იტვირთება

სოციალურ ქსელ Facebook-ში სერგი კაპანაძემ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში პოლიტიკოსი წერს: „დღეს პოსTV-მ დამირეკა. ახალი ჰობი აქვთ - განცხადებებს, რომელიც მათ პროპაგანდას აწყობს, აწებებენ რუსებს და მერე, ვითომ სხვა გამოცემის სახელით გეკითხებიან, ამაზე რას ფიქრობო.

უკრაინაში რუსეთი რასაც აპირებს, მაგაზე რას ფიქრობთო და თან წამიკითხეს ვითომ კოსაჩოვის გამონათქვამი, რეალურად კი 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციიდან დამახინჯებული ამონარიდი, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და რომ გამოიყენა კასეტური ბომბები.

ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა თქო, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი მეთქი. აშკარად არ მოეწონათ“.

აღნიშნული პოსტის შემდეგ სერგი კაპანაძემ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის პირველ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას გამოეხმაურა: „ძალიან სასაცილო პროცესს ვაკვირდები. ქოცებს ისე ძალიან უნდათ, რომ ოპოზიციიდან ვიღაცას ათქმევინონ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რომ ყველაფერს კადრულობენ.

საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ხო, ცხინვალი დაბომბა. ოღონდ მშვიდობიანი მოსახლეობა არა. მაგას თქვენი პრეზიდენტი იძახის. კიდევ, თქვენი ბიძინა უფროსი და რუსები.

და კასეტური ბომბები კიდევ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. კერძოდ, მ-85 ბომბები და ისიც სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ოსლოს კონვენციას, რომელიც კრძალავს ასეთი ბომბების გამოყენებას, მაშინ შეერთებული არ ვიყავით. მერე შევუერთდით (პ.ს. როგორც აღმოჩნდა არც მერე შევუერთდით).

ახლა აქედან თუ ვინმე დასკვნას გააკეთებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გააკეთოს. ოღონდ აქედან ეგ არ გამომდინარეობს. არც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-დან. იქ მეხუთე პარაგრაფს რომ კითხულობთ მარტო, მეოთხეც და მეექვსეც წაიკითხეთ, მერე მთელ რეზოლუციას გადაავლეთ თვალი და თუ მართლა ქვეყნის მტრები არ ხართ, მიხვდებით როგორი მაგარი რეზოლუციაა“. [1]

აღნიშნულ პოსტებთან და სოციალურ ქსელში წარმოებულ დისკუსიასთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიც, სახელით - „კაპანაძის რუსული ნარატივი“. სიუჟეტში ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ სერგი კაპანაძის ციტატა დაამახინჯა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ის ციტირებს სერგი კაპანაძის სიტყვებს: „ვუპასუხე, რომ არავინ არ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა კასეტური ბომბებით, უბრალოდ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი-მეთქი“. ჟურნალისტი, შემდგომში რეზოლუცია 1633-ის შესახებ ამბობს: „[ევროსაბჭოს რეზოლუციაში] პირდაპირ წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ამაზე არსებობს ყოფილი ხელისუფლების წევრების ხელმოწერა“.

იმედის სიუჟეტი შეიცავს ორ დეზინფორმაციას.

მტკიცება 1: სერგი კაპანაძემ აღიარა ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვის ფაქტი

სინამდვილეში, სერგი კაპანაძის პოსტში არ წერია, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი კასეტური ბომბებით დაბომბა. სერგი კაპანაძის პოსტში ორ ფაქტზეა საუბარი. პირველ ნაწილში, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ მართლაც დაბომბა. კაპანაძე განმარტავს, რომ ცხინვალში სამხედრო წერტილები დაიბომბა და არა მშვიდობიანი მოქალაქეები. ცხინვალის მიმართულებით სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ მართლაც აწარმოა, თუმცა ევროსასამართლოს მიერ სულ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილებაც ამტკიცებს, რომ ქართულ მხარეს მშვიდობიან მოქალაქეთა უფლებები არ შეულახავს და მასობრივი უფლებების დარღვევა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში სწორედ რუსეთის მხრიდან მოხდა.

მეორე ნაწილი, რაზეც სერგი კაპანაძე საუბრობს, კასეტურ ბომბებს ეხება. კასეტური ბომბების გამოყენებას სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ქართული მხარე არც ადრე უარყოფდა და ეს ფაქტი აღნიშნულია სხვადასხვა უწყების ანგარიშშიც. მათ შორის აღსანიშნავია “Human Rights Watch”-ის დასკვნა. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ კასეტური ბომბების გამოყენებაში ორივე მხარეს დასდო ბრალი. მიუხედავად მტკიცებულებებისა, რუსეთი კასეტური ბომბების გამოყენებას არ აღიარებდა. ორგანიზაციის მიერ გამოცემული პრესრელიზის მეორე დღესვე, კასეტური ბომბების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების ფაქტი, დაადასტურა. თავდაცვის სამინისტროს მიერ Human Rights Watch-ისთვის მიწერილ წერილში წერია, რომ ქართულმა მხარემ კასეტური ბომბები გამოიყენა რუსული სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც გადაადგილდებოდნენ როკის გვირაბიდან ძარას მიმართულებით. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ „[კასეტური ბომბები] არასდროს ყოფილა გამოყენებული სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ ან მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიასა თუ მათ მიმდებარედ“. ამავე თემაზე გაკეთებულ განცხადებაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შინდისში კასეტური ბომბი გამოყენებული არ ყოფილა. „არ არსებობს ახლომდებარე რაიონებში ამ ტიპის შეიარაღებით მიყენებული არანაირი დაზიანების კვალი და ნიშანი. ასე რომ, თავისთავად ცხადია, რომ იქ[შინდისში] მიტანილი იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ“.

ამგვარად, საქართველომ ღიად ითანამშრომლა ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან და, რუსული მხარისაგან განსხვავებით, კასეტური ბომბების გამოყენება აღიარა.

აქედან გამომდინარე, სიუჟეტში სერგი კაპანაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არის ყალბი და აქ ერთი მხრივ - ტელეკომპანია „იმედის“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების მისამართით წარმოებული სამთავრობო პროპაგანდის გაგრძელება იკვეთება, ხოლო მეორე მხრივ - ზიანს აყენებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე, ვინაიდან რუსული პროპაგანდისთვის ძალიან ნოყიერი ნიადაგია, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (ომის დროს) მშვიდობიან მოქალაქეთა წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენებას „აღიარებს“.

მტკიცება 2: რეზოლუცია 1633-ში წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო

რეზოლუცია 1633 ომის დამწყებ მხარეს არ ასახელებს. რეზოლუციის მერვე პუნქტში წერია: „ასამბლეას სწამს, რომ შერიგების წინაპირობა არის სიმართლე. ვინაიდან ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ომი, ვერ თანხმდება ვერცერთი მხარის მხრიდან, ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ამგვარი საერთაშორისო გამოძიების წარმოებას და პარლამენტის რუსი წევრებიც აცხადებენ, რომ არ იქნებიან ამგვარი შეთავაზების წინააღმდეგნი. გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს ომის დაწყების მომენტით და უნდა ფოკუსირდეს ასევე იმ წლებზე, რომლებმაც კონფლიქტამდე მიგვიყვანა“.

მუხლი, რომელზეც ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი საუბრობს და ამტკიცებს, რომ ომის დაწყება ქართულმა მხარემ აღიარა, სინამდვილეში ომის აქტიური და ღია ფაზის შესახებაა და ციტატა რეზოლუციიდან ჟურნალისტმა დაამახინჯა. სინამდვილეში, რეზოლუციაში არსადაა ნახსენები, რომ ომის ინიციატორი იყო რომელიმე მხარე.

შესაბამისად, ჟურნალისტი არასწორად ციტირებს რეზოლუციის მეხუთე პუნქტს და შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი. რეზოლუცია 1633 ომის დაწყების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს სიტყვებს „outbreak of war”, ხოლო მეხუთე პუნქტში მხოლოდ ესკალაციის ახალ ეტაპზე საუბრობს. შესაბამისად, რეზოლუცია 1633-ით ასამბლეის მიზანი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება რომ ყოფილიყო, ის მეხუთე პუნქტშიც ამ ტერმინს გამოიყენებდა და არა ესკალაციის ახალ ეტაპს. მეტიც, რთული წარმოსადგენია, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს რეზოლუციის მეხუთე პუნქტის ამგვარი ინტერპრეტირება, ვინაიდან ეს მართლაც რუსულ ნარატივს წარმოადგენს. გაუგებარია, რატომ ცდილობს, სხვადასხვა კვლევის შესაბამისად, ყველაზე რეიტინგული და სანდო ქართული ტელევიზია რეზოლუციის იმგვარ ინტერპრეტირებას, როგორი ინტერპრეტირებაც არც სწორია და თანაც - ქართული მხარისთვის წამგებიანია.

რა წერია რეზოლუციაში 1633?

რეზოლუციაში ომის დაწყების პასუხისმგებლობა არ ეკისრება არცერთ მხარეს და, რეზოლუციის მერვე პუნქტის თანახმად, ეს შემდგომმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ომის და მისი წინამდებარე მოვლენების აღწერას რეზოლუცია მეოთხე პუნქტიდან იწყებს. აქ წერია, რომ ომის დასაწყისი 7 აგვისტოს, 2008 წელს, იყო მოულოდნელი ფაქტი. მიმოხილულია მოვლენები, რაც ომის დაწყებას წინ უძღოდა. მეოთხე პუნქტში წერია: [ომი] იყო შედეგი სიტუაციის სერიოზული ესკალაციისა, პროვოკაციებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები სიტუაციის განსამუხტად, პრობლემის სამხედრო მოგვარება ორივე მხარისთვის გამოსავლად გადაიქცა. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. ვფიქრობთ, რომ მშვიდობისმყოფელებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია და ვერ უზრუნველჰყვეს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საკუთრების უსაფრთხოება. შესაბამისად, ვწუხვართ, რომ ომამდელი მოწოდებები სამშვიდობო პროცესებისა და კონფლიქტის მოგვარების შესახებ უარყოფილ იქნა რუსული და სამხრეთ ოსური მხარის მიერ. ამგვარად, მეოთხე პუნქტში სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ცალსახად რუსეთს ეკისრება და არა ქართულ მხარეს.

მეხუთე პუნქტში წერია, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვამ ქართული მხარის მიერ კონფლიქტი ახალ - ღია დაპირისპირების ეტაპზე გადაიყვანა. აქვე საქართველოს მიერ გამოყენებული ძალა შეფასებულია როგორც დისპროპორციული და საფრთხის შემცველი მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის. ამ პუნქტში საუბარია კონფლიქტის ახალ ეტაპზე გადასვლაზე და არა ომის დაწყებაზე.

ანალოგიური ტერმინი/ბრალდება - დისპროპორციული ძალის გამოყენება უკვე რუსეთის მიმართაცაა გაჟღერებული. მეექვსე პუნქტში საუბარია რუსეთის მხრიდან წარმოებულ სამხედრო მოქმედებებზე, რომლებიც ასევე არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს და არღვევდა ევროსაბჭოს პრინციპებსაც, რომლის წევრი სახელმწიფოც რუსეთიცაა. ამავე პუნქტში გამოყენებულია ტერმინი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საუბარია რუსული მხარის მიერ საქართველოს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ეს არის „ან პირდაპირი შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე და, შესაბამისად, ევროსაბჭოს პრინციპების დარღვევა, ან რუსეთის მცდელობა გაზარდოს მისი გავლენა საზღვრებს მიღმა“.

რეზოლუციის მერვე პუნქტია სწორედ ის პუნქტი, რომელიც ეხება ომის დაწყების საკითხს. აქ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუბარია იმაზე, რომ ომის დაწყებისა და წინაპირობების საკითხი უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ. შესაბამისად, როგორი ინტერპრეტირებადიც არ უნდა იყოს რეზოლუციის სხვა პუნქტები, მათი ინტერპრეტირება აზრს მოკლებულია, ვინაიდან ამავე რეზოლუციაში პირდაპირაა ხაზგასმული, რომ არცერთი მხარე არ აღიარებს ომის დაწყებას. ამგვარად ბრალდება ვინმეს მისამართით, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც საქართველო ომის დაწყებას აღიარებს, აბსურდული და ყალბია.

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საკითხიც. რეზოლუცია 1633-ში ევროსაბჭო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს ეს აღიარება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭო კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას. მეტიც, მომდევნო პუნქტში გაკრიტიკებულია რუსეთის მხრიდან დეფაქტო რესპუბლიკებთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებები. რეზოლუციის მიხედვით, ეს ხელს უშლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც რუსეთის მიმართაა გაჟღერებული, ესაა ჰააგის 1907 კონვენციის დარღვევა - მოროდიორობა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. მეტიც, საუბარია სარწმუნო ანგარიშებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა, რომლის აღკვეთაც რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს. საუბარია, რომ ამგვარი ფაქტები ძირითადად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ მოხდა.

რეზოლუციის ბოლოს ასამბლეა მოუწოდებს თავის წევრებს, არ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო რუსეთს - აღიარება უკან წაიღოს.

ამგვარად, ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, რეზოლუცია 1633 არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ მხარეს ომის დაწყების შესახებ, არამედ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიებს აღიარება, მოხსენიებულია რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, როგორც ოკუპაცია და საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა. ამრიგად, გაურკვეველია, რატომ შეიძლება შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების ან ქართული მედიის ინტერესში ამგვარი დოკუმენტის დისკრედიტირება.

[1] სერგი კაპანაძის პოსტიდან ამოღებულია მიმართვის არაკორექტული ფორმები.

[2] აღსანიშნავია, რომ ასამბლეაში რუსეთის დელეგაცია 15 წევრისგან შედგება. აღნიშნულ დოკუმენტს რუსული მხარე არ ეთანხმებოდა და, როგორც მოლაპარაკებებზე დამსწრე ადამიანები ყვებიან, დოკუმენტზე მუშაობისას ე.წ. walk out (პროტესტის ნიშნად შეხვედრის დატოვება) გააკეთეს. საბოლოოდ, კენჭისყრაზე 15 წევრიდან 14-მა რეზოლუცია 1633-ის წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი დოკუმენტით უკმაყოფილო იყო.


მსგავსი სიახლეები

2914 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი