმცა საბოლოოდ, პასუხი ვერ მივიღეთ.

ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2020 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვადა გახანგრძლივდა და მიღება-ჩაბარების აქტი წლის ბოლოს გაფორმდა. ამასთანავე, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სასმელი წყლის ხარისხით, გრაფიკით უკმაყოფილოა, ხოლო მთავარი მაგისტრალიდან დაშორებული მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის საკითხი მაინც ვერ მოგვარდა. პროექტის ღირებულება - მიმწოდებელი კომპანიისთვის მთლიანად გადახდილია. ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაურ დარგალის წინასაარჩევნო დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი