იტვირთება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილმა პოზიცია შეიცვალა.

რეზიუმე: ნამახვანჰესის აშენების საკითხი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა. ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, 2009 წლის 8 დეკემბერს საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის მიუხედავად, დღეს მიხეილ სააკაშვილი ე.წ. „რიონის მცველებს“ სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ ნამახვანის ჰესების კასკადი არ უნდა აშენდეს.

ანალიზი:

2019 წლის 19 მარტს ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, მოლაპარაკებები დასრულდა. შეთანხმების მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადს კომპანია „ენკა“ ააშენებს.

ნამახვანჰესის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). ქვემო ნამახვანჰესის წყალსაცავის ზედაპირის სარკის ფართობი იქნება 5.1 კმ2“.

რამდენიმე თვეა, რაც ადგილობრივი მოსახლეობა, ე.წ. „რიონის მცველები“, გარემოსდამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე მრავალათასიანი აქცია ქუთაისშიც გაიმართა. გასული თვეების განმავლობაში, რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება არაერთხელ დაიძაბა. დაპირისპირება განსაკუთრებით 2021 წლის მარტის მეორე ნახევარში და აპრილის პირველ ნახევარში გამძაფრდა. პროტესტის მონაწილეები ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის არსებული კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნით, ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და კომპანიისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების შესახებ განკარგულება უნდა გაუქმდეს და ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. 2021 წლის 28 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ნამახვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, „თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირად არის აშენებული. რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის ან ნებისმიერი მეზობლისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გასაღება. ... არ შეიძლება მისი [ბუნების] ხელის ხლება. უბრალოდ, უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს ენერგიის მიღების ბევრი, სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია და ა.შ. ხელები შორს ქართული ბუნებისგან. საქართველოს სჭირდება კონკრეტული, სწორი, გრძელვადიანი განვითარება“.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნამახვანის ჰესების კასკადი პროექტის განხორციელება, პირველად, სწორედ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, 2009 წლის 8 დეკემბერს საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნამახვანჰესი” სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური იქნება საქართველოში და იმერეთსა და რაჭაში 20 000 სამუშაო ადგილს შექმნის.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება 2012 წლის 23 აპრილსაც გააკეთა. სვანეთში, ნენსკრაჰესის მშენებლობის გახსნისას მან განაცხადა, რომ „ეს არ არის წელს მთავარი მოვლენა. სულ, რაღაც ორიოდ თვეში ჩვენ ვიწყებთ ამაზე [ნენსკრაჰესზე] ორჯერ და მეტჯერ დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ნამახვანში. ერთად სიმძლავრე ამისი [ნენსკრაჰესი] და ნამახვანის პრაქტიკულად გაუტოლდება იმას, რაც თავიდან იყო ენგური”.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამახვანის ჰესების კასკადთან და ასევე, ზოგადად დიდი ჰესებთან დაკავშირებით, პოზიცია არსებითად შეიცვალა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნამახვანჰესის აშენების საკითხი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა. მიუხედავად ამისა, დღეს მიხეილ სააკაშვილი ე.წ. „რიონის მცველებს“ სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ ნამახვანის ჰესების კასკადი არ უნდა აშენდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰესების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია „ქართულმა ოცნებამაც“ არსებითად შეიცვალა. აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ფაქტ-მეტრი არ ახდენს პოზიციის ცვლილების მორალურ შეფასებას ან განსჯას. თუ მოქალაქეთა ერთი ნაწილის შეხედულებით პოზიციის ცვლილება პრინციპებში მერყეობის ან/და მყარი ღირებულებების უქონლობის ნიშანია, სხვათა შეხედულებით ეს კომპრომისზე მზაობისა და პრაგმატიზმის მაჩვენებელია. როგორც კლასიკური ფაქტჩეკინგის შემთხვევაში, პოზიციის ცვლილების გადამოწმების (FLIP-O-METER) ფარგლებშიც, ჩვენი მიზანია საზოგადოებას, უფრო ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, ხელი შევუწყოთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3029 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი