იტვირთება

ანდრია ბასილაია: 2018 წლიდან 195 მლნ ლარი დავხარჯეთ გამწვანების ღონისძიებებზე და ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა რვა წლის პერიოდში დახარჯული თანხა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანდრია ბასილაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: თბილისის ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 2010-2017 წლებში დედაქალაქის გამწვანებაზე ჯამში 98 983 100 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება 2018-2021 წლის პერიოდს, ამ დროის განმავლობაში დედაქალაქის გამწვანებაზე დახარჯული თანხა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა და მთლიანობაში 149 052 600 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2018-2021 წლებში, თბილისის გამწვანებაზე ჯამში დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე გასულ რვა წელში ერთად აღებული. ასევე, ანდრია ბასილაია, საანგარიშო პერიოდში თბილისის გამწვანებაზე დახარჯულ თანხას გადაჭარბებით ასახელებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანდრია ბასილაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ სტუმრობისას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ თბილისისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გამწვანების ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „2018 წლიდან 195 მლნ ლარი დავხარჯეთ გამწვანების ღონისძიებებზე და ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა რვა წლის პერიოდში დახარჯული თანხა“.

ჩვენ დავინტერესდით, 2010-2017 წლებსა და 2018 წლიდან დღემდე დედაქალაქის ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯა გამწვანებაზე.

თბილისის ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 2010-2017 წლებში დედაქალაქის გამწვანებაზე ჯამში 98 983 100 ლარია დახარჯულ. თითოეული წლის ხარჯი შემდეგნაირი იყო:

ცხრილი1: დედაქალაქის გამწვანების ბიუჯეტი 2010-2017 წლებში

წყარო: თბილისის მერიის ბიუჯეტი

საანგარიშო პერიოდიდან თითქმის 4 წლის განმავლობაში (2010 წლიდან 2013 წლის 22 დეკემბრამდე, როდესაც გიგი უგულავას სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა) თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, 2014 წლის ნოემბრიდან 2017 წლის შემოდგომამდე კი - დავით ნარმანია [2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე დედაქალაქის მერის მოვალეობას სევდია უგრეხელიძე ასრულებდა].

დედაქალაქის დასახელებული პერიოდის გამწვანებაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ყველზე გახმაურებულ პროექტს „მილიონი ხე თბილისს“, რომელიც დავით ნარმანიას მერობის დროს განხორციელდა.

თბილისის მერიამ „მილიონი ხის“ პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერად არჩევისთანავე, 2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო. 2017 წლის ბოლოსთვის (დავით ნარმანიას მერობის ვადის ამოწურვის დროისთვის), დედაქალაქში პროექტის დაწყებიდან სულ 660 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე იყო დარგული. აქედან, მერიის მიერ შესყიდული 617 245 ნერგი (42 755 ნერგი მერიას უსასყიდლოდ გადაეცა) იყო, რომელთა შესყიდვებზე სულ 4 584 634 ლარი დაიხარჯა. „მილიონი ხის“ პროექტმა საზოგადოების საყოველთაო ინტერესი თავიდანვე გამოიწვია. პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა გაჩნდა. განსაკუთრებით აქტუალური დარგული ნერგების რაოდენობა იყო. „ფაქტ-მეტრმა“ ამ საკითხის კვლევა 2016 წლიდან დაიწყო და აღნიშნულ თემას რამდენიმე სტატია მიუძღვნა (იხ. სტატია1; სტატია 2; სტატია 3). კვლევისას გაირკვა, რომ მერიის მიერ შესყიდული ნერგების უდიდესი ნაწილი - 89%, 0.25-1 მეტრი სიმაღლის იყო, რომელთა გახარების კოეფიციენტი მერიამ ჩვენ ვერ მოგვაწოდა და შესაბამისად, ღიად დარჩა საკითხი დარგული 617 000 ნერგიდან, რეალურად რამდენმა გაიხარა. მით უმეტეს, რომ ჩვენ ადგილზე გავეცანით ნერგების მდგომარეობას და მათი დიდი ნაწილი, დარგვიდან მალევე, გამხმარი იყო. შესაბამისად, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მილიონი ხის პროექტი ჩავარდა.

რაც შეეხება 2018-2021 წლის პერიოდს, ამ დროის განმავლობაში დედაქალაქის გამწვანებაზე დახარჯული თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჯამში 149 052 600 ლარი შეადგინა.

თითოეულ წელზე დახარჯული თანხა შემდეგნაირია:

ცხრილი 2: დედაქალაქის გამწვანების ბიუჯეტი 2018-2021 წლებში

წყარო: თბილისის მერიის ბიუჯეტი

იმასაც აღვნიშნავთ, რომ „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2020-2021 წლებში დედაქალაქის მერიამ სეზონური ყვავილების შესაძენად 600 000 ლარი დახარჯა.

შეჯამების სახით, დედაქალაქის ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 2018-2021 წლებში თბილისის გამწვანებაზე ჯამში დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი ( და არა 2-ჯერ მეტი) თანხა დაიხარჯა, ვიდრე გასულ რვა წელში ერთად აღებული, თანაც საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქის გამწვანებაზე უფრო ნაკლები თანხა დაიხარჯა, ვიდრე მერის მოადგილე ასახელებს. განცხადებაში მერის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს ამ მიმართულებით დახარჯული თანხების კარდინალურ ზრდაზე, რაც სიმართლეს შეესაბამება. სწორედ მოცემული კონტექსტიდან გამომდინარე, ანდრია ბასილაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3180 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი