იტვირთება

სალომე სამადაშვილი: [ევროპარლამენტარების] განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთხელ ჩაშლილ მოლაპარაკებას 1 აპრილს 7 ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტარები მოლაპარაკების ჩაშლაში ორივე მხარეს ადანაშაულებენ, როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს, თუმცა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებაში მყოფ ძალას აკისრებენ.

ანალიზი

2 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და ხელისუფლებასთან ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორები განსაკუთრებით დიდ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

„ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი პარტნიორები გარკვეულწილად გაწბილებულები არიან, რომ შეთანხმება ვერ შედგა, გასაგებია მათი პოზიცია, რომ ორივე მხარეს მოუწოდებენ შეთანხმებისთვის, მაგრამ იმავე განცხადებაშივეა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი საქართველოში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციისთვის, ისევ შეთანხმების გარეშე დასრულდა. შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოლაპარაკების არც ერთმა მხარემ არ მოაწერა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთ ჩაშლილ მოლაპარაკებას წამყვანი ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება.

განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტარები მოლაპარაკების ჩაშლაში ორივე მხარეს ადანაშაულებენ, როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს. თუმცა, მათი პოზიციით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ ძალას ეკისრება:

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების უუნარობით, რომ სამშაბათს მიეღწიათ შეთანხმებისთვის. მიუხედავად ევროკავშირის ყველანაირი მცდელობისა, დახმარებოდა მათ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. იმ შედეგში, რაც დადგა, დამნაშავეა, როგორც მმართველი გუნდი, ისე მოლაპარაკებაში მონაწილე წამყვანი ოპოზიციური პარტიები, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ ძალას“.

რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება და ევროპარლამენტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას მოითხოვს:

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსები აღარ უნდა მოელოდნენ ევროკავშირთან საქმიანობის ძველებურად გაგრძელებას. ევროპარლამენტი უშუალოდ მოითხოვს შედეგებს ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მათ შორის, შემდგომში გამოსაყოფ თანხებსა და დახმარების პირობებთან დაკავშირებით ევროკავშირის მაკროფინანსური მხარდაჭერისა და საბიუჯეტო დახმარების პროგრამებში“.

გარდა ამისა, განცხადებით ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ მედიატორის მიერ წარდგენილ ხუთპუნქტიან დოკუმენტს და ხაზს უსვამენ ქვეყნისთვის საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების აუცილებლობას.

ევროპარლამენტარების შეფასებას მმართველ გუნდში გაუგებარი უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავს. „არ მგონია, რომ 6, 7 თუ თუნდაც 8 პარლამენტარის განცხადებამ იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას შეფასებით, საქართველოს შესახებ მომზადებული წერილის ავტორი ევროპარლამენტარები ან მიკერძოებულები არიან, ან წერილში შეცდომაა გაპარული.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, საფრთხე ევროატლანტიკურ მომავალს დაემუქრა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მთავარი მედიატორი ქრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა განაცხადა, რომ საქართველოში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოხსენებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს წარუდგენდა და ის გადაწყვეტს, თუ როდის და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით გაგრძელდება, თუ - არა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2914 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი