იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს რეგიონში ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, შუა აზიიდან, ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და კავკასიიდან, საერთო ჯამში 23 ქვეყანა, მოიაზრება. 2021 წლის პირველი 6 თვის საპროგნოზო მონაცემებით საქართველო რეგიონის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის მიხედვით მე-2 - მე-4 ადგილზეა, მას მხოლოდ მონტენეგრო უსწრებს, ხოლო უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილს იყოფს. თუმცა გასულ წელს დაფიქსირებული ეკონომიკური კლებით გამოწვეული საბაზო ეფექტი ყველა ქვეყნისათვის იდენტური არ არის. ქვეყნებისათვის, რომელთაც გასულ წელს უფრო მაღალი კლება დაუფიქსირდათ, წელს უფრო მარტივია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვიდრე იმ ქვეყნებისათვის, რომელთა ეკონომიკაც უმნიშვნელოდ შემცირდა ან საერთოდაც გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ზრდის მაღალი მონაცემები საბაზო ეფექტთან არის დაკავშირებული, რადგან 2020 წლის განმავლობაში დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა, ეკონომიკის მაღალი - 6.1%-იანი კლება გამოიწვია. 2020 წელს საქართველოზე ცუდი შედეგი 23 ქვეყნიდან მხოლოდ 6 ქვეყანას - მონტენეგროს (-15,2%), ხორვატიას (-8.0%), კოსოვოს (-6.9%), ყირგიზეთს (-8.6%), მოლდოვას (-7.0%) და სომხეთს (-7.6%) ჰქონდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტაჯიკეთის, თურქეთისა და უზბეკეთის ეკონომიკა, რომელთაც მიმდინარე პერიოდში შესაბამისად 5.3%, 5.0% და 4.8% ზრდა აქვთ პროგნოზირებული, 2020 წელს არათუ შემცირდა, არამედ შესაბამისად 4.5%, 1.8% და 1.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე პერიოდში 5.0%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული სერბეთშიც, რომლის ეკონომიკა შარშან მხოლოდ 1%-ით შემცირდა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, განცხადება ნაწილობრივ ზუსტია, მაგრამ გამოტოვებულია მნიშვნელოვანი დეტალები, რაც სრულფასოვანი წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

„ფაქტ-მეტრი“ არ იზიარებს პრემიერის მოსაზრებას, რომ არსებული ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების სწორი ნაბიჯების შედეგია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, განცხადების მოცემული ნაწილი ვერდიქტზე მსჯელობისას გათვალისწინებული არ არის.

ანალიზი

2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

„გადახედეთ მეზობელ ქვეყნებს და ზოგადად რეგიონში არსებულ ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. მართლაც უპრეცედენტო ზრდაა ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა ქვეყანაში მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს“.

„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის განცხადება გადაამოწმა.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონში ჯამში 23 ქვეყანა მოიაზრება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიის, ბალკანეთის ნახევარკუნძულის და კავკასიის ქვეყნებისგან შედგება.

გრაფიკი 1: საქართველოს რეგიონის ქვეყნები მშპ-ს ზრდის მიხედვით (2021 წლის პირველი 6 თვე)

წყარო: მსოფლიო ბანკი

გრაფიკ-1-ის მიხედვით, საქართველო რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მიხედვით (6%) 23 ქვეყნიდან მე-2 - მე-4 ადგილს იკავებს, მას მხოლოდ მონტენეგრო უსწრებს, ხოლო უნგრეთთან და რუმინეთთან მეორე/მეოთხე ადგილს იყოფს. თუმცა გასულ წელს დაფიქსირებული ეკონომიკური კლებით გამოწვეული საბაზო ეფექტი ყველა ქვეყნისათვის იდენტური არ არის. ქვეყნებისათვის, რომელთაც გასულ წელს უფრო მაღალი კლება დაუფიქსირდათ, წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა უფრო მარტივია, ვიდრე იმ ქვეყნებისათვის, რომელთა ეკონომიკაც უმნიშვნელოდ შემცირდა ან საერთოდაც გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ზრდის მაღალი მონაცემები საბაზო ეფექტთან არის დაკავშირებული, რადგან 2020 წლის განმავლობაში დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა, ეკონომიკის მაღალი 6.1%-იანი კლება გამოიწვია. 2020 წელს საქართველოზე ცუდი შედეგი 23 ქვეყნიდან მხოლოდ 6 ქვეყანას - მონტენეგროს (-15,2%), ხორვატიას (-8.0%), კოსოვოს (-6.9%), ყირგიზეთს (-8.6%), მოლდოვას (-7.0%) და სომხეთს (-7.6%) ჰქონდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტაჯიკეთის, თურქეთისა და უზბეკეთის ეკონომიკა, რომელთაც მიმდინარე პერიოდში შესაბამისად 5.3%, 5.0% და 4.8% ზრდა აქვთ პროგნოზირებული, 2020 წელს არათუ შემცირდა, არამედ შესაბამისად 4.5%, 1.8% და 1.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე პერიოდში 5.0%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული სერბეთშიც, რომლის ეკონომიკა შარშან მხოლოდ 1%-ით შემცირდა.

ამ ყველაფრის უკეთ სადემონსტრაციოდ შესაძლებელია, საქართველოს მაგალითი განვიხილოთ. იმისთვის, რომ 2020 წლის 6.1%-იანი კლება აღმოიფხვრას, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 7.5-8%-ით უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, 6%-იანი ზრდის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა, 2019 წელთან შედარებით, მცირედით შემცირდება.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში რამდენიმე რიცხვის კალკულაციისას დაშვებული იყო უმნიშვნელო უზუსტობა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია სტატიის შინაარსსა და განცხადების ვერდიქტზე. მოგვიანებით, შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, შეცდომა გასწორდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3468 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი