იტვირთება

დეზინფორმაცია: გასაკრავ ქსოვილს სავალდებულო ვაქცინაციისათვის გამოიყენებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

9 მაისს, Facebook-გვერდმა „სტალინი“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, ავტორის მტკიცებით, იძულებითი ვაქცინაციისათვის განკუთვნილი გასაკრავი ქსოვილია გამოსახული. აღნიშნული ფოტო ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ სივრცეში აქტიურად ცირკულირებს და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

ფოტოზე ინგლისურ ენაზე დართულია შემდეგი ფრაზები: „იძულებითი ვაქცინაცია?“ (Mandatory vaccination?); „ინექცია აქ“ (Injection here); „კარგი ამბავი! ყველა ზომა ხელმისაწვდომია“ (Good news! They come in all sizes). ამასთან, ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: „გასაკრავ ქსოვილს სავალდებულო ვაქცინაციისათვის გამოიყენებენ, ანუ ძალით აცრიან ვინც არ დათანხმდება...“

აღსანიშნავია, რომ მტკიცება, თითქოს ფოტოზე გამოსახული მოწყობილობა, ე.წ. გასაკრავი ქსოვილი, იძულებითი ვაქცინაციისათვისაა განკუთვნილი, რეალობას არ შეესაბამება და დეზინფორმაციას წარმოაგდენს. ამგვარად და მსგავსი აღწერით ფოტოს პუბლიკაცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ვაქცინაციის პროცესი სავალდებულო და იძულებითი გახდება, ხოლო აღნიშნულის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება ისეთი მოწყობილობები, როგორიც ფოტოზე გამოსახული გასაკრავი ქსოვილია.

რას წარმოადგენს რეალურად ფოტოზე გამოსახული მოწყობილობა და რისთვის გამოიყენება ის?

ფოტოზე გამოსახული სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც იძულებითი ვაქცინაციისათვის განკუთვნილ გასაკრავ ქსოვილად მოიხსენებს ავტორი, რეალურად ფიქსაციისათვის განკუთვნილი დაფაა (Papoose Board). სამედიცინო სფეროში ის სულ მცირე 1990-იანი წლებიდან გამოიყენება.

დაფა Papoose გამოიყენება თავის ფიქსაციისათვის. ყველაზე უფრო ხშირად ის ბავშვთა სტომატოლოგიაში გამოიყენება, ასევე გამოიყენება სპეციალური საჭიროებების მქონე პაციენტების მკურნალობის დროს. სამედიცინო მოწყობილობა ზღუდავს კიდურების მოძრაობას, რომ სტომატოლოგიურმა მანიპულაციებმა შეუფერხებლად, ხელის შეშლის გარეშე ჩაიარონ. აღნიშნული მიდგომა ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, ვინაიდან მოძრაობის შეზღუდვამ შესაძლოა ზიანი, მათ შორის მენტალური ტრავმის სახით, მიაყენოს პაციენტებს.

ბავშვთა სტომატოლოგიის ამერიკული ასოციაცია გასცემს რეკომენდაციას, რომ აღნიშნული სტაბილიზაციის პრაქტიკა გამოყენებულ იქნას მხოლოდ მშობლის ან მეურვის თანხმობის საფუძველზე, ან გამოყენებულ იქნას იმობილიზაციის ალტერნატიული ვარიანტები: მედიკამენტოზური (დამამშვიდებლის შეყვანა, საერთო ანესთეზია) ან არამედიკამენტოზური (სტომატოლოგთან ერთად მომუშავე მედპერსონალის მიერ პაციენტისათვის თავის ფიქსაცია). ასევე, ასოციაცია გასცემს რჩევას, რომ აღნიშნული პროცედურის ჩატარების დროს პაციენტის გვერდით უნდა იმყოფებოდეს მშობელი ან ახლობელი - რაც შედარებით მყუდრო და უსაფრთხო გარემოს ქმნის პაციენტისათვის.

______________________________

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3027 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი