იტვირთება

დავით კირკიტაძე: მარტყოფსა და ნორიოში, სადაც წყალმომარაგებაზე 24 მლნ ლარი დაიხარჯა, აინტერესებთ, ექნებათ, თუ - არა წყალი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ დავით კირკიტაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე: მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის -ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, ახალ სამგორის და ვაზიანის, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტი სამი ეტაპისგან შედგება და მისი ჯამური ღირებულება 22 მლნ ლარია.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სათავე ნაგებობა (ნაწილობრივ), ჭაბურღილები და მათი შემკრები კოლექტორები, შემკრები რეზერვუარები და სატუმბი სადგური მოეწყო. მეორე ეტაპზე დრენაჟის წყლის შემკრები რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენების და სოფლის რეზერვუარების მოწყობა იყო დაგეგმილი. სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კოვიდპანდემიის გამო პროექტის მიმდინარეობა შეფერხდა და დასრულების ვადამ 2021 წლის შემოდგომამდე გადაიწია. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ უკვე სოფლების დაქსელვა და 350 ოჯახის გამრიცხველიანება უნდა განხორციელდეს. აღნიშნულ სოფლებს წყალმომარაგება მხოლოდ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ექნებათ.

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება და დასრულდება მესამე ეტაპის სამუშაოები, ვერც გარდაბნის მუნიციპალიტეტში და ვერც მუნიციპალური განვითარების ფონდში დავადგინეთ.

მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ორი ეტაპი თითქმის დასრულებულია, მაინც პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა - როდის ექნება აღნიშნულ 5 სოფელს წყალი, რომელსაც მოსახლეობა დღემდე ყიდულობს.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ გარდაბნის სოფლების წყალმომარაგებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „სოფლებში მარტყოფი, ნორიო, სადაც წყალმომარაგებაზე 24 მლნ დაიხარჯა, აინტერესებთ ექნებათ, თუ - არა წყალი“.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მისი ჯამური ღირებულება 22 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ სოფლებს - ნორიოს, მარტყოფს, ახალსოფელს, ახალ სამგორსა და ვაზიანს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება და აღნიშნული სერვისით ჯამში 35 000 ოჯახი ისარგებლებს.

პირველი ეტაპის სამუშაოები შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ განახორციელა. კერძოდ, ხელშეკრულების საგანს სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობა, ჭაბურღილების და მათი შემკრები კოლექტორის, შემკრები რეზერვუარის, მდინარისგან დამცავი გაბიონების და სატუმბი სადგურის მოწყობა წარმოადგენდა. ხელშეკრულების საგანი ასევე საქლორატოროს მოწყობა და მაგისტრალური წყალსადენის ნაწილობრივი მოწყობა ( სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე) იყო. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და ის 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი 2019 წლის იანვარში გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16 515 593 ლარი იყო.

ტენდერში კომპანია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „კომფორტმშენმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 16 245 634 ლარი იყო, განსახორციელებელი სამუშაოები სამ ნაწილად იყო გაყოფილი: I სათავე - 20 მ სიგრძის ჭაბურღილი და მათ თავზე მოთავსებული სამართავი კამერა (8ც), ჰორიზონტალური დრენაჟის მოწყობა, დრენაჟის და ჭაბურღილის შემკრებ მილებზე ბეტონის ჭების მოწყობა, საქლორატოროს არსებულ შენობაში (I ეტაპის სამუშაოების დროს აშენებული) ტექნოლოგიური ინვენტარის მოწყობა, დრენაჟის წყლის შემკრები 500მ3 წყლის რეზერვუარის მოწყობა; II მაგისტრალური მილსადენები - ფოლადის და პოლიეთილენის მილსადენების მოწყობა; III სოფლის რეზერვუარები - 750 მ3 რეზერვუარი (4 ერთეული), 500მ3 რეზერვუარი (6 ერთეული), ასევე მიწის სამუშაოები რეზერვუარებზე. დასახელებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან (ხელშეკრულება 2019 წლის 25 მარტს გაფორმდა) 18 თვეში უნდა დასრულებულიყო.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ დასახელებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შევიდა. ერთი ცვლილება საბანკო რეკვიზიტთან იყო დაკავშირებული, მეორე ცვლილებით (2019 წლის 9 დეკემბერი), პროექტის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა შემცირდა - 562 591 ლარით, რისი საფუძველიც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას რიგი სამუშაოების ცვლილების აუცილებლობა გახდა. მესამე ცვლილება საავანსო თანხის გაზრდას შეეხებოდა, ხოლო მეოთხე ცვლილებით, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 167 960 ლარით გაიზარდა, რაც რიგი სამუშაოების დამატებით და მოცულობის გაზრდით იყო განპირობებული. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებებით, პროექტის ღირებულება ჯერ შემცირდა, შემდეგ ისევ გაიზარდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარდაბნის ხუთი სოფლის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპი 2020 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, პროექტის განმახორციელებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2020 წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მეორე ეტაპი 220 წლის შემოდგომის ნაცვლად, 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდებოდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წლის იანვარში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ხუთი სოფლის: მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორის და ვაზიანი წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი დასკვნით ფაზაში იყო. კერძოდ, სათავე ნაგებობაზე სატუმბი სადგურის, ჭაბურღილების და საქლორატორო სისტემის მშენებლობა დასრულებული იყო, სადრენაჟე სისტემის მოწყობა კი აქტიურად მიმდინარეობდა. სოფლებში სასმელი წყლის შემკრები ავზების მშენებლობაც დასრულებული იყო. დარჩენილი იყო მესამე ეტაპის სამუშაოები, რაც სოფლების შიდა დაქსელვას და 35 000 აბონენტის გამრიცხველიანებას მოიცავდა.

გასული წლის მაისში „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი აცხადებდა, რომ პანდემიის გამო სამუშაოები შეფერხდა, თორემ ახალი წყლის მომარაგების ქსელი სოფლებში უკვე შესული იქნებოდა. მისივე განმარტებით, მესამე ეტაპის საპროექტო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ჩვენ შევეცადეთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტს დავკავშირებოდით და პროექტის მიმდინარეობის დეტალები გაგვერკვია. მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ დეტალებს მერთან გაარკვევდა და დაგვიკავშირდებოდა. როგორც ჩანს, მერმა ჩვენთან კომუნიკაცია საჭიროდ არ ჩათვალა და მუნიციპალური განვითარების ფონდთან გადაგვამისამართა.

როდის დაიწყება წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები, ვერც მუნიციპალური განვითარების ფონდში დაგვიზუსტეს. აღნიშნეს, რომ მეორე ეტაპის სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ამ ეტაპზე კი საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებს წყალმომარაგების გამართული სისტემა ათეულობით წლებია, რაც არ აქვთ. ამ ეტაპზე, აღნიშნულ სოფლებში წყალი გრაფიკით, მხოლოდ 1-1.5 საათით მოდის, თანაც ისეთი, რომ მისი სასმელად გამოყენება არ შეიძლება, მოსახლეობა წყალს ძირითადად ყიდულობს ან დასალევად წყაროდან მოაქვთ.

სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დასახელებული სოფლის მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები როდის დასრულდება და წყლის ყიდვა როდიდან აღარ დასჭირდებათ, ვერ მივაწვდით. მუნიციპალიტეტი პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თბილისთან შეუთანხმებლად, პასუხსაც ვერ გვცემს ან უარეს შემთხვევაში, პასუხი არ აქვს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი