იტვირთება

დავით ბაქრაძე: 1.6-ზე ჩაიბარეს დოლარი [ქართულმა ოცნებამ] და 3.4-ზეა ასული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დაახლოებით 87%-ით გაუფასურდა, 2012 წელთან შედარებით კი, გაუფასურება დაახლოებით 100%-ს შეადგენს. ლარს მცურავი გაცვლითი კურსი გააჩნია და მის კონკრეტულ ნიშნულზე ჩამოყალიბებას სავალუტო ბაზარზე ლარსა და დოლარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განაპირობებს. მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ბუნებრივია, ერთდროულად მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც პირობითად შეიძლება ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად დაიყოს. ხშირად, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, ვალუტის კურსს მხოლოდ შიდა ან მხოლოდ გარე ფაქტორებთან აკავშირებენ, რაც სიმართლის ნახევრად წარმოჩენას უკავშირდება. ობიექტური რეალობაა, რომ 2013-2020 წლებში, რეგიონს მრავალი კრიზისი დაატყდა თავს, მათ შორის - მსოფლიო მასშტაბის პანდემია. 2013-2021 წლებში, უშუალოდ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, მეტნაკლებად უფასურდებოდა. დოლართან მიმართებით, 2012 წელთან შედარებით, თურქული ლირა 376%-ითაა გაუფასურებული, რუსული რუბლი - 151%-ით, სომხური დრამი - 32%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 117%-ით.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლარის კურსზე უარყოფითად საქართველოს მთავრობის გარკვეული ქმედებები თუ უმოქმედობა და მთელი რიგი შეცდომები მოქმედებდა. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება, ბიუჯეტიდან თანხის არათანაბრად ხარჯვა და ა.შ. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება ე.წ გავრილოვის კრიზისსაც მოჰყვა, რომელიც არა თუ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებითაც მძიმე შეცდომას წარმოადგენდა. აღსანიშნავია რომ 2013 წელთან შედარებით, მიმოქცევაში მყოფი ეროვნული ვალუტა 90%-ით გაიზარდა, ხოლო ფართო ფულის (M2) მასა 148%-ით.

განცხადების კონტექსტი, ცალსახად მთავრობის კრიტიკას წარმოადგენს. განცხადების ნაწილი, რომელშიც პოლიტიკოსი ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე საუბრობს - სიმართლეა. რაც შეეხება იმას, თუ რით არის გამოწვეული ლარის კურსის ვარდნა, ბევრი სხვდასხვაგვარი ახსნა შეიძლება მოვისმინოთ. ეს არის როგორც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის, ასევე ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული შედეგიც. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ განაცხადა: „1.6-ზე რომ ჩაიბარეს დოლარი [ქართულმა ოცნებამ], 3.4-ზეა ასული

საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს ლარის კურსის დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურება წარმოადგენს. ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დაახლოებით 87%-ით გაუფასურდა, 2012 წელთან შედარებით კი, გაუფასურება დაახლოებით 100%-ს შეადგენს.

გრაფიკი 1: ლარის საშუალოთვიური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2013-2021 წლებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარს მცურავი გაცვლითი კურსი გააჩნია და მის კონკრეტულ ნიშნულზე ჩამოყალიბებას სავალუტო ბაზარზე ლარსა და დოლარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განაპირობებს. მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ბუნებრივია, ერთდროულად მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც პირობითად შეიძლება ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად დაიყოს. ხშირად, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, ვალუტის კურსს მხოლოდ შიდა ან მხოლოდ გარე ფაქტორებთან აკავშირებენ, რაც სიმართლის ნახევრად წარმოჩენას უკავშირდება. სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მთლიანი სურათის განხილვა. გარე ფაქტორები პრობლემატური იყო როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია დოლარის გლობალური გამყარება, რასაც დოლართან მიმართებით, თითქმის ყველა ვალუტის გაუფასურება მოჰყვა. გრაფიკი 2 ასახავს დოლარის ინდექსის ცვლილების ტენდენციას. აღნიშნული ინდექსი ასახავს დოლარის ე.წ. „სიძლიერეს“ სხვა ვალუტებთან და იანგარიშება აშშ-ს სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ერთგვარ კალათასთან მიმართებით, როგორც შეწონილი გეომეტრიული საშუალო. კალათა შედგება ევროს, იაპონური იენის, ბრიტანული სტერლინგის, კანადური დოლარის, შვედური კრონასა და შვეიცარიული ფრანკისგან. შეწონვის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ევროს აქვს მინიჭებული. როდესაც დოლარის ინდექსი იზრდება, სხვა თანაბარ პირობებში, მსოფლიოს სხვა ვალუტების გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ეცემა (გაუფასურება).

გრაფიკი 2: დოლარის ინდექსი 2012-2021 წლებში

წყარო: Tradingview.com

2013-2021 წლებში, უშუალოდ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, მეტნაკლებად უფასურდებოდა. დოლართან მიმართებით, 2012 წელთან შედარებით, თურქული ლირა 376%-ითაა გაუფასურებული, რუსული რუბლი - 151%-ით, სომხური დრამი - 32%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 117%-ით. ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო, როგორც ეკონომიკური, ასევე ვალუტის კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მოწყვლადი ნავთობექსპორტიორი ქვეყნები აღმოჩდნენ. საქართველო ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანას არ წარმოადგენს, მისი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორებისგან განსხვავებით. თუმცა, რყევები მათ ეკონომიკაში თუ სავალუტო სტაბილურობაში, ჩვენზეც აისახება. გარდა ამისა, აღნიშნული პერიოდი საკმაოდ რთული, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებით დატვირთული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, გადატრიალების მცდელობა თურქეთში და ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა დასავლეთთან, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, სირიის კრიზისი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და ა.შ. განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა მიმდინარე პანდემია. კერძოდ, ნულს მიუახლოვდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც გასულ წლებში, დაახლოებით 3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, შემცირდა სავალუტო შემოსავლები ინვესტიციებიდან, შეიქმნა მნიშვნელოვანი ეკონომიკური განუსაზღვრელობა და მრავალი სახის მიკრო თუ მაკრო კრიზისი და ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილს, უარყოფითი გავლენა ექნებოდა ეკონომიკურ კონიუნქტურაზე და ეროვნული ვალუტების სიძლიერეზე, როგორც საქართველოში, ასევე დასახელებულ ქვეყნებში. ასეთ დროს ლარის გაუფასურებაც გარდაუვალი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა [1] (რადგან საქართველოს ექსპორტი გაძვირდებოდა, ხოლო იმპორტი გაიაფდებოდა).

მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლარის კურსზე უარყოფითად საქართველოს მთავრობის გარკვეული ქმედებები თუ უმოქმედობა და მთელი რიგი შეცდომები მოქმედებდა. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება, ბიუჯეტიდან თანხის არათანაბრად ხარჯვა და ა.შ (იხ.ბმული1; ბმული2 ;ბმული 3). ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა ე.წ გავრილოვის კრიზისსაც, რომელიც არა თუ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებითაც მძიმე შეცდომას წარმოადგენდა.

აგრეთვე, ლარის კურსთან მიმართებით, მიწოდების მხარის თვალსაზრისით, საინტერესოა ფულადი აგრეგატების განხილვა.

გრაფიკი 3: ფულადი აგრეგატების ცვლილება 2013-2021 წლებში, მლრდ ლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ფულის M2 აგრეგატი (ფართო ფული უცხოური ვალუტით დეპოზიტების გარეშე) წარმოადგენს ვიწრო ფულისა (M1) და საბანკო სექტორში რეზიდენტი სამეწარმეო და შინამეუნეობების სექტორების ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვადიანი და შემნახველი დეპოზიტების ერთობლიობას, საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე. 2013 წელთან შედარებით, მიმოქცევაში მყოფი ეროვნული ვალუტა 90%-ით გაიზარდა, 2.4 მლრდ ლარიდან 4.5 მლრდ ლარამდე, ხოლო ფართო ფულის (M2) მასა 148%-ით, 5.4 მლრდ ლარიდან, 13.4 მლრდ ლარამდე.

[1]აღნიშნული გამაწონასწორებელი მექანიზმის მოქმედებას დოლარის როგორც დომინანტი ვალუტის, ფაქტორად არსებობა მნიშვნელოვანწილად უშლის ხელს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი