იტვირთება

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის პროცესი დაწყებიდან სამ დღეში შეჩერდა, რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში 13 დღის მონაცემებით AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 26 მედიკოსია აცრილი. არასაკმარისი მსურველის გამო, ვაქცინაციის პროცესი ვეღარ გრძელდება. მედიკოსების ნაწილი აცრას არ ჩქარობს, რადგან კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, ნაწილი კი მისი გაკეთების უარის თქმის მიზეზად, ვაქცინის გვერდით მოვლენებს ასახელებს.

მარტის დასაწყისში, ევროპული ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს გამოყენება, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შემთხვევების დაფიქსირების გამო, დროებით შეაჩერა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიური შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში. 2021 წლის 10 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ 5 მილიონამდე ადამიანს შორის, თრომბოემბოლიის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. EMA-ს უსაფრთხოების კომიტეტმა, AstraZeneca-თი ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შემთხვევები შეისწავლა და დაადგინა, რომ ვაქცინა თრომბის წარმოქმნის რისკის ზრდასთან დაკავშირებული არ არის. ევროპის მარეგულირებელმა ვაქცინა „უსაფრთხოდ და ეფექტურად“ შეაფასა. EMA-ს შეფასებით, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს (COVID-19 თავისთავად იწვევს შედედების პრობლემებს და შესაძლოა, ლეტალური იყოს) AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი, კვლავ აჭარბებს შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს 1400 დოზა სამცხე-ჯავახეთში პირველად 14 მარტს შემოიტანეს, სამედიცინო პერსონალის აცრა კი 15 მარტიდან დაიწყო. როგორც მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა, ნინო ზედგინიძემ განაცხადა, ვაქცინის გადანაწილება რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში იყო განსაზღვრული.

ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს ახალციხეში, „კლინიკა „იმედში“ დაიწყო. პირველი დოზა კლინიკის რეანიმაცია-ანესთეზიის განყოფილების უფროსმა, გიორგი აფციაურმა გაიკეთა.

,,არაფერი უჩვეულო არ ყოფილა, ყველა მოვუწოდებ რომ აიცრას. აცრა აუცილებელია პირველ რიგში ჩვენი თავის დასაცავად და მერე საზოგადოების. თავიდან არის ფიქრის მომენტები, თუმცა აცრა აუცილებელია," - განაცხადა ჟურნალისტებთან აფციაურმა.

რეგიონში პირველი დოზების გახსნისა და აცრის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, ქალაქის მერი და სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამირანაშვილმა ამ დღეს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ამ ეტაპზე ერთადერთი იარაღია ვირუსთან ბრძოლის. შენახვის პირობებსაც გავეცანით. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ის კრიტერიუმები, რაც სჭირდება ასტრაზენეკას ვაქცინას, დაცული იყოს,“ - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა ჟურნალისტებთან.

მეორე დღეს, 17 მარტს ვაქცინაცია ბორჯომის სამედიცინო ცენტრშიც (აიცრა 6 მედიკოსი) დაიწყო. AstraZeneca-ს მორიგი ამპულა ახალციხეში 18 მარტს გაიხსნა. ამ დღეს აიცრა 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძეც, რომელსაც ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში მწვავე ალერგიული რეაქცია, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად ის მეორე დღეს, თბილისში მდებარე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს შსს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებს. პარალელურად, საკითხს სამედიცინო რეგულირების სააგენტო იკვლევს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გართულებით (ვაქცინის შემდეგ გამოწვეული ანაფილაქსიური შოკი) მსოფლიოში არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ექთნის გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის ჩატარება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გადაწყდა, იქ სადაც რეანიმაციული განყოფილებები აქვთ. შედეგად სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, მხოლოდ ახალციხესა და ახალქალაქში დაუშვეს. მიუხედავად ამისა, 18-დან 31 მარტის ჩათვლით, რეგიონში არცერთი მედიკოსი აღარ აცრილა. სამედიცინო დაწესებულებებში განმარტეს, რომ ვაქცინის გასახსნელად 10 მსურველია საჭირო, თუმცა საჭირო რაოდენობა ვერც ახალქალაქში და ვერც ახალციხეში შეგროვდა. ჯამში, სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციიდან დღემდე 26 მედიკოსია აცრილი (6 ბორჯომში, 20 ახალციხეში).

რატომ არ იკეთებენ ვაქცინას ექიმები

ახალციხეში მდებარე ორ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ექიმების და ექთნების უმრავლესობამ კორონავირუსი პირველი ტალღის დროს დაამარცხა. covid-19 კლინიკა „იმედსა“ და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თითქმის ყველა მედიკოსს შეხვდა, ვირუსს აღნიშნულ პერიოდში ხუთი ექიმი ემსხვერპლა. ჯამში, რამდენმა ექიმმა გადაიტანა კოვიდი, უცნობია, რადგან კლინიკები ამ ინფორმაციაზე მედიასთან არ საუბრობენ.

ექიმები აცხადებენ, რომ ვაქცინას მას შემდეგ გაიკეთებენ, როცა დარწმუნდებიან, რომ ორგანიზმში ანტისხეულები აღარ აქვთ.

„გადატანილი მაქვს კორონავიურისი ახლა არ შეიძლება აცრა, როცა დავრწმუნდები, რომ ანტისხეულები ორგანიზმში აღარ მაქვს, შემდეგ გავიკეთებ ვაქცინას, ახლა თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ“, - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

ნაწილმა კი აცრა, ახალციხეში 28 წლის ექთნის გარდაცვალების გამო, დროებით გადაიფიქრა: „სიმართლე გითხრათ ცოტა ვშიშობ“.

რას ფიქრობს მოსახლეობა

კორონავირუსის ვაქცინის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს რომ კორონავირუსის ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს, ნაწილს კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. რეგიონში ჯერ კიდევ რჩება მოსახლეობის მცირე რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ კორონავირუსი არ არსებობს.

მოსახლეობის ნაწილს ვაქცინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამდეც ჰქონდა. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2021 წლის თებერვლის კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველთა რაოდენობა შემცირებულია. გამოკითხულთა 53% აცხადებს რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება, 35% კი ამის წინააღმდეგი არაა.

NDI-ს მიხედვით 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ აცრის მსურველთა რაოდენობა 6 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. წინა კვლევაში გამოკითხული მოსახლეობის 41%-მა უპასუხა, რომ ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, აიცრებოდა.

დაგვიანდა, თუ - არა საინფორმაცია კამპანია

საქართველომ 13 მარტის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სახეობის ვაქცინა მიიღო, AstraZeneca და „ფაიზერი“, კვირის ბოლომდე ელოდებიან ჩინური წარმოშობის ვაქცინასაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი უნდა აცრილიყო, მაგრამ აცრის მსრუველთა მცირე რაოდენობის გამო, ვაქცინაციის პროცესში 55 წელს გადაცილებული პირები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი მოქალაქეები ჩართეს.

მოსახლეობაში ნეგატიური განწყობის და უნდობლობის გასაქარწყლებლად, საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობაზე ისაუბრა 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ.

„საინფორმაციო კამპანია ნელა იკრებს ძალას. ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინა რეალურად შემოვიდა. ამის განმარტება გახლდათ ის, რომ ვაქცინაციისთვის პირველი ჯგუფი იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ და ასევე, მათ უკვე იცოდნენ, თუ რა ვაქცინას შესთავაზებდა მათ პროგრამა. როდესაც ვსაუბრობთ უკვე ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური. საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. გეთანხმებით, რომ საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ მოსახლეობის ნახევარი ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია“, –განმარტა მან.

ვაქცინის მიმართ მოსახლეობის უნდობლობას, ხელს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაციაც უწყობს, სწორედ ამიტომ საჭიროა პროფესიონალების მხრიდან აქტიური და სწორი საინფორმაციო კამპანია. საქართველოში შემოტანილი ვაქცინის დადებით მხარეებზე და მისი გაკეთების აუცილებლობაზე სასაუბროდ „ფაქტ-მეტრი“ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორს დაუკავშირდა, ფატი ხაბულიანმა და ნინო ზედგინიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ჩვენ მიერ გაგზავნილი კითხვები კი უპასუხოდ დატოვა სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ, აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ კი განმარტა, რომ აღნიშნულ თემაზე დარგის სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არც ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობენ. გარდა რეგიონში არსებული პრობლემისა, სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმართავობა პრობლემაა მთელს ქვეყანაშიც. სტრატეგიული კომუნიკაციის ჩავარდნაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე, ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აცრილი პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ქვეყნდება ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფეისბუქის გვერდზე, ყველა ინფრომაცია მოსახლეობისთვის ქართულ ენაზეა ხელისაწვდომი, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაც ცხოვრობს და მათმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის.

სამცხე-ჯავახეთში ამ ეტაპზე მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინაა შემოტანილი, რადგან „ფაიზერისთვის“ შესანახად შესაბამისი ინფრასტრუქტურა რეგიონში არ არის.

AstraZeneca

AstraZeneca-ს ვაქცინა ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-მ შეიმუშავა. საკვლევი ჯგუფი ჯენერის ინსტიტუტისა და ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფისგან (Oxford Vaccine Group) შედგება. AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოყენებისთვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა. AstraZeneca სხვა დამტკიცებულ ვაქცინებს შორის გაცილებით იაფია და მისი ტრანსპორტირება და შენახვა შედარებით მარტივია, რადგან ის განსაკუთრებულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს. ვაქცინა თრომბოემბოლიის შემთხვევების გამო დროებით შეაჩერა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, თუმცა მას შემდეგ რაც ევროპის წამლის სააგენტომ დაასრულა ამ შემთხვევების შესწავლა და განაცხადა, რომ ის უსაფრთხოა, ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია განაახლეს. ევროპის წამლის სააგენტომ დაადგინა, რომ ვაქცინა თრომბის წარმოქმნის რისკის ზრდასთან დაკავშირებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ თრომბოემბოლიური გართულებები ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში არ შედის. AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ვაქცინის ხშირი გვერდითი ეფექტია: ტკივილი ინექციის ადგილზე, სხეულის შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება და სიცხე. ეს ვაქცინებისთვის დამახასიათებელია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ძალზედ იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა, მწვავე ალერგიული რეაქცია, მათ შორის - ანაფილაქსიური შოკი, დაფიქსირდეს.


მსგავსი სიახლეები

2904 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი