იტვირთება

Covid-19-ის დიაგნოსტირების ტესტები და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები

მსოფლიოში Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდი და სწრაფი ტესტები [ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული] გამოიყენება.

PCR ტესტირება და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები

PCR-ტესტირების მეთოდი მისი „სპეციფიკური მგრძნობელობისა“ და მაღალი სანდოობის გამო, პანდემიის პირობებში, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ იქცა. ტესტირების მეთოდი ჩხირის ცხვირის ღრუში დაახლოებით 2 სანტიმეტრამდე მოთავსებას გულისხმობს, რის შედეგადაც ცხვირ-ხახიდან აღებულ ნაცხში SARS-CoV-2-ის რნმ-ის (კორონავირუსის გენომის) განსაზღვრა ხდება. PCR დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში არის შესაძლებელი და პასუხის მიღებას ყველაზე შედარებით დიდი დრო სჭირდება (1,5 საათიდან 48 საათამდე მერყეობს).

ტესტირების მაღალტექნოლოგიურობისა და სანდოობის მიუხედავად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციების თანახმად, PCR-ტესტირების დროს გამოყენებული ჩხირები ადამიანების ჰემატოენცეფალურ ბარიერს აზიანებს. აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ჰემატოენცეფალური ბარიერი ტვინის დამცავი სტაბილური ბარიერია, რომელიც დამცავი სითხისა და მრავალი გარსისგან შედგება და ტვინს შიდა დაზიანებისგან იცავს. PCR ტესტირების დროს გამოყენებულ ჩხირს ამ დამცავი გარსების გარღვევა და ქსოვილებში შეღწევა არ შეუძლია. PCR-ტესტებთან დაკავშირებული დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ შემდეგ სტატიებში ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

ანტიგენსა და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები და მათთან დაკავშირებული დეზინფორმაციები

ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტებით ვენურ ან კაპილარულ სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხდება. ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტით შესაძლებელია, განისაზღვროს IgM (იმუნოგლობინი M), რომელიც დაავადების აქტიურ ფაზას აჩვენებს, ასევე IgG (იმუნოგლობინი G), რომელიც გადატანილ ინფექციას აჩვენებს. ტესტის პასუხი დაახლოებით 15-20 წუთშია ცნობილი.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-CoV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ხდება, მარტივად რომ ვთქვათ, ტესტი ორგანიზმში ვირუსს ეძებს. მისი მგრძნობელობა 80-85%-ია.

ვიზუალიზაციის წყარო: traveloka.com

ანტისხეულებსა და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების დადებითი მხარეა, რომ ისინი მარტივია გამოსაყენებლად, არ სჭირდება სპეციალურად მოწყობილი ლაბორატორია და შედეგის გაგება საშუალოდ 10-15 წუთში ხდება (განისაზღვრება ტესტის ინსტრუქციის მიხედვით).

სწრაფ ტესტებთან დაკავშირებული დეზინფორმაციების მტკიცებით, ტესტები ცრუ დადებით შედეგს აჩვენებს. ამის დასადასტურებლად კი დეზინფორმატორები ხილზე, კოკა-კოლაზე, ლუდზე თუ წყალზე ჩატარებულ ტესტირების შედეგებს იშველიებენ (იხილეთ დეზინფორმაციის მაგალითები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). რეალურად, ძირითად შემთხვევებში, დეზინფორმაციის გამავრცელებლები ტესტს არასწორად ატარებენ. ისინი აღებულ ნიმუშებს პირდაპირ ათავსებენ ტესტზე, მაშინ როდესაც ნიმუში ჯერ სპეციალურ ბუფერულ ხსნარში უნდა გატარდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სწრაფი ტესტები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ორგანიზმიდან აღებულ ნიმუშებზე მუშაობს და კორონავირუსის არსებობას ადგენს და არა ხილის ზედაპირიდან, კოკა-კოკოლიდან თუ წყლიდან აღებულ ნიმუშებზე.

ასევე, ხშირად ანტიგენზე დამყარებული ტესტების პასუხების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. სხვადასხვა წარმოების სწრაფ ტესტებს პასუხების განსამარტი შესაბამისი ინსტრუქცია მოყვება, თუმცა ძირითად შემთხვევაში იმისთვის, რომ ტესტირების შედეგი დადებითად ჩაითვალოს, მაშინ ტესტზე ორი ხაზი უნდა გაფერადდეს - „კონტროლის ხაზი“(control line-C) და „ტესტის ხაზი“(test line- T). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი - მხოლოდ ერთი C ხაზი უნდა გაფერადდეს. მესამე შემთვევაში, როდესაც „კონტროლის ხაზი“ (C) საერთოდ არ ჩნდება, ან მხოლოდ „ტესტის ხაზი“(T) ფერადდება, მაშინ ტესტი არავალიდურია (INVALID) და თავიდან არის ჩასატარებელი.

წყარო: Joysbio

„ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებულ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიებში: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3571 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი