იტვირთება

რეზიუმე:

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 კი 15,9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 8 წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა, ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა.“

იქიდან გამომდინარე რომ წარსულში, ფაქტ-მეტრს მსგავსი ან იდენტური განცხადებები არაერთხელ გადაუმოწმებია, გთავაზობთ თითოეული განცხადების მცირე მიმოხილვას, შესაბამის ანალიზზე მითითებით. ფაქტ-მეტრის დასკვნით, განცხადებები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და ლარის კურსზე მეტწილად სიმართლეს წარმოადგენს, მშპ-ს ნაწილში - მანიპულირებას, ხოლო განცხადება, რომ უმუშევრობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, მცდარია.

განცხადება: პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 619.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. 2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 3.9%-ს შეადგენდა, რაც აგრეთვე, 2001 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020 წელს, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. გაეროს პროექციით, პუი მსოფლიოში დაახლოებით 42%-ით შემცირდა და პერსპექტივა ნეგატიურად რჩება. ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო. 2020 წლის განმავლობაში, ინვესტიციების არსებული დონე, 619.9 მლნ აშშ დოლარი, ძირითადად რეინვესტირებაზე მოდიოდა. რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალი იყო 2019 წელსაც და მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში მიანიშნებს ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს.

ვრცელი ანალიზი აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე.

განცხადება: 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი არის 15,9 მილიარდი

ვერდიქტი: მანიპულირება.

ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. მამუკა ხაზარაძე, დოლარში გამოსახულ მშპ-ს ნომინალურ მონაცემზე საუბრობს. განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ 2012-2020 წლებში, ეკონომიკის მოცულობა შემცირდა. თუმცა აღნიშნულ პერიოდში, რეალური მშპ დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. 2012-2019 წლებში, არცერთ წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი/მშპ არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა, ხოლო 2020 წელს, მშპ-ს შემცირება პანდემიას უკავშირდება.

პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა სხვადასხვა დროის ეკონომიკური მდგომარეობის შესადარებლად, არასწორია. განცხადებაში გამოყენებულია მონაცემები, რომლებიც რეალობას შეესაბამება, თუმცა მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების/არასწორი მიზნით გამოყენების შედეგად ეკონომიკური განვითარების რეალური სურათი დამახინჯებულია.

ვრცელი ანალიზი აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე.

განცხადება: ბოლო 8 წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დაახლოებით 87%-ით გაუფასურდა, 2012 წელთან შედარებით კი, გაუფასურება დაახლოებით 100%-ს შეადგენს. ლარს მცურავი გაცვლითი კურსი გააჩნია და მის კონკრეტულ ნიშნულზე ჩამოყალიბებას სავალუტო ბაზარზე ლარსა და დოლარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განაპირობებს. მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ბუნებრივია, ერთდროულად მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც პირობითად შეიძლება ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად დაიყოს. ხშირად, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, ვალუტის კურსს მხოლოდ შიდა ან მხოლოდ გარე ფაქტორებთან აკავშირებენ, რაც სიმართლის ნახევრად წარმოჩენას უკავშირდება. ობიექტური რეალობაა, რომ 2013-2020 წლებში, რეგიონს მრავალი კრიზისი დაატყდა თავს, მათ შორის - მსოფლიო მასშტაბის პანდემია. 2013-2021 წლებში, უშუალოდ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, მეტნაკლებად უფასურდებოდა. დოლართან მიმართებით, 2012 წელთან შედარებით, თურქული ლირა 376%-ითაა გაუფასურებული, რუსული რუბლი - 151%-ით, სომხური დრამი - 32%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 117%-ით.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლარის კურსზე უარყოფითად საქართველოს მთავრობის ქმედებები თუ უმოქმედობა და შეცდომები მოქმედებდა. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება, ბიუჯეტიდან თანხის არათანაბრად ხარჯვა და ა.შ. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება ე.წ გავრილოვის კრიზისსაც მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტი შეცდომად არა მარტო ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც შეაფასეს.

განცხადების კონტექსტი, ცალსახად მთავრობის კრიტიკას წარმოადგენს. განცხადების ნაწილი, რომელშიც პოლიტიკოსი ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე საუბრობს - სიმართლეა. რაც შეეხება იმას, თუ რით არის გამოწვეული ლარის კურსის ვარდნა, ბევრი სხვდასხვაგვარი ახსნა შეიძლება მოვისმინოთ. ეს არის როგორც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის, ასევე ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული შედეგიც.

ვრცელი ანალიზი აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე.

განცხადება: უმუშევრობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

ვერდიქტი: მცდარი

უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, 2020 წელს 18.5%-ს შეადგენდა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს არ წარმოადგენს და წინა წლებთან შედარებით, მაჩვენებელი მხოლოდ 2019 წელთან არის გაუარესებული. თუმცა, აღსანიშნავია რომ უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა. ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი,“ ადამიანები, რომლებიც უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა არ არიან დასაქმებულები. 2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდება, ანუ მოსახლეობის ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა, შედეგად დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონეც შემცირდა.

მეორეს მხრივ, პანდემიური კრიზისის მიუხედავად, 2020 წელს დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 2013 წლის შემდეგ გაზრდილია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში, მამუკა ხაზარაძის განცხადება მცდარია.

ვრცელი ანალიზი აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3029 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი