იტვირთება

მიხეილ სარჯველაძე: არ არსებობს რისკი იმისა, მიჩნეულ იქნას, რომ საბიუჯეტო დახმარების მეორე ტრანშის წინაპირობასთან ან შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ რომელიმე დებულებასთან რაიმე კოლიზიურ მდგომარეობაში ვექცევით.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ევროკომისიის პრესსპიკერმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, რომ მომხდარიყო ყველა დანიშვნის გადადება. მათი თქმით, დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილს შეთანხმების საკვანძო ნაწილებს, რაც ყველა მიმდინარე დანიშვნის გადადებას გულისხმობდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლოა, მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის მეორე ტრანშს, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული, საფრთხე შეექმნას.

ანალიზი

2021 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„არ არსებობს რისკი იმისა, მიჩნეულ იქნას, რომ საბიუჯეტო დახმარების მეორე ტრანშის წინაპირობასთან ან შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ რომელიმე დებულებასთან რაიმე კოლიზიურ მდგომარეობაში ვექცევით“.

„ფაქტ-მეტრმა“ მიხეილ სარჯველაძის განცხადება გადაამოწმა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც დასძინა, რომ ევროკავშირი იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნით, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, რომ გადადებულიყო მოსამართლეების დანიშვნა. აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის 19 აპრილს შარლ მიშელის ხელმოწერილ დოკუმენტთან, რაც თავის მხრივ, იმას გულისხმობდა, რომ გადადებულიყო ყველა მიმდინარე დანიშვნა, მათ შორის მოსამართლეებისაც.

ევროკომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უვადო დანიშვნები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის ჩარიცხვას, რაც 2021 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. მეორე ტრანშის მოცულობა 75 მილიონი ევროა. მსგავსი სახის დახმარება საქართველოს აქამდეც მიუღია, რაც ძირითადად საგადამხდელო ბალანსის და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის, ამავდროულად, DCFTA-ის განსახორციელებლად იყო გათვალისწინებული.

საკითხის უფრო ვრცელი მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3297 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი