იტვირთება

იაგო ხვიჩია: მანამდე ერთი კვირა იყო გავრილოვი აქ და ფეხებზე ეკიდა სუყველას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იაგო ხვიჩიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე

2019 წლის 19 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში თბილისს ეწვია, რასაც მის ჩამოსვლამდე ოპოზიციური პარტიები აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი შემოშვება დაუშვებელი იყო. 19 ივნისს გავრილოვის ვიზიტს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან, აქციების სახით პროტესტი მოჰყვა.

ანალიზი

იაგო ხვიჩია 2021 წლის 31 მარტს ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის კომენტირებისას ამბობს:

„განსხვავება ის იყო (პოზნერის და გავრილოვის ვიზიტს შორის), რომ გავრილოვი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, თორემ მანამდე - ერთი კვირა იყო გავრილოვი აქ და ფეხებზე ეკიდა სუყველას“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაუროს.

2019 წლის 17 ივნისს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მოითხოვდნენ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ღონისძიებაზე დასასწრებად არ შემოეშვათ.

2019 წლის 19-23 ივნისს საქართველოში ასამბლეა გაიმართა, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად რუსეთის რამდენიმე დეპუტატიც ესწრებოდა, მათ შორის იყო რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელმაც 19 ივნისს ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

19 ივნისსვე სამოქალაქო საზოგადოებამ აქცია პერფორმანსი გამართა ავლაბრის რეზიდენციასთან (სადაც იმართებოდა მართლმადიდებლობის ასამბლეის გახსნითი ღონისძიება), ხოლო პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ამ ყველაფერს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.

20 ივნისს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, რასაც მაშინვე მოჰყვა ერთი მხრივ - პარლამენტის შენობაში მყოფი დეპუტატების პროტესტი, ხოლო მეორე მხრივ - პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ მანამდეც, სანამ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა.

იაგო ხვიჩიას განცხადება ინტერპრეტირებადია. პოლიტიკოსი შესაძლოა სწორედ იმას გულისხმობდა, რომ გავრილოვის ვიზიტს მხოლოდ აქტივისტთა მცირე ჯგუფი და პოლიტიკური ოპოზიცია აპროტესტებდა და, შესაბამისად, იაგო ხვიჩია შესაძლოა სიტუაციის ჰიპერბოლიზებას ახდენდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული განცხადება, "ფაქტ-მეტრი" დასკვნით, არის ნახევრად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში განცხადების ვერდიქტად მონიშნული იყო ტყუილი. მკითხველთან კომუნიკაციის შედეგად, ვედრდიქტი დაზუსტდა და შეიცვალა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე. შესაბამისი ცვლილება შევიდა დასაბუთებაშიც და სტატიის დასკვნით ნაწილში იმგვარადაა მითითებული, რომ ის მკითხველისათვის მარტივად იყოს შესამჩნევი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3180 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი