დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში სიღარიბე არის კლებადი ტენდენციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: პანდემიამდე, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი (19.5%) აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა, 2020 წელს კი სიღარიბის დონე 21.3%-მდე გაიზარდა. საქსტატის [ასევე მსოფლიო ბანკის] მონაცემებით, 2011-2015 წლებში სიღარიბის დონე 37.3%-დან 21.6%-მდე შემცირდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იმავე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის მაჩვენებელი 21.9%-დან 19.5%-მდე შემცირდა.

Unicef-ის ბოლო მონაცემებით, [რომელზეც დიმიტრი ხუნდაძე მიგვითითებს] 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კი 2.1%-დან 5%-მდე გაიზარდა. 2017 წელს განსაკუთრებით გაიზარდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე, 2.5%-დან 6.8%-მდე. 2011-2015 წლებში საქართველოში უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი მცირდებოდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 8.2% (300 ათასზე მეტი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებება. „შიმშილის გლობალურ ინდექსის“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს იკავებს. შიმშილის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა უკანასკნელ, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, გაუარესებულია.

10-წლიან პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე შემცირებულია, თუმცა რაც შეეხება ტენდენციას, სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით იყო, შემდეგ ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018-2019 წლებში კი შედარებით დაბალი ტემპით გაგრძელდა სიღარიბის შემცირება. ამასთან ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად შიმშილი [არასრულფასოვანი კვება] რჩება და ამ მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

ანალიზი

11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: „მართალია სიღარიბე პრობლემაა, განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე. მაგრამ ის, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან, ეს არის მძიმე ბრალდება საკუთარი ქვეყნის წინაშე... წაიკითხეთ მონაცემები, მსოფლიო ბანკის, იუნისეფის, ქვეყანაში სიღარიბე არის კლებადი ტენდენციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რამდენად მწვავე პრობლემაა უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი ქვეყანაში და როგორია ბოლო წლების ტენდენცია.

საქართველოს ეროვნული სიღარიბის მაჩვენებელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ასახავს. აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება, სიღარიბის ზღვრად აღებულია საარსებო მინიმუმი. პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რასაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა.

სიღარიბე ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი (19.5%) აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა. საქსტატის [ასევე მსოფლიო ბანკის] მონაცემებით, 2011-2015 წლებში სიღარიბის შემცირების ტენდენცია იყო და 37.3%-დან 21.6%-მდე შემცირდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იმავე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის მაჩვენებელი 21.9%-დან 19.5%-მდე შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება UNICEF-ის მონაცემებს, „საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის“ კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. აღნიშნული კვლევები 2009-2017 წლების მაჩვენებლებს ასახავს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება. UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. სიღარიბის დონე მოსახლეობის ყველა ჯგუფში გაიზარდა, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელმა მოიმატა.

Unicef-ის მონაცემებით, 2011-2015 წლებში ზოგადი და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები მცირდებოდა. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კი 2.1%-დან 5%-მდე გაიზარდა. (იხ. გრაფიკი 2).

2017 წელს განსაკუთრებით გაიზარდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე, 2.5%-დან 6.8%-მდე. აღსანიშნავია, რომ 2009-2015 წლებში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 11.5%-დან 2.5%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 2: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები, 2009-2017 წლებში

წყარო: UNICEF -მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები

დიმიტრი ხუნდაძე უარყოფს, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან და აღნიშნულს მძიმე ბრალდებას უწოდებს.

თუმცა საქართველოსთვის, ასევე გლობალურად, შიმშილი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც დიდწილად უკიდურესი სიღარიბე და საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემაა. აქვე განვმარტავთ, შიმშილი არასრულფასოვან კვებას (საკვების ის ოდენობა, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის არასაკმარისია) გულისხმობს. არასრულფასოვანი კვება ჯანმრთელობას აზიანებს და სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება, რაც შესაძლოა, შემდგომ გარდაცვალების მიზეზიც გახდეს. UNICEF--ის განმარტებით, არასრულფასოვან კვებას სიღარიბე, ურბანიზაცია, კლიმატის ცვლილება და საკვების მწირი არჩევანი განაპირობებს.

გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი სწორედ შიმშილის აღმოფხვრაა. 2020 წლის სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) „სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში შიმშილის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. კვლევის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 8.2% (300 ათასზე მეტი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებელი კავკასიის რეგიონის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 8.9% (თითქმის 690 მილიონი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებება.

„შიმშილის გლობალურ ინდექსის“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს იკავებს. შიმშილის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა უკანასკნელ, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, გაუარესებულია. შიმშილის ინდექსში საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი მხოლოდ თურქმენეთსა და უზბეკეთზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. შიმშილის გლობალური ინდექსი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დგინდება: მოსახლეობის არასრულფასოვანი კვება, 5 წლამდე ბავშვთა შიმშილი/წონის დეფიციტი, ზრდაში ჩამორჩენა 5 წლამდე ბავშვებში და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა.

ფაქტია, რომ შიმშილი და უკიდურესი სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და სხვადასხვა მონაცემები ცხადყოფს, რომ ამ მხრივ, ბოლო წლებში მდგომარეობა რიგ შემთხვევაში არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება შიმშილისა და სიღარიბის შესახებ, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი