იტვირთება

სოციალურ ქსელში „აიისას საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

23 ივლისს Facebook-მომხმარებელმა - Alex Rusia – „აიისას საქმეზე“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ავტორი სასამართლოს მსჯელობიდან ერთ-ერთ საკითხზე დეზინფორმაციას ავრცელებს - კერძოდ, წარწერაზე „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულებაზე.

რას ეხება სტრასბურგის გადაწყვეტილება

2018 წელს, „აიისას“ დამფუძნებელმა ანი გაჩეჩილაძემ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქართულმა სასამართლომ პრეზერვატივების ზოგიერთი შეფუთვის გამო, მწარმოებელი 500 ლარით დააჯარიმა. საუბარია პროდუქტზე დატანილ წარწერაზე „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა“ პანდას სახის გამოსახულებით, „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - გვირგვინი; ასევე, წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით.

ეროვნული სასამართლოების თანახმად, ზემოხსენებული წარწერებისა და გამოსახულებების სექსუალური ხასიათის პროდუქტთან ერთად წარმოჩენა ხელყოფდა საჯარო მორალს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ წარმოდგენებს.

მიმდინარე წლის 22 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „აიისამ“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. საქმეზე სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება შუზღუდეს, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი, რათა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა გამართლებულიყო.

ასევე, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, აშკარა გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

რას წერს პოსტის ავტორი და რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ სინამდვილეში

სადავო გამოსახულებებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით - თამარ მეფის გამოსახულება წარწერით „სამეფო კარი თამარში“- პოსტის ავტორი წერს, რომ სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების გამოყენება რელიგიური სიწმინდეების შელახვის მიზნით: „სასამართლომ თქვა, ნურას უკაცრავადო. თავისუფალი გამოხატვის უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რელიგიური სიწმინდეების შელახვის მიზნითო, ამას ევროპული კონვენცია არ იცავსო და არც საქართველოს კანონმდებლობაო“.

სინამდვილეში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასეთ მსჯელობას ვერ ვხვდებით.

თამარ მეფის გამოსახულებასა და თანდართულ ტექსტთან დაკავშირებით, შესაბამისი არგუმენტაციის არქონის გამო, სასამართლომ საბოლოო პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ეროვნულ დონეზე განმცხადებელმა ვერ ახსნა, რა ფორმით შეიტანა წვლილი საზოგადოებრივ განხილვაში ამ კონკრეტულმა სადავო გამოსახულებამ. თუმცა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, სათანადოდ არ გამოიკვლიეს სადავო გამოსახულება თანმხლებ წარწერასთან ერთად.

ამის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა განმცხადებლის პოზიციას, რომ საჯარო ფიგურის ან ნებისმიერი სხვა პირის წმინდანად აღიარება თავისთავად ვერ გამორიცხავს მისი პერსონის შესახებ საჯარო დებატების არსებობას. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული უფლების განხორციელება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა საშუალებით მოხდება ინფორმაციის გავრცელება და აღნიშნული გამოსახულების კონდომის შეფუთვაზე დატანა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული გზით ავტორს წვლილი შეჰქონდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების განხილვაში.

საკითხთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ დამატებით გაესაუბრა „აიისას საქმეზე“ მომუშავე იურისტს, მარი კაპანაძეს. მისი თქმით, „სასამართლომ თამარ-მეფის გამოსახულებასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მას არ უთქვამს რომ ამ ნაწილში გამოხატვის თავისუფლება დაირღვა, თუმცა არც ის დაუდასტურებია, რომ იგი არ ექცეოდა გამოხატვის თავისუფლებაში (ამაზე მიუთითებს გადაწყვეტილების 63-ე პარაგრაფში გაკეთებული ჩანაწერიც „ოთხიდან სულ მცირე სამი გამოსახულება“, სხვა შემთხვევაში სასამართლო პირდაპირ მიუთითებდა რომ მან დარღვევა მხოლოდ სამ გამოსახულებასთან მიმართებით დაინახა). ამის ერთადერთი მიზეზი კი იყო ის, რომ მას არ გააჩნდა საკმარისი ინფორმაცია საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნულ დონეზე განმცხადებელმა ვერ ახსნა, რა ფორმით შეიტანა წვლილი საზოგადოებრივ დებატებში ამ კონკრეტულმა სადავო გამოსახულებამ. თუმცა ამავდროულად, იგი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს ეროვნული სასამართლოების მიერ დაშვებულ შეცდომაზე, რომლებმაც არ გამოიკვლიეს სათანადოდ სადავო გამოსახულება თანმხლებ წარწერასთან ერთად“ .

„ყველა სადავო გამოსახულებასთან მიმართებით სასამართლო ცალსახად აღნიშნავს: „..პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“ (პარ 62). შესაბამისად, სასამართლო ცხადად მიუთითებს, რომ თუნდაც საზოგადოების უმრავლესობისათვის მიუღებელი იყოს გამოხატვის კონკრეტული ფორმა და შინაარსი და ის აღიქმებოდეს მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, ეს არ არის საკმარისი გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, მეტიც საზოგადოების ამ ჯგუფებს გააჩნიათ თმენის ვალდებულება " - განმარტა იურისტმა „ფაქტ-მეტრთან“.

შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ არათუ ის თქვა, რომ თამარის გამოსახვა არ შეიძლება პრეზერვატივზე, არამედ პირიქით - სწორედ ის თქვა, რომ თამარი, პირველ რიგში არის საჯარო ფიგურა და მისი წმინდანად შერაცხვა ამ საჯარო დებატში მასზე აზრის დაფიქსირების/გამოხატვის უფლებას არ გვიზღუდავს. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ უფლებით სარგებლობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმით გამოვხატავთ აზრს. შესაბამისად, თამარის გამოსახვა პრეზერვატივზე დასაშვებია. სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან საკმარისი დასაბუთება ვერ მოისმინა იმისა, რომ სადავო დიზაინი საჯარო დებატის ნაწილი იყო, თუმცა ამ მსჯელობაშიც მან ადგილობრივ სასამართლოებზე ისაუბრა, რომელთაც უნდა გამოეკვლიათ ეს საკითხი, თუმცა შესაბამისი სტანდარტით ვერ იმოქმედეს.

რაც შეეხება პროდუქტის დანარჩენ გამოსახულებებსა და წარწერებს, პანდას ვიზუალთან და თანდართულ ტექსტთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა სააპელაციო სასამართლოს არასაკმარის დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც, ვიზუალი და თანდართული ტექსტი გაუამრთლებლად შეურაცხყოფდა მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანების ცხოვრების წესსა და რელიგიურ სწავლებას იმის თაობაზე, რომ სექსუალური ურთიერთობები თავიდან უნდა იქნეს აცილებული მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების დროს. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი ვიზუალი წარმოადგენდა უკვე არსებული ანონიმური მუსიკალური ჯგუფის პროდუქტის სარკასტულ გამოსახვას და საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა შეხედულების კრიტიკას.

კონდომიანი ორი თითისა და გვირგვინის გამოსახულებასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოების არც ერთი დასაბუთება არ იყო მართებული განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და პროპორციულობის გასამართლებლად.

-------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3297 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი