იტვირთება

აჭარის ტელევიზია არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს: „ე.წ ინდური შტამი ვრცელდება მათზე, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს ან ვაქცინირებულია- WHO პირველადი კვლევა“

29 აპრილს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Ajara TV-მ ოფიციალურ ვებგვერდზე კორონავირუსის ახალ ინდურ შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ე.წ ინდური შტამი ვრცელდება მათზე ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს ან ვაქცინირებულია - WHO პირველადი კვლევა“. ვებგვერდზე გადასვლისას, საკითხის შესახებ დამატებით დეტალებს ვეცნობით: „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ წინასწარი კვლევის მიხედვით, ახალი ტიპის COVID-19, რომლის იდენტიფიცირება მოხდა ინდოეთში, გამოირჩევა სწრაფი გავრცელების უნარით. მათივე განმარტებით, ის შეიძლება გავრცელდეს მათზეც, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს ან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი.

აჭარის მაუწყებლის მიერ გავრცელებული ახალი ამბის სათაური მკითხველს არასწორ ინფორმაციას აწვდის, თითქოს COVID-19-ის „ინდური შტამი“ ვრცელდება მათზე, ვისაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს ან ვინც კოვიდვაქცინირებულია და ამას „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (ჯანმო) პირველადი კვლევა ადასტურებს.

ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბოლო დღეებში, ქვეყნის ისტორიაში კორონავირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. აღნიშნული ვითარების მიზეზად ხალხმრავალ შეკრებებთან და დაბალი ტემპით მიმდინარე ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ახალი „ინდური ვარიანტი“ სახელდება. ჯანმოს განცხადებით, „ინდური შტამი“, რომელიც B.1.617–ის სახელით მოიხსენიება, ინდოეთში პირველად 2020 წლის დეკემბერში იქნა იდენტიფიცირებული, თუმცა მოცემულ შტამზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბრიდან ფიქსირდება. „ინდური შტამი“ ჯანმოს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც „ინტერესის ვარიანტი“ (variant of interest). WHO-ს და CDC-ის განმარტებით, ვირუსის „ინტერესის ვარიანტი“ არის ისეთი შტამი, რომელიც უკვე მრავალჯერადად დაფიქსირდა COVID-19-ის ახალ შემთხვევებში და რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ უფრო გადამდები, უფრო მძიმე ფორმის დაავადების გამომწვევი იქნება ან ვაქცინების მიერ გამომუშავებულ იმუნიტეტს არ დაემორჩილება.

შეზღუდული რაოდენობის ნიმუშებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ჯანმომ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, „ინდური შტამი“ უფრო გადამდები ან უფრო სერიოზული ინფიცირების გამომწვევი აღმოჩნდეს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, შესაძლოა, რომ ახალი შტამი ნაკლებად დაემორჩილოს ვაქცინაციით გამომუშავებულ იმუნიტეტს. თუმცა ჯანმოს თქმით, „ინდურ შტამზე“ დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად მეტი ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა საჭირო.

დღეისთვის ზუსტად არ არის ცნობილი, არის, თუ - არა ინდური ვარიანტი უფრო გადამდები, ან აქვს, თუ - არა უნარი, მოერიოს დღეს არსებულ ვაქცინებს. ახალ შტამზე კვლევები ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. თუმცა ვირუსოლოგი შაჰიდ ჯამილი BBC-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ვირუსის სპაიკ ცილაში მომხდარმა ორმაგმა მუტაციამ, შესაძლოა, რომ ვირუსი უფრო მეტად გადამდები და იმუნური სისტემისთვის ძნელად დასაძლევი გახადოს“. ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგ ჯერემი კამილის განცხადებით, „სავარაუდოდ, ინდური ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბრიტანული, თუმცა მსოფლიო არ უნდა აჰყვეს პანიკას“. ამასთან ერთად, ინდოელი ინფექციონისტების განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის რეკორდული ტემპით გავრცელება შესაძლოა დიდ რელიგიურ შეკრებებს, საჯარო თავშეყრის ადგილების გახსნასა და რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდებოდეს. მათი განცხადებით, მეორე ტალღის დაწყების ნიშნები ჯერ კიდევ თებერვალში იყო, თუმცა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. ექსპერტების შეფასებით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას მოსახლეობის სიღარიბე და სიმჭიდროვეც უწყობს ხელს.

აქედან გამომდინარე, აჭარის მაუწყებლის, Ajara TV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ჯანმოს წინასწარმა კვლევამ დაადგინა, რომ „ინდური შტამი“ მათზე გავრცელდება, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს ან ვაქცინირებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანმოს განცხადების თანახმად, „ინდურ შტამზე“ საჭირო და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, თუმცა მცირე ლაბორატორიული კვლევების თანახმად, სავარაუდოდ, ახალი „ინდური შტამი“ მეტად გადამდებია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

შენიშვნა: აჭარის ტელევიზიამ მასალის სათაური შეასწორა. მასალის ამჟამინდელი სათაური: "ე.წ ინდური შტამი შესაძლოა გავრცელდეს მათზე ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს ან ვაქცინირებულია - WHO პირველადი კვლევა"


მსგავსი სიახლეები

3029 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი