იტვირთება

აჭარის რეგიონში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კოვიდპანდემიის გამო დამკვიდრებული ახალი დღის წესრიგიც გახდა. თუმცა, როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ცხადყოფს, კლება, რამდენჯერმე, გასულ წლებშიც დაფიქსირდა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) განხორციელდა აჭარაში 2016-2020 წლებსა და 2021 წლის პირველ კვარტალში. ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოვითხოვეთ. დანართი 1

როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში FID-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა და 210 798 200 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა მომდევნო წელს მკვეთრად დაეცა და რეგიონში მხოლოდ 78 209 100 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2019 წელს FID-ის მოცულობა გაიზარდა და 198 094 600 აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წელს, პანდემიის პირობებში, რეგიონში 129 705 800 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

ცხრილი 1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2016-2020 წლებისა და 2021 წლის პირველი კვარტლის (წინასწარი მონაცემები) მიხედვით, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში პუი-ს მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. შარშანწინ, „ფაქტ-მეტრის“ მიერ ამავე თემაზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ვწერდით, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამ შემცირებას უკავშირებდა იმ ფაქტს, რომ უცხოური ინვესტიციებით დაწყებული პროექტები საქართველოს მოქალაქეების ინვესტიციებით გაგრძელდა. იმ დროს უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ რეზიდენტ პირებს წილები ჰოლანდიურმა და მალტურმა კომპანიებმა დაუთმეს. ამასთანავე, თურქულმა კომპანიამ სასესხო ვალდებულებები დაფარა. ამ ოპერაციებით, FID-ის მოცულობა ჯამში 79 300 000 აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა პუი სწორედ შემომავალი და გამავალი ნაკადების კონსოლიდირებით იანგარიშება და სავარაუდოდ, 2018 წელს შემცირების განმაპირობებელი ფაქტორები შემომავალი ნაკადებით არ დაბალანსდა.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, FID-ის ჯამური მოცულობა 21 271 900 დოლარით მეტია, ვიდრე 2016 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, ხოლო 2018 წელს დაფიქსირებულ ჯამურ მოცულობას 51 496 700 აშშ დოლარით აღემატება.

რაც შეეხება 2021 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პუი-ს მოცულობას, ის მხოლოდ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემს აღემატება და გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიის საწყის ეტაპზე იყო.

გრაფიკი 1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული FDI კვარტლების მიხედვით, 2016-2021 წლის მონაცემები, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ კვარტლების მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2018 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, რეგიონში ამ წელს, საანგარიშო პერიოდში, ჯამურად პუი-ს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა.

საინტერესოა, რომ პუის ყველაზე მეტი მოცულობა კვლავ თურქეთზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მან 9 038 600 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თუმცა შარშან IV კვარტალში თურქეთიდან მოზიდული პუის მოცულობა 51 573 900 აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 2020 წელსა და 2021 წლის I კვარტალში (წინასწარ მონაცემები) რეგიონში განხორციელებული ინვესტიციები ასე გამოიყურება:

გრაფიკი 2. აჭარის რეგიონში 2020 წლის I-IVკვარტლებსა და 2021 წლის I კვარტალში განხორციელებული პუი ქვეყნების მიხედვით, აშშ დოლარი (წინასწარი მონაცემები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თურქეთის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აჭარაში შედარებით მეტი ინვესტიცია გერმანიამ განახორციელა - 2 857 800 აშშ დოლარი და რუსეთმა - 1 038 200 აშშ დოლარი. სამწუხაროდ, გასული წლის პირველ და მეორე კვარტლებთან შედარებით, პუი მკვეთრად შემცირდა ნიდერლანდიდან, ავსტრიიდან და უკრაინიდან.

თუ სექტორების მიხედვით განვიხილავთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი FID მშენებლობაში განხორციელდა, ხოლო მეორე ადგილზე ენერგეტიკაა. თუმცა ამ სექტორებში გაცილებით ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

გრაფიკი 3. აჭარის რეგიონში 2020 წლის I-IVკვარტლებსა და 2021 წლის I კვარტალში განხორციელებული პუი სექტორების მიხედვით, აშშ დოლარი (წინასწარი მონაცემები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში მხოლოდ 8 549 800 აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში FID-ის უფრო ნაკლები მოცულობა დაფიქსირდა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში, 2018 წლის პირველ, მესამე და მეოთხე კვარტლებსა და 2020 წლის მესამე კვარტალში.

შენიშვნა:

*საფინანსო სექტორში 2020 წლის I-IV კვარტლებში განხორციელებული FID-ის მოცულობა, საქსტატის განმარტებით, კონფიდენციალურია.

*„დანარჩენი სექტორები“: ვაჭრობა; განათლება; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება.


მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი