სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები გამოავლინა. საქმე ეხება ახალციხის მერის მრჩევლის, გელვასი გელაძის, კომპანიის ტენდერებში მონაწილეობას. ადგილობრივი თვითმმართველობის 2018-2019 წლების საქმიანობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალციხის მერის მრჩევლის მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოებს მისივე კომპანია ასრულებდა. დასრულებული პროექტების ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებას გელვასი გელაძე თავად ახორციელებდა. აუდიტის დასკვნაში მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახალციხის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „კეთილმოწყობა”, რომელიც მუნიციპალიტეტის ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდა, სხვადასხვა სამუშაოებისთვის სპეცტექნიკას ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კომპანია შპს „მელიზასგან” ქირაობდა.

აუდიტის დასკვნიდან ვიგებთ, რომ 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა შპს „მშენებელი-2004-ს“, რომლის 20%-ს მერის მრჩეველი, გელვასი გელაძე ფლობდა, თერთმეტი ხელშეკრულება გაუფორმა, რისთვისაც ჯამში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვისთვის, 318.9 ათასი ლარი გადაუხადა.

თერთმეტი შესყიდვიდან ხუთი - ტენდერის გზით, ხოლო ექვსი გამარტივებული შესყიდვით განხორციელდა. ხუთი ტენდერიდან, სამი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა, მხოლოდ შპს „მშენებელი-2004-ის“ მონაწილეობით. დანარჩენი ორი ტენდერიდან, ერთ შემთხვევაში დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის შედეგად, ხოლო მეორე შემთხვევაში - დაბალი ფასით, შპს „მშენებელი-2004-მა“ გაიმარჯვა.

აუდიტის სამსახურის შესწავლით დგინდება, რომ გელვასი გელაძე მონაწილეობდა აღნიშნული შესყიდვების ხარჯთაღრიცხვების შედგენასა და შემოწმებაში. გარდა ამისა, ის მერის ბრძანებებით შექმნილი ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელია და მიღება-ჩაბარების კომისიის წევრიცაა. შესაბამისად, მის მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მის თანამფლობელობაში არსებული კომპანია ასრულებს სამუშაოებს, რომლის ინსპექტირებას და მიღება-ჩაბარებას თავადვე ახორციელებს. აღნიშნულით დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები. შესაბამისად, ასეთი ურთიერთობების არსებობა გავლენას ახდენს ტენდერის შედეგებზე, რაც დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ:

2019 წლის 17 აპრილს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც სოფელ წინუბნის სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებდა. აღნიშნულ ტენდერში, აუდიტის მიხედვით, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია დაუსაბუთებლად მიანიჭა, ხელშეკრულება კი უფრო მაღალ ფასად მერის მრჩევლის კომპანიას გაუფორმა. შესწავლით გამოვლინდა, რომ პრეტენდენტს მითითებული ჰქონდა „ნულის“ ნაცვლად „ტირე“, რაც სატენდერო კომისიამ ჩათვალა განუფასებელ პოზიციად. ანალოგიური მიზეზით განხორციელდა შემდეგი დაბალფასიანი პრეტენდენტების დისკვალიფიკაციაც. საბოლოოდ, გაიმარჯვა ყველაზე ძვირიანმა პრეტენდენტმა – შპს „მშენებელი 2004-მა“ .

მოგვიანებით, გელვასი გელაძემ კომპანიაში თავისი 20%-იანი წილი გაასხვისა, რადგან აღნიშნული საკითხით ჯერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა.

ახალციხის მერის კომპანიის ტექნიკა

ახალციხის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „კეთილმოწყობა”, რომელიც მუნიციპალიტეტის ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდა, სხვადასხვა სამუშაოსთვის სპეცტექნიკას ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კომპანია შპს „მელიზასგან” ქირაობდა. აუდიტის სამსახურის თანახმად, მსგავს შემთხვევებში, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იყო, წერილობით დაედასტურებინა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირების შესყიდვებში მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა, რაც მას არ განუხორციელებია.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ შპს „კეთილმოწყობის“ მიერ ტრანსპორტირების მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებს იგებდა შპს „მელიზა“, რომლის მფლობელი და 100%-იანი წილის მესაკუთრე 2018-2019 წლებში იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ახალციხის მერი ნიშნავს, ამავე დროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო.

„2018 წელს მერიამ შპს „კეთილმოწყობისგან“ 5865 კუბ. მ ინერტული მასალის ტრანსპორტირება და გაშლა 120.4 ათას ლარად შეისყიდა. აღნიშნული მომსახურებისათვის შპს „კეთილმოწყობას“ არ გააჩნდა საჭირო ტექნიკა, რისთვისაც იგი ტენდერებს აცხადებდა. მუნიციპალური შპს აღნიშნული მასალის ტრანსპორტირებას ყიდულობდა შპს „მელიზასგან“, რომელსაც 2018 წელს გადაუხადა 45.2 ათასი ლარი. დანარჩენ სამუშაოს (ხრეშის გაშლა) ახორციელებდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გრეიდერით, რისი ზუსტი ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა. მსგავსი სახის სამუშაოს ღირებულების დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საგზაო სამუშაოების სხვა ტენდერები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ინერტული მასალის ტრანსპორტირება-გაშლაში მერიამ 66.2 ლარით მეტი გადაიხადა“, - ვკითხულობთ უწყების ანგარიშში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ურთიერთდამოკიდებული პირების არსებობა წარმოქმნის სატენდერო პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეგავლენის მაღალ რისკებს, მათთვის ფინანსურად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.

ზაზა მელიქიძის კომპანიებთან დაკავშირებით, 2019 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების ოდენობა მელიქიძის ახალციხის გამგებლად, მერე კი მერად არჩევის შემდეგ - 124 793 ლარიდან 546 044 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, 524 902 ლარი კომპანიებმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. ბიზნესმენი ზაზა მელიქიძე 2014 წელს „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად, 2017 წელს კი ახალციხის მერად აირჩიეს. მოგვიანებით, მერმა თავისი კომპანიები სამართავად ნათესავებს გადასცა. კონკრეტულად, შპს „მელიზა“ ცოლის ძმას, ხვიჩა ალავიძეს მიანდო.

სახელმწიფო აუდიტის 5 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ახალციხის მერიის მანქანებზეც არის საუბარი. 2018-2019 წლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6-7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 19 სამორიგეო მანქანით, ხოლო 2019 წელს – ბალანსზე რიცხული 25 სამორიგეო და 13 პირად სარგებლობაში არსებული ავტომობილით. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატებოდა რეკომენდებულ ოდენობას, 2019 წელს მერიამ, კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით, დამატებით 6 ერთეული მანქანა შეისყიდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა შემთხვევები, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მისი თანამშრომლების კუთვნილ ავტომობილებში, ერთჯერადად ჩასხმული საწვავის რაოდენობა ავზის მოცულობას აღემატებოდა. უწყება თავის ანგარიშში რესურსის არაუფლებამოსილი პირების მიერ არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებზე საუბრობს.

აუდიტის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ ავტორიზებულ მანქანებზე, ე.წ აგაი სისტემის ჩიპები, რომლებიც დამაგრებულია ავტომობილზე და უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტის და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებას, არამყარად იყო დამაგრებული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია აღნიშნული ჩიპები არაავტორიზებულ მანქანებზე დაემაგრებინათ და საწვავი არაავტორიზებულ მანქანებში ჩაესხათ. აუდიტის მონაცემებით, 2018-2019 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტმა 249.5 ათასი ლარის ღირებულების 113 ტონა საწვავი დახარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევებიდან ნაწილი ჯერ კიდევ გამოუსწორებელია. უწყების ანგარიშში საუბარია ექვს საკითხზე, რომლებზეც მუნიციპალიტეტს საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები არ გაუტარებია, კერძოდ:

მუნიციპალიტეტს საკუთარ ანგარიშზე მნიშვნელოვანი თავისუფალი ნაშთები კვლავ აქვს;

2015-2016 წლებში მოწყობილი სოციალურად დაუცველთა სახლი, რომელზეც მუნიციპალიტეტმა დახარჯა 134.4 ათასი ლარი, კვლავ არ ფუნქციონირებს;

ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაზიანებულია, რაზეც მერიას შესაბამისი ღონისძიებები არ განუხორციელებია;

სატრანსპორტო საშუალებების საწვავისა და მოვლა-შენახვისთვის გამოყოფილი თანხები არარაციონალურად იხარჯება;

საკრებულოს არათანამდებობის წევრებზე ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიმდინარე აუდიტის ფარგლებშიც, შესაბამისი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის;

მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებისათვის და შედეგების მისაღებად, საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები გაეტარებინა, რაც არ განხორციელებულა.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი