იტვირთება

დავით ბაქრაძე: 1700 საჩივარი იყო შეტანილი სასამართლოში [არჩევნებთან დაკავშირებით], კომისიებში, ყველა დონეზე და არცერთი არ გაინიხილეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: განცხადება შეიცავს ფაქტობრივად არასწორ მტკიცებას, რომ 1700 საჩივრიდან არცერთი საჩივარი არ იქნა განხილული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცესკომ დაახლოებით 970 საჩივარი განიხილა და 272 საჩივარი სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ხოლო 1116 საჩივარი პროცედურული გაუმართაობის გამო, განუხილველი დარჩა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ განცხადების ის შინაარსი, რომელიც საარჩევნო დავებში გამოვლენილ უხეშ დარღვევებს და საჩივრების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმას გულისხმობს, არის სიმართლე. ზემოთ განხილული საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები თუ განცხადებები მოწმობს, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისას, საჩივარზე უარის თქმა, ხშირად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ხდებოდა.

ანალიზი:

2021 წლის 2 მარტს „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში, „რეაქცია“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას განაცხადა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 1700 საჩივარი იყო შეტანილი სასამართლოში, კომისიებში, ყველა დონეზე და არცერთი არ განიხილეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2092 საჩივარი შევიდა. მათგან - 633 საჩივარი ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, ხოლო 1459 საჩივარი საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. ჯამში, სრულად ან ნაწილობრივ 272 საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც საჩივრების საერთო რაოდენობის 13 %-ს, ხოლო სამართლებრივად სწორად წარდგენილი საჩივრების 28 %-ს შეადგენს. ამასთან, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საჩივრების საერთო რაოდენობის 53 % (1116) სამართლებრივი პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი.

ცხრილი 1: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საყურადღებოა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი, ბოლო 7 არჩევნებთან შედარებით, ყველაზე დაბალია.

ცხრილი 2: 2012-2020 წლებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ცხრილი 2 - დან ჩანს, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 13 %-ს შეადგენს, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით განუხილველი საჩივრების პროცენტული მაჩვენებელი დაახლობით 53 %-ს შეადგენს, რაც შესადარებელ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საჩივრების ზოგადი სტატისტიკის გარდა, აღსანიშნავია, რომ არჩევნებში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები საარჩევნო დავების განხილვაში გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას.

2020 წლის 4 ნოემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს“.

საოლქო კომისიების მიერ საჩივრების არაჯეროვან განხილვაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ გაავრცელა განცხადება. საია-ს შეფასებით, „საოლქო საარჩევნო კომისიებში განხილვის პროცესი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები არათანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად მიიღებოდა. საოლქო საარჩევნო კომისიები ძირითადად, ერთ წარმოებად არ აერთიანებდნენ სხვადასხვა სუბიექტის მიერ ერთ უბანთან დაკავშირებით შეტანილ საჩივრებს. რიგითობით პირველი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ, ამ მოტივით სხვა ორგანიზაციების მიერ ამავე საკითხზე შეტანილი დავები განუხილველი რჩებოდა“. ამასთან, 2021 წლის 27 აპრილს საია-მ საარჩევნო დავების სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა. ზემოხსენებულ პრობლემებთან ერთად, ანგარიშში საოლქო კომისიების მიერ საჩივრების განხილვის არაერთგვაროვან პრაქტიკაზე, მტკიცებულებათა ზედაპირულ შესწავლასა და საჩივრების მიმართ წინასწარ განწყობებზეა ყურადღება გამახვილებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ საჩივრების განხილვის პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან ერთად, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკანონმდებლო ჩარჩოც პრობლემურია. საია-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი ვადების სიმცირე მნიშვნელოვანი ბარიერია სათანადო დასაბუთების მომზადების, შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებისა და საჩივრის წარდგენის თვალსაზრისით, მით უფრო იმ პირობებში, რომ არ არსებობს ელექტრონულად მისი გაგზავნის წესი.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მიერ გამოქვეყნებული, საბოლოო ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკანონმდებლო ჩარჩო რთული და ზედმეტად შემზღუდველია. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს და აკრედიტირებულ სადამკვირვებლო ჯგუფებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გასაჩივრების უფლება აქვთ, ამომრჩევლებს საარჩევნო პროცესში საკუთარი უფლებების დაცვის ფართო შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფორმალური საფუძვლებით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ სამართლებრივი დაცვის მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდა. ეუთოს აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ ხდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ვენეციის კომისიის მიერ დიდი ხნის წინ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით ბაქრაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი. განცხადება შეიცავს ფაქტობრივად არასწორ მტკიცებას, რომ 1700 საჩივრიდან არცერთი საჩივარი არ იქნა განხილული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცესკომ დაახლოებით 970 საჩივარი განიხილა და 272 საჩივარი სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ხოლო 1116 საჩივარი პროცედურული გაუმართაობის გამო, განუხილველი დარჩა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ განცხადების ის შინაარსი, რომელიც საარჩევნო დავებში გამოვლენილ უხეშ დარღვევებს და საჩივრების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმას გულისხმობს, არის სიმართლე. ზემოთ განხილული საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები თუ განცხადებები მოწმობს, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისას, საჩივარზე უარის თქმა, ხშირად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ხდებოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3184 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი