იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ 2-წლინი მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. შესაბამისობის აუდიტი 2018-2019 წლების პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, ქარელის მერიის საქმიანობაში მთელი რიგი ხარვეზები იკვეთება.

ანგარიშის თანახმად, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მალევე დაზიანდა. უყურადღებოდაა მიტოვებული ის ქონება, რომელიც მერიამ იჯარით გასცა. დროებით გასხვისებული ობიექტებიდან თანხის ამოღება არ ხდება. ხაზგასმულია ასევე ქარელის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის არაეფექტური საქმიანობა.

როგორც აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტში ხარვეზები არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში.

ანგარიშში წერია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც საბიუჯეტო მუხლების შესრულებას 2018-2019 წლებში 13% და 12% დააკლდა. კონკრეტულად კი - 2018 წელს აუთვისებელი დარჩა 1მლნ 100 ათასი ლარი, 2019 წელს 1 მლნ 656 ათას 900 ლარი. შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში კი საბიუჯეტო პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ არ მოხდეს თავისუფალი ნაშთის უკონტროლო დაგროვება.

თავისუფალი ნაშთი ქარელის მუნიციპალიტეტს წინა წლებშიც უფიქსირდებოდა. კონკრეტულად კი 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით 368 ათას 200 ლარი ერიცხებოდა, რომლის ხარჯვა 2018 წელს დაიგეგმა, თუმცა როგორც აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების დაგროვებამ მლნ 109 ათას 800 ლარი შეადგინა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს, მლნ 478 ათასი ლარის ნაშთი ფიქსირდებოდა, საიდანაც 375 ათას 400 ლარი თავისუფალ ნაშთს წარმოადგენდა.

2019 წელს მუნიციპალიტეტმა 1 მლნ 457 ათას 600 ლარის გამოყენება დაგეგმა, თუმცა წინა წლის მსგავსად დააგროვა 938 ათასი ლარი. წლის ბოლოსათვის კი საბიუჯეტო ნაშთმა 2 მლნ 416 ათასი ლარამდე მიაღწია, საიდანაც 316 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთი იყო.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებულ ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

ხარვეზები გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესშიც. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, მუნიციპალიტეტში მილიონი ლარის პროექტების განხორციელების მიუხედავად, დადგენილი ხარისხის სამუშაოები არ არის შესრულებული, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდშივე გაუარესდა.

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 23 300 ლარის არაეფექტიანი ხარჯები, დასახული მიზანი კი არ არის მიღწეული.

აუდიტის სამსახურმა ხარვეზები 11 ინფრასტრუქტურულ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე გამოავლინა, რომელთა ღირებულება 918 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია სპორტული, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

„სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხობა ძირითადად სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენაც საექსპერტო დაწესებულების ვალდებულებაა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია“,-წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის მიერ ობიექტების დათვალიერებისას გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა 13-დან მხოლოდ 4 ხელშეკრულების ფარგლებში მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მიზნით.

აუდიტის დასკვნით, მერიამ ჩაიბარა 1 მლნ 4 ათას 400 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. უწყების შეფასებით, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტი ზოგიერთი მიმწოდებლის შემთხვევაში განსხვავებულ მიდგომებს იყენებს. მაგალითად, გამარტივებული შესყიდვის პროცესში კომპანიის მიერ დაგვიანებულ მომსახურებაზე სათანადო ზომებს არ იღებს.

დოკუმენტის თანახმად, დაფიქსირდა 17 შემთხვევა, როდესაც გამარტივებული წესით შესყიდვის ფარგლებში მიმწოდებლებმა დააგვიანეს სამუშაოების შესრულება და მათზე დარიცხულმა ჯარიმამ მხოლოდ 2 5 00 ლარი შეადგინა და არა 0.02%-ის შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ნაკლოვანებებია ასევე მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის ხელშეკრულებებში, სადაც აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სათანადოდ არ არის დაცული ქონების მესაკუთრის ინტერესები.

„მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარით გაცემული ქონების სათანადო ადმინისტრირება და ვერ მიიღო 27 ათასი ლარის კუთვნილი შემოსავალი“,-წერია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია ასევე საკრებულოს წევრებისთვის დასაბუთების გარეშე გაწეულ ხარჯებზეც.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი, სადაც მითითებულია დოკუმენტის დასახელება, შედგენის თარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, რაოდენობა, ფასი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, დოკუმენტის სწორად გაფორმებისათვის პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერები და სხვა მონაცემები. მუნიციპალიტეტმა კი აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს არათანამდებობის მქონე, რიგითი წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით გაცემულია 178 ათას 600 ლარი საჭირო დასაბუთების გარეშე. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 490 ლარის ოდენობით.

საბიუჯეტო თანხების არაეფექტური ხარჯვა აუდიტორთა ჯგუფმა მერიაშიც გამოავლინა, კერძოდ, ადმინისტრაციული სამსახურის შტატში ირიცხებოდა 2 თანამშრომელი, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ სოფელ რუისში არსებულ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში. მონიტორებთან წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ისინი ასრულებდნენ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებით განსაზღვრულ სამუშაოებს და მოსახლეობას უწევდნენ სხვადასხვა სერვისულ მომსახურებას. საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებული პირები ანგარიშვალდებულნი იყვნენ იუსტიციის სამინისტროს მიმართ, მაშინ როდესაც მათზე გაწეულმა ხარჯებმა ქარელის მერიიდან (შრომის ანაზღაურება, მივლინება) 35 ათას 700 (2018 წელს – 15 ათას 800 ლარი, 2019 წელს – 19ათას 900 ლარი) შეადგინა.

ჯამში, პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ორი მოსამსახურეზე, რომლებიც ასრულებდნენ სხვა ორგანიზაციის დავალებებს, 2018-2019 წლებში გაწეულია 35 ათას 700 ლარის ხარჯი.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორული შემოწმება ქარელში გასულ წლებშიც ჩატარდა, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, რეკომენდაციების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო 2015-2016 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოწყობილი სარიტუალო დარბაზების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება. წინა აუდიტის საანგარიშო პერიოდში 21 ერთეული სარიტუალო დარბაზი მოეწყო, რისთვისაც 662 ათას 600 ლარი დაიხარჯა. აქედან 20 ობიექტი, რაც 641 ათას 100 ლარი დაჯდა, დღეს ისევ უფუნქციოა.


მსგავსი სიახლეები

3468 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი