იტვირთება

ტელეკომპანია „ახალის“ ეთერში კორონავირუსების ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია „ახალის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სათაურით, „რა ხდება რეალურად - ექიმები ალაპარაკდნენ“. გადაცემის სტუმრები - ნონა აღდგომელაშვილი და გიორგი ლილუაშვილი - კორონავირუსის ვაქცინების შესახებ არაერთ დეზინფორმაციას და მანიპულაციას ავრცელებენ.

მტკიცება: ვაქცინები [Pfizer, Moderna, AstraZeneca], ამ ეტაპზე, არის ექსპერიმენტული. უსაფრთხოების და ეფექტურობის შედეგები 2023 წელს გამოქვეყნდება. ვაქცინების შექმნისას ცხოველებზე გამოცდის პერიოდი გამოტოვეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ კოვიდვაქცინები არის ექსპერიმენტული და ადამიანები, ვინც აიცრნენ ან აპირებენ ვაქცინაციას, ექსპერიმენტის ნაწილი არიან, არის ყალბი ამბავი.

COVID-19-ის ვაქცინები [Pfizer, AstraZeneca] მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის მესამე ფაზას წარმატებით გაივლის.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ იმუნური რეაქციის გამოსაწვევად, რომელი ანტიგენი უნდა იქნას გამოყენებული. პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ამ დროს ხდება ვაქცინის გამოცდა. უსაფრთხოების და დაავადების პრევენციის შესაძლებლობის შემოწმების მიზნით, ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან.

შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ვაქცინა პირდაპირ ადამიანებზე დატესტეს, ისე რომ მისი უსაფრთხოება ცხოველებზე არ იყო დადგენილი, ტყუილია. აღნიშნულ დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში ვრცელდებოდა (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მას შემდეგ, რაც ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, მისი კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება.

პირველ ფაზა - მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებს, ვაქცინის უსაფრთხოების შეფასების, იმუნური პასუხის წარმოქმნის დადასტურების და სწორი დოზის განსაზღვრის მიზნით, აცრა უტარდებათ. აღნიშნულ ფაზაში ვაქცინების გამოცდა ახალგაზრდა და ჯანმრთელ, სრულწლოვან მოხალისეებზე ხდება.

მეორე ფაზა - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, რამდენიმე ასეულ მოხალისეს აცრა უტარდება. ამ ეტაპზე, რამდენიმე გამოცდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და ვაქცინის განსხვავებული შემადგენლობების შესაფასებლად ტარდება. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებელი ჯგუფის სახით გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. აღნიშნულ საფუძველზე დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს.

მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. უმეტეს შემთხვევაში, გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი. გამოცდების მეორე და მესამე ფაზის დროს, მოხალისეებმა და კვლევაში ჩართულმა მეცნიერებმა არ იციან, რომელმა მოხალისეებმა მიიღეს შესამოწმებლად გამოტანილი ვაქცინა და რომელმა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო). ამას მხოლოდ ყველა შედეგის მიღების შემდეგ იგებენ.

ოვიდვაქცინებმა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ mRNA ვაქცინები აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ წლების განმავლობაში აქტიურად შეისწავლიდნენ. მომავალ mRNA ვაქცინის ტექნოლოგიის საშუალებით ერთი ვაქცინით რამდენიმე დაავადების პრევენცია შეიძლება იყოს შესაძლებელი, რაც ვაქცინით პრევენცირებადი ძირითადი დაავადებებისგან დასაცავად საჭირო აცრების რაოდენობას შეამცირებს. Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინები არ ხვდება უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ - გენეტიკური მასალა.

მტკიცება: AstraZeneca-ს ვაქცინამ მამაკაცში კლინიკური სიკვდილი გამოიწვია, რომელიც ინგოროყვას საავადმყოფოშია მოთავსებული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

63 წლის მამაკაცის, ბიძინა მამუკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მანიპულაციები აქამდეც გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (MoH) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი (NCDC) 63 წლის მამაკაცის შემთხვევაში AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდით ეფექტის - ანაფილაქსიური შოკის - განვითარებას არ ადასტურებენ.

NCDC-მ „ფაქტ-მეტრს“ განუცხადა, რომ მამაკაცის კომატოზური მდგომარეობა ვაქცინასთან ასოცირებული არ იყო, შესაბამისად, ცენტრში AstraZeneca-ს გვერდით ეფექტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. როგორც აღმოჩნდა, პაციენტი მძიმე ქრონიკული დაავადებების გამო კლინიკაში ხშირად ხვდებოდა, ბოლო ეპიზოდიც მის მძიმე დიაგნოზს უკავშირდება.

მტკიცება: სისტემა [იგულისხმება მთავრობა] სიკვდილიანობის მაჩვენებლით მანიპულირებს...როგორც ჩანს ეს ციფრები არ სიამოვნებთ და ამ სახით [ვაქცინით] ცდილობენ წინა წლებთან გატოლებას.

2020 წელს გარდაცვლილთა ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, ნათლად ჩანს, რომ გარდაცვალების მკვეთრი ზრდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკურ პერიოდთან თანხვედრაშია. 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარდაცვლილთა რიცხოვნობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 4 717-ით აღემატება. ოქტომბერ-დეკემბერში COVID-19-ით გარდაცვალების 2 466 შემთხვევა აღირიცხა. ამ პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალება შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგისტრირებული მონაცემები. გარდაცვლილთა მაჩვენებლით მანიპულაციები აქამდეც გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა.

შესაბამისად, მტკიცება, რომ მთავრობა გარდაცვლილთა რიცხვებით მანიპულირებს და ამ მონაცემების გაზრდას ვაქცინის საშუალებით გეგმავს, ყალბი და უსაფუძვლო ბრალდებაა.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3027 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი