იტვირთება

დავით გაბაიძე: ჩემი მთავრობის აპარატში მუშაობის პერიოდში მიღებული ადმინისტრაციული საჩივრებიდან, დაახლოებით, ნახევარი მაინც, სწორედ საჩივრის დაკმაყოფილებით [გადაწყდა]...

ვერდიქტი: დავით გაბაიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის აპარატში 2012 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტმბრამდე მუშაობდა. ამ პერიოდში უწყებაში განსახილველად 86 საჩივარი შევიდა. საჩივრების მთლიანი რაოდენობიდან, სრულად დაკმაყოფილდა 7, ხოლო ამდენივე - ნაწილობრივ. 33 საჩივარი კი საერთოდ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენი განცხადების საფუძველზე მთავრობამ საქმის წარმოება არ დაიწყო ხარვეზის გამოუსწორებლობის, საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის და საკითხის სასამართლოს განსჯადობის მიკუთვნებულობის გამო. რამდენიმე განცხადება კი შესაბამის უწყებას გადაუგზავნა, რადგან საჩივრის განხილვა აჭარის ა/რ მთავრობის კომპეტენციაში არ შედიოდა.

აქედან გამომდინარე, 2013-2016 წლებში აჭარის მთავრობამ, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, სულ 47 საჩივარი განიხილა, საიდანაც სრულად 14,89% დაკმაყოფილდა, ამდენივე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 70,21% არ დაკმაყოფილდა.

დავით გაბაიძის მთავრობის აპარატში მუშაობის პერიოდში სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრების ჯამური რაოდენობა 29,78%-ს შეადგენს და ის ნაკლებია, ვიდრე იმ საჩივრების რაოდენობა, რომლებიც არ დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა: „ჩემი მთავრობის აპარატში მუშაობის პერიოდში მიღებული ადმინისტრაციული საჩივრებიდან, დაახლოებით, ნახევარი მაინც, სწორედ საჩივრის დაკმაყოფილებით [გადაწყდა]“...

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

დავით გაბაიძე აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. დასაწყისში ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 2013 წელს ამ პოზიციაზე ოფიციალურად დაინიშნა. 2014 წლიდან გაბაიძე მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გახდა და ამ პოზიციას 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე იკავებდა.

ვინაიდან დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ 2013 წლიდან დაინიშნა, უპრიანი იქნებოდა, მის განცხადებაში გაჟღერებული მონაცემი სწორედ 2013 წლიდან დაგვეთვალა.

2013-2016 წლებში მთავრობის აპარატში 86 საჩივარი შევიდა. (დანართი 1) აქედან სრულად დაკმაყოფილდა 7 განცხადება და ამდენივე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო 33 არ დაკმაყოფილდა. 17 შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა განხილვაზე, რადგან საკითხი სასამართლოს განსჯადობას განეკუთვნებოდა, 4 საჩივრის განხილვაზე მთავრობამ უარი თქვა საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო, ამდენივეზე - ხარვეზის შეუვსებლობისთვის, ასევე 5 საჩივართან დაკავშირებით არ გამოიცა აქტი, რაც უარის თქმას ნიშნავს, 1 საჩივარი განუხილველად დატოვა, რადგან მხარეებს შორის იმავე მოთხოვნით, საქმისწარმოება სასამართლოში მიმდინარეობდა, 1 დაუბრუნდა საჩივრის შემომტანს, ვინაიდან საკითხი სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენდა, ხოლო 2 შემთხვევაში საჩივარზე უარი თქვა თვითონ ავტორმა. კიდევ ერთი საჩივარი მთავრობამ არ განიხილა, რადგან ის არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა, დანარჩენი საჩივრები უფლებამოსილ ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა.

გამოდის, რომ დავით გაბაიძის მთავრობის აპარატში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, უწყებამ შესული განცხადებების საერთო რაოდენობიდან, საქმის წარმოება 47 შემთხვევაში დაიწყო. აქედან სრულად 14,89% დაკმაყოფილდა, ამდენივე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არ დაკმაყოფილდა 70,21%. ეს ნიშნავს, რომ დაკმაყოფილებული და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრების ჯამური რაოდენობა, განხილული საჩივრების მთლიანი რაოდენობის 29,78%-ს შეადგენს.

საჩივრის ავტორები ფიზიკური და იურიდიული პირები არიან, ხოლო მოპასუხე მხარე, უმეტეს შემთხვევაში - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. რამდენიმე განცხადების მოწინააღმდეგე მხარეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ეკონომიკური განვითარების საბჭო და გარემოს დაცვის სამმართველო წარმოადგენენ.

რაც შეეხება საჩივრის საგანს/მოთხოვნას, უმეტესად ის აუქციონთან ან ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, საჯარო ინფორმაციის გაცემას, ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლას, ზიანის ანაზღაურებას, თანხის დაბრუნებას, ქმედების განხორციელების აკრძალვას და სამოქალაქო ურთიერთობებს ეხება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი