იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, 2012 წლამდე ამერიკის და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მომისმენია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი

რეზიუმე: საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვადასხვა ფორმით როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც მიუთითებდნენ. როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე კრიტიკული შეფასებები კეთდებოდა.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება თავის თავში გულისხმობს, რომ 2012 წლამდე ამერიკის და ევროპის სტრუქტურები სასამართლოს მიმართ კრიტიკულ შეფასებებს არ აკეთებდნენ, რაც, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არის ტყუილი.


ანალიზი

მიუხედავად დიპლომატიური კორპუსის მოწოდებებისა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების პროცესის შეჩერებასა და სასამართლო რეფორმის სრულად განხილვასთან დაკავშირებით, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.

მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მწვავე კრიტიკა გამოთქვა როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ისე სახელმწიფო დეპარტამენტმა.

აშშ-ის მხრიდან კრიტიკას საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყვედურით უპასუხა და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე მას არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს შესახებ არ მოუსმენია.

„ფაქტ-მეტრმა“ ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება შეაფასა.

საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგ, აშშ-შიც და ევროპაშიც საუბრობდნენ.

ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს და სხვადასხვა ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას გვთავაზობს. საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებში სასამართლო სისტემის უარყოფით შეფასებებს, როგორც დეპარტამენტის 2012 წლამდე, ისე 2012 წლის შემდეგ გამოქვეყნაბულ ანგარიშებში, ვხვდებით.

„ფაქტ-მეტრი“ 2012 წლამდე გამოქვეყნებული ორი ანგარიშის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2010 წლის ანგარიში

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის დასაწყისშივე, სასამართლო ხელისუფლებაზე მთავრობის მხრიდან ზეწოლასა და პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულ პირებზე ვკითხულობთ.

დოკუმენტში საუბარია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებდნენ: დამოუკიდებლობის ხარისხზე, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებაზე, არასათანადო გამოძიებებზე, გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობაზე და ა.შ. ასევე, საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების წუხილზე სასამართლოში დანიშნული პირების არასათანადო გამოცდილებასა და გავლილ სწავლებასთან დაკავშირებით. „წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები განაგრძობდნენ მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და სწავლების პროცესის კრიტიკას მისი გაუმჭვირვალობის გამო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე კორუფციულ სახელმწიფო ინსტიტუტად არის მიჩნეული.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2011 წლის ანგარიში

დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში გამოკვეთილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ხარვეზები კანონის უზენაესობაში, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის არარსებობა, სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს რეაგირების გარეშე ტოვებდა. „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, გარე გავლენები სასამართლო სისტემაზე კვლავ პრობლემად რჩება“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშში, კვლავაა საუბარი, რომ სასამართლო, იმ საქმეებში, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთებოდა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა.

მსგავსად წინა წლისა, 2011 წლის ანგარიშშიცაა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებები მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესზე.

გარდა ამისა, ანგარიშში პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სისხლისსამართლის საქმეებზეა ყურადღება გამახვილებული.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის საყვედურს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი გამოეხმაურა და მას ის კრიტიკა შეახსენა, რომელიც სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების მისამართით აშშ-დან ისმოდა. „სიმართლეს არ შეესაბამება, გადახედეთ ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებას - იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სასამართლო ხელისუფლების მიმართ. აიღეთ 2011 წელი: „ყალბი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები“, „პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობა თანამდებობის პირების მხრიდან“, „სასამართლო განაგრძობს მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ“, - დაწერა იან კელიმ ტვიტერზე.

რაც შეეხება კრიტიკას ევროპიდან, მაგალითად გთავაზობთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ტომას ჰამარბერგის 2011 ანგარიშის მოკლე მიმოხილვას. დოკუმენტში კომისარი მიესალმება მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებს, თუმცა, ამასთან ერთად, მთელ რიგ გამოწვევებზეც საუბრობს.

ანგარიშში სასამართლოს საქმიანობაში არასათანადო ჩარევის გარანტიების შესაქმნელად, ხელისუფლების მხრიდან, შემდგომი ნაბიჯების განხორციელების საჭიროებაზეა ხაზი გასმული. დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოში არსებულ პოლიტიკურ გავლენებსა და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ.

საუბარია პროკურორების მხრიდან დარღვევებზეც. „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორები აღძრავენ ან აგრძელებენ სისხლისსამართლებრივი დევნას მიუხედავად პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული პროცედურული დარღვევებისა, სერიოზულ განხილვას მოითხოვს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია ადვოკატების დაშინების, მათზე ზეწოლისა და დევნის ფორმებზეც, რაც კომისრის შეფასებით, სერიოზულად აფერხებს დაცვის უფლების განხორციელებას და ხელს უშლის ადვოკატებს, ეფექტურად ემსახურონ მართლმსაჯულებას.

კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებითაც. „კომისრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს სერიოზულ ხარვეზებზე, რომლებიც ჩრდილს აყენებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და სამართალწარმოებას ოპოზიციური აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ამ პირთა მიმართ წაყენებული ბრალი და საბოლოო გადაწყვეტილება“,- ნათქვამია დოკუმენტში.

დასკვნა

საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვადასხვა ფორმით - როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც მიუთითებდნენ. საჭიროების მიხედვით, კრიტიკული შეფასებები კეთდებოდა, როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ გამოწვევებზე სასამართლო სისტემაში და ამას არაერთი, მათ შორის - სტატიაში მოყვანილი ანგარიშებიც მოწმობს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 2012 წლამდე არსებული კრიტიკისა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებისგან, ისე ქვეყნის შიგნით, დღეს სასამართლო სისტემაში კვლავ რჩებიან ის მოსამართლეები, რომელთა სახელიც 2012 წლამდე - უსამართლო სასამართლოსთან, დღეს კი ე.წ. კლანთან ასოცირდება. ამის ერთ-ერთი მაგალითი მოსამართლე ლევან მურუსიძეა, რომელთან მოხვედრილ სამ საქმეზეც, მათ შორის - სანდრო გირგვლიანის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება თავის თავში გულისხმობს, რომ 2012 წლამდე ამერიკის და ევროპის სტრუქტურები სასამართლოს მიმართ კრიტიკულ შეფასებებს არ აკეთებდნენ, რაც, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი