იტვირთება

დავით კირკიტაძე: ხუთი ინფრასტრუქტურის მინისტრი შეიცვალა და 17 კმ. მაგისტრალური მონაკვეთი თბილისსა და რუსთავს შორის ვერ დასრულდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით კირკიტაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებდა. ავტომაგისტრალის სიგრძე 17.4 კილომეტრია. ავტობანის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა სამ განსხვავებულ მონაკვეთად იყო დაყოფილი.

ავტომაგისტრალის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და მისი განხორციელება 17 თვის პერიოდში იყო დაგეგმილი, მაგრამ პროექტი 2012 წის დეკემბერში გარკვეული მიზეზების გამო (გამარჯვებულ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, გარდა ამისა, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა) შეჩერდა. 2013 წლის მაისში მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა, რომლესაც გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. დასახელებული მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2015 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა, თავდაპირველი პროექტი შეიცვალა, რამაც სამშენებლო სამუშაოების ვადების გახანგრძლივება განაპირობა. დღეის მდგომარეობით, რუსთავი-თბილისის ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთები დასრულებულია, მეორე მონაკვეთზე კი, მოსახლეობის პროტესტის გამო, სამუშაოები გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. ავტობანის დამთავრებული ნაწილი დაუსრულებელ გზის მონაკვეთზე არის დაერთებული. შესაბამისად, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან (2014 წლის აპრილი) შვიდი წლის თავზეც მისი მშენებლობა დაუსრულებელია და საბოლოო დასრულების თარიღიც გაურკვეველია.

აქედან გამომდინარე, დავით კირკიტაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

25 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით პრემიერს მიმართა და განაცხადა: „მე-8 წელია ხელისუფლებაში ხართ, 5 ინფრასტრუქტურის მინისტრი შეიცვალა და 17 კმ. მაგისტრალური მონაკვეთი თბილისსა და რუსთავს შორის, ბატონო პრემიერო, ვერ მოება თავი და ვერ დასრულდა. ყოველდღე ხუთი გრძივი მეტრი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ეს გზა დასრულებულიყო“.

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.

ავტომაგისტრალის სიგრძე 17.4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და, შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად დაიყო: პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3.5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2.5-3.0 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.

მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - საორიენტაციო სიგრძით 6.8 კილომეტრი. ამ მონაკვეთზე მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2- კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმებოდა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3 .75 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.

მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6.6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3.75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.

პროექტის ფარგლებში ავტომაგისტრალზე უნდა აშენებულიყო გზაგამტარები, სატრანსპორტო კვანძები, მიწისქვეშა, სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდები, ტროტუარები. ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ, თბილისი-რუსთავის გზას, ამ მიმართულებით ორმხრივი მოძრაობა, სრულად უნდა განეტვირთა და თბილისიდან რუსთავამდე მგზავრობის ხანგრძლივობა თხუთმეტ წუთამდე შეემცირებინა.

ავტობანის გზის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და მისი განხორციელება 17 თვის პერიოდში იყო დაგეგმილი, მაგრამ პროექტი 2012 წის დეკემბერში შეჩერდა. მუნიციპალური ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელობის განმარტებით, პროექტის შეჩერების მთელი რიგი მიზეზები არსებობდა (იხილეთ სტატია ). ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას („ნიუ ენერჯი“) ფინანსური პრობლემები აღმოაჩნდა. გარდა ამისა, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა, რის გარეშეც სამშენებლო სამუშაოების დაწყება კანონმდებლობის დარღვევა იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ტენდერი გაუქმებულიყო და გარკვეული პერიოდი პროექტის გადახედვას, სამშენებლო ნებართვის აღებას და ახალი ტენდერის გამოცხადებას მოხმარებოდა.

2013 წლის მაისში მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა, რომლესაც გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა.

დასახელებული მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2015 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შედგენილი პროექტი (2011-2012 წელს შემუშავდა პროექტი) გზის გარე განათების ქსელისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობას არ ითვალისწინებდა. კერძოდ, ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ მოსახლეობას შიდა გზების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მიიღო და პროექტში ცვლილება შეიტანა.

პროექტში ცვლილებების შეტანამ საკონტრაქტო ღირებულება გაზარდა და ჯამში ნაცვლად 88,7 მილიონი ლარისა, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის ღირებულებამ 96.7 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტის დასრულება კონტრაქტით, როგორც აღვნიშნეთ, 2015 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან პროექტში შევიდა ცვლილება და დამატებითი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო (გარე განათება და მეორადი გზები), კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების ვადა გაუგრძელდა და პროექტი 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მშენებლობა არც ამ ვადებში დასრულდა.

რაც შეეხება თბილისი-რუსთავის გზის მეორე - ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობას, 2016 წლის დეკემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თურქულ კომპანია „სეზა ინშაატს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც თბილისი-რუსთავის 6.4-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის ღირებულება 119 მლნ ლარი იყო. თუმცა, ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტის გამო, აღნიშნული მონაკვეთის ნაწილის მშენებლობა შეჩერებულია. ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 310 ოჯახი საკუთარი სახლებიდან გასახლებას, მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას - 1კვ.მ-ზე 1000 დოლარს, ითხოვს.

ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდს დავუკავშირდით. მათი განცხადებით, თანხა, რომელსაც მოსახლეობა საკომპენსაციოდ ითხოვს, არაგონივრული თანხაა და მისი გადახდა შეუძლებელია. თანაც, საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებმა აჩვენა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი ფონიჭალაში მცხოვრებ ოჯახების საცხოვრებელ კორპუსებს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. მიუხედავად ამისა, ადგილობრივებმა სახელმწიფოს ავტობანის მშენებლობის გაგრძელებაზე თანხმობა მაინც არ მისცეს. აქედან გამომდინარე, 3.2 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა ჯერჯერობით შეჩერებულია. დასრულებული პირველი და მესამე მონაკვეთი კი დროებით დაუსრულებელ გზის მონაკვეთთან არის დაერთებული.

როგორც საკითხის კვლევისას გაირკვა, თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, თუმცა გარკვეული ხარვეზების გამო შეჩერდა. შემდეგ 2013 წელს ხელახალი ტენდერი გამოცხადდა და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის აპრილში დაიწყო და 17 თვის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამუშაოების მსვლელობისას პროექტი შეიცვალა და ავტობანის დასრულების ვადა გახანგრძლივდა. დღეის მდგომარეობით, რუსთავი-თბილისის ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთები დასრულებულია, მეორე მონაკვეთზე კი, მოსახლეობის პროტესტის გამო, სამუშაოები გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. ავტობანის დამთავრებული ნაწილი დაუსრულებელ გზის მონაკვეთზე არის დაერთებული. შესაბამისად, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან (2014 წლის აპრილი) შვიდი წლის თავზეც მისი მშენებლობა დაუსრულებელია და საბოლოო დასრულების თარიღიც გაურკვეველია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2021 წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროში 7 მინისტრი შეიცვალა: დავით ნარმანია (2012 წლის ოქტომბერი - 2014 წლის აპრილი), ელგუჯა ხოკრიშვილი (2014 წლის აპრილი-ივლისი), დავით შავლიაშვილი (2014 წლის ივლისი - 2015 წლის აპრილი), ნოდარ ჯავახიშვილი (2015წლის აპრილი- 2016 წლის ნოემბერი), ზურაბ ალავიძე (2016 წლის ნოემბერი- 2018 წლის მარტი), მაია ცქიტიშვილი (2018 მარტი -2021 წლის თებერვალი) და ირაკლი ქარსელაძე (2021 თებერვლიდან დღემდე).

ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, დავით კირკიტაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3301 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი