იტვირთება

ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს გორის თეატრის რეაბილიტაცია დაიწყება

ვერდიქტი: არ შესრულდა

რეზიუმე:

გორის, გიორგი ერისთავის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დაიგეგმა. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ადგილზე ჩასულმა „ქართუ ჯგუფისა“ და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა გააჟღერეს.

დაპირების თანახმად, 2020 წლისთვის გორის თეატრის რეაბილიტაციისთვის შესაბამისი პროექტირება დაიწყებოდა. შენობის წინ კი სკვერი მოეწყობოდა.

გორის თეატრის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ბოლოს 2013 წელს ხარვეზებით განხორციელდა, რის გამოც პრობლემებმა თავი მალევე იჩინა.

ამჟამად, გორის თეატრის დასი მაყურებელს ისევ ავარიულ შენობაში მასპინძლობს და მუშაობას სერიოზული რისკის ქვეშ აგრძელებს.

ანალიზი:

მუნიციპალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები გორში 2019 წლის დასაწყისში იმყოფებოდნენ. მაშინდელ გუბერნატორთან ერთად მათ გორის თეატრი დაათვალიერეს და ხელმძღვანელობას შენობის რეაბილიტაციისთვის მხარდაჭერას დაპირდნენ.

„დაგვპირდნენ, რომ 2020 წლისთვის დაიწყებოდა ყველაფრის პროექტირება და მთლიან შენობას ჩაუტარდებოდა რეაბილიტაცია. თეატრს რეაბილიტაცია ნამდვილად ესაჭიროება, ფასადზე კოროზიებია დაწყებული, იშლება ფასადი და ძალიან სამწუხარო იქნება ქალაქის ცენტრში არსებული ისტორიული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაიშალოს და განადგურდეს. საფრთხეები სერიოზულია, კოლონადებია ჩამოშლილი და ძალიან სავალალო მდგომარეობაა, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს," - აცხადებს თეატრის დირექტორი, გიორგი წვერავა.

მიღებული დაპირების მიხედვით, შენობის წინ დაიგეგმა არსებული გარე სკვერის მოწყობაც, საიდანაც კინოდარბაზის შესასვლელი იქნებოდა გათვალისწინებული. „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლების დაპირების მიხედვით, თეატრში საპროექტო სამუშაოების დაწყებას 2020 წლის შემოდგომით ელოდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია.

„დაახლოებით 5-6 თვეა ამ საკითხზე არაფერი გამიგია, 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო მთლიანად პროექტი, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ჯდებოდა. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 2021 წლისთვის კი უკვე რემონტი უნდა დასრულებულიყო. არც პროექტი არ მინახავს თვალით და ვინმე თუ ჩუმად რამეს აკეთებს სახლში არ ვიცი. არ არსებობს პროექტი. შეუძლებელია თანამშრომელს რამე მოსთხოვო, როდესაც ელემენტარული პირობები არ არსებობს ტექნიკური თვალსაზრისით", - აცხადებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით ჩხარტიშვილი.

„ფაქტ-მეტრი“ შიდა ქართლის მაშინდელ გუბერნატორს და ახლა უკვე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გადასულ გიორგი ხოჯევანიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც „ქართუ-ჯგუფი“ წარმომადგენლებს თავის დროზე გორის თეატრის შენობა დაათვალიერებინა. გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ვკითხეთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუ ჰქონდა ინფორმაცია, რაზეც გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების ვადები მისთვისაც უცნობია.

„მქონდა კომუნიკაცია გარკვეული პერიოდის უკან მაგ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, „ფონდ ქართუს“ წარმომადგენლებიც იყვნენ ადგილზე ჩამოსულები, მაგრამ დეტალებს თარიღებთან დაკავშირებით ვერ აკონკრეტებენ, ამიტომ ალბათ აჯობებს ეს საკითხი თვითონ „ქართუსთან" გაარკვიოთ, რადგან მათზეა დამოკიდებული",-ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

„ქართუ ჯგუფი“ ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებს, ყოველ შემთხვევაში, „ფაქტ-მეტრის“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს და განმარტეს, რომ აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობენ.

„შევეცადე გამერკვია ეგ საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით. არ ვფლობ ინფორმაციას,“-განმარტა „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელმა, მარიამ გოგიჩაიშვილმა.

წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდისა და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გორში ეს ერთადერთი დაპირება არ არის, რომელიც არ შესრულდა. 2020 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის მაშინდელი კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი გორელებს დაპირდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორის ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა და ის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცა. დაპირების მიხედვით, „ქართუ ჯგუფი“, მისი განვითარების გეგმასაც დააფინანსებდა და გორს ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობის სივრცე შეემატებოდა. სამუშაოები 2021 წლიდან უნდა დაწყებულიყო, ამის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში გასულ წელს გორის მერიც საუბრობდა. კონსტანტინე თავზარაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ 21 813 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ტერიტორიის ღირებულება, რომელიც კერძო მესაკუთრისგან ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გამოისყიდეს, 1 550 000 ლარია. ახლა კი ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი 30-მდე კერძო პირის საკუთრებაშია და სამუშაოებიც სწორედ ამ ვითარების გამო ჭიანურდება.

მსგავს პრობლემაზე გასულ წელს საუბარი არ ყოფილა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გორელებს სიახლის შესახებ აცნობეს. პირიქით, გორის მერი მაშინ თავად ამბობდა, რომ „ქართუ ჯგუფმა“ ობიექტი კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა, რაშიც მილიონნახევარ ლარზე მეტი გადაიხადა და გორის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა.

ფაქტია, რომ „ქართუს“ მიერ გასულ წელს გაჟღერებული გეგმის თანახმად, ორივე ობიექტზე, გორის თეატრის რეაბილიტაციისა და დაპირებული რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, მინიმუმ საპროექტო სამუშაოები მაინც უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც დაწესებულებების წარმომადგენლები ამბობენ, დაპირებების შესრულების შესაძლებლობა და ვადები ახლა უკვე მათთვისაც უცნობია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი