იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018–2019 წლის საქმიანობა შეისწავლა. სახელმწიფო აუდიტის შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. „ფაქტ–მეტრი“ რამდენიმე მათგანს გამოყოფს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ავტომობილების რაოდენობა და საწვავის ხარჯვისას გამოვლენილი ნაკლოვანებები

საქართველოს მთავრობის „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მიხედვით, 2018-2019 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, რეკომენდებული იყო 6 სამორიგეო ავტომანქანა. მიუხედავათ რეკომენდაციისა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 12 და თანამშრომლების საკუთრებაში არსებული 45-56 ავტომანქანით.

2018–2019 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ავტომანქანებზე 171.5 ტონა საწვავი დახარჯა, რომლის საერთო ღირებულებამ 370.2 ათასი ლარი შეადგინა, მათ შორის, თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დახარჯულია 111.1 ათასი ლიტრი საწვავი.

სახელმწიფო აუდიტის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 44-ზე მეტ შემთხვევაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებმა 1.4 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც, სავარაუდოდ, არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ზომოაღნიშნულის გარდა, 80-მდე შემთხვევაში, 2.1 ტონაზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს. ასევე, 150-ზე მეტ შემთხვევაში, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთჯერადად ჩასხმული საწვავის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას.

ცხრილი 1. ავტომობილებში ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით ჩასხმის მაგალითები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ზემოაღნიშნულ ცხრილში, ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის ცხრა მაგალითია ნაჩვენები, რაც აჩენს რისკს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო მოხელეებმა მიღებული საწვავი სამსახურებრივი დანიშნულებით სრულად არ გამოიყენეს ან/და საწვავი არაავტორიზებულ ავტომანქანაში გამოიყენეს.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას, მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს საწვავის მიზნობრივ ხარჯვაზე სათანადო კონტროლი დაწესებული არ აქვს, რამაც საწვავის არაუფლებამოსილი პირების მიერ ან არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება გამოიწვია.

დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაცემული სახელფასო დანამატი

2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა, სახელფასო დანამატის სახით, 332.7 ათასი ლარი გასცა. სახელმწიფო აუდიტის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ სახელფასო დანამატი გაცემულია მოხელეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების მოტივით, თუმცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაო შეასრულეს დასაქმებულმა პირებმა, რის საფუძველზეც სახელფასო დანამატი გაიცა.

ასევე აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 10 შემთხვევაში სახელფასო დანამატისთვის კანონით განსაზღვრული მოცულობები დაარღვია და ნაცვლად წლიური ოდენობის 20%-ისა, მომსახურეებზე 21%- დან 28%-მდე ხელფასი გასცა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ სახელფასო დანამატის სახით 123.2 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზეა გაცემული. ორგანიზაციებმა ვერ წარმოადგინეს დოკუმენტური მტკიცებულება სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველის თაობაზე.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, 2018–2019 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო მოხელეებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, სახელფასო დანამატის სახით, სულ 455.9 ათასი ლარია გაცემული.


მსგავსი სიახლეები

3028 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი