იტვირთება

პაატა დიასამიძე: არჩევნები არის სერვისი, რომლის მომწოდებელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, თავისი უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსით, ამიტომ ეს სერვისი გამართულად უნდა მოგვაწოდოს

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 3 აგვისტოს დაიწყო. მუნიციპალურ ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანა უკვე აღარ შეიძლება. თუმცა არსებობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სხვა რისკები და ეს რისკები იზრდება, როცა არჩევნებში კანდიდატებად წარდგენილი არიან მოქმედი მერები, მერის მოვალეობის შემსრულებლები ან სხვა თანამდებობის პირები.

ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, გაცნობიერებული არჩევანის მნიშვნელობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე „ფაქტ-მეტრს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პაატა დიასამიძე ესაუბრა.

- როგორია წინასაარჩევნო გარემო, რა სახის დარღვევები შეიძლება გამოიკვეთოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პროცესში?

- ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდამდეც ვხვდებოდით მოქალაქეებს, რათა გამოგვეკვეთა, რა ხდება რეალურად, რომელ რესურსებს იყენებს ხელისუფლება. ბოლოს ერთი კვირის წინ ვიყავით „ოცნების ქალაქში“, ასევე ბენზესა და სხვა კომპაქტურ დასახლებებში. მოქალაქეები იხსენებენ საპარლამენტო არჩევნების პერიოდს, ასახელებენ ფაქტებს. მაგალითად, გვითხრეს, რომ ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში იყო მოსყიდვის შემთხვევა. ზოგადად, შეხვედრებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მავნე პრაქტიკა არსებობს. თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ ამ ბოლოს სიუჟეტი გაკეთდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელზე, რომელიც ახლა მერობის კანდიდატია. მის შესახებ ინფორმაცია, რომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, იმგვარად მიეწოდა საზოგადოებას, რომ ირიბად მაინც პიარის გაკეთება იყო, რაც დაუშვებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, რადგან ვართ წინასაარჩევნო რეჟიმში.

- ფაქტობრივად, ხელისუფლება ყოველთვის ახერხებს, რომ ადმინისტრაციული რესურსის, მით უფრო, სოციალური ქსელების გამოყენების ფაქტები უარყოს. ეს კანონში არსებული ხარვეზის ბრალია, თუ სხვა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე?

- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ძალიან რთული სამტკიცებელია. თქვენ გახსოვთ, შარშან ხელვაჩაურის მერის მიერ მსგავსი ქმედების შესახებ ჟურნალისტმა გაასაჯაროვა და ამას მოჰყვა განმარტება, რომ შეხვედრაზე მყოფ მერს მიაკითხა მძღოლმა და ა. შ. წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. მსგავს ფაქტებზე საჯაროდ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ შესაბამისი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც კანონს არღვევენ. მე ვერც კი ვიხსენებ საქართველოს მასშტაბით, რომ რაიმე პრეცედენტი გვქონდეს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარიყო. რომ იყოს გარდაუვალობის პრინციპი და არსებობდეს მაგალითი ამ ტიპის პასუხისმგებლობისა, თუ შერჩევით მართლმსაჯულებასთანაც არ გვექნება საქმე, ასეთ შემთხვევაში ეს იმუშავებს. თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ არ გვაქვს. კანონი ამას კარგად არეგულირებს. თუმცა ერთია, რა წერია კანონში და თუ ჩანაწერი არ აღსრულდება, საკანონმდებლო დონეზე არსებული რეგულაციები აზრს კარგავს.

როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი გასაჯაროვდება, სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს. მოქალაქეები, რომლებსაც ამის კომპეტენცია არ აქვთ, მტკიცებულებებს ვერ შეაგროვებენ. ეს უნდა გააკეთოს შესაბამისმა ორგანომ. მან უნდა მოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. სოციალური ქსელების გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხი კიდევ უფრო რთულად დგას. ჩვენ ვიცით, რომ უწყებებს აქვთ ოფიციალური სოციალური გვერდები, რომლებზეც ინფორმაცია ქვეყნდება, კომუნიკაცია დგება და ასევე აქვთ სოციალური ქსელები იქ დასაქმებულებს, კანდიდატებს... რთულია მიჯნის გავლება, თუ რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. როცა პირი თავის კანდიდატურას დააყენებს, მას უჩერდება თანამდებობრივი უფლებამოსილება, მაგრამ აქტივობებს აზიარებს. აქ ირიბად ჩანს, რომ საქმე გვაქვს პიართან, თუმცა ამის მტკიცება რთულია. არ შეიძლება ამ რესურსის გამოყენება.

- ვიცით, რომ მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილება უკვე ვერ განხორციელდება, თუმცა ეს უკვე გაკეთდა და ინფრასტრუქტურული პროექტებიც ისე დაიგეგმა, რომ არჩევნებამდე ბევრი აქტივობა იქნება. სხვა რა შეიძლება შემოგვთავაზონ?

- ესეც მავნე პრაქტიკაა. ინფრასტრუქტურული პროექტები ისე იგეგმება, რომ არჩევნების წინ ბევრი იყრის თავს. მერე ამის გადაზიარება ხდება სოციალური ქსელების საშუალებით განსაკუთრებულად დიდი სიხშირით. ბიუჯეტში ცვლილებების დროს ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა ამ გათვლებით ხდება. არჩევნებამდე, შესაძლოა, რამდენიმე წელი ის ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი იყო, მაგრამ სწორედ არჩევნების წინ გაახსენდებათ ხოლმე. ეს ისე ხდება, რომ გარკვეულწილად, ირიბად, მაგრამ მაინც უვლიან გვერდს კანონებს. გარდა ამისა, თვითმმართველობას აქვს ადამიანური რესურსი მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა სახით. ამ რესურსს ხელისუფლება არჩევნებში აქტიურად იყენებს.

- ამომრჩეველი თუ გეთანამშრომლებათ, როცა თქვენ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე კითხვებს სვამთ, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს იკვლევთ? და საერთოდ, თუ გაიზარდა ამომრჩეველი გასულ წლებთან შედარებით?

- ჩვენ ხშირად ვხვდებით ამომრჩეველს, მათ შორის, დევნილებს, ეკომიგრანტებს, სტიქიით დაზარალებულებს... უჭირთ კომუნიკაციაზე გამოსვლა. ჩვენი დაკვირვებით, ამ კატეგორიის მოსახლეობაზე მარტივად ახდენენ ზეწოლას და ეს ამ ადამიანების ბრალიც არაა. სამწუხაროდ, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მძიმეა და ამ რეალობაში უწევთ ცხოვრება. მათ შორის ბევრია ჩვენი ბენეფიციარი და აქედან გამომდინარე, გვენდობიან. მიუხედავად ამისა, საკუთარი ინიციატივით ინფორმაციას თითქმის არ გვაწვდიან. შეხვედრები ჩვენი ინიციატივით ხდება და ამ დროს საუბრებში ჟღერდება ის ინფორმაციები, რომლებიც გვაქვს. ასეთი საუბრების დროს მივიღეთ ინფორმაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თანხების დარიგებასთან დაკავშირებით. ასე ცდილობენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას.

გემახსოვრებათ, ჩვენმა ორგანიზაციამ ბათუმში შემაჯამებელი ოქმების ნახევარი გაასაჩივრა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული დისბალანსი იყო. მესმის, რომ ციფრი შეგეშალოს, მაგრამ ასეთი დისბალანსი, თანაც - მეტობით, წარმოუდგენელია. ოცდაათამდე უბანი გავასაჩივრეთ და მხოლოდ ერთ უბანზე გადაითვალეს. როცა შემაჯამებელ ოქმში 100 ბიულეტენი მეტობაა და ამას გადათვლის საფუძვლად არ მიიჩნევ, აბა რა უნდა გახდეს მიზეზი, რომ ცესკომ ასეთი უბანი გადათვალოს და საჯაროდ გამოიტანოს, რა მოხდა?

სამწუხაროდ, ამომრჩევლების ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ ერთმა ბიულეტენმა, შესაძლოა, მისი ბედი გადაწყვიტოს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გზით უნდა მოვიდეს ხელისუფლება და არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს გარკვეული პერიოდულობით. გამჭვირვალობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასეთი არჩევნები გინდ ჩაგიტარებია, გინდ - არა. არჩევნები არის სერვისი, რომლის მომწოდებელიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავისი უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსით, ამიტომ სერვისი გამართულად უნდა მოგვაწოდოს. მილიონობით ლარი იხარჯება ამისთვის და საზოგადოებას რომ კითხვები გაუჩნდა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ერთი დღეც არ გამოყო, რომ გადაეთვალა.

- საინტერესოა, თუ შეცვლის რეალურად სურათს ცესკოში განხორციელებული ცვლილებები, რა დამატებითი ბერკეტები ან მექანიზმები გააჩინა ამან საარჩევნო პროცესის მეტი გამჭვირვალობისა და დარღვევების შემცირებისთვის?

- შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. თუმცა ჩვენმა ორგანიზაციამ და სხვა ორგანიზაციებმაც გარკვეული ცვლილებები წარადგინეს. მაშინ ეს მოსაზრებები არ გაითვალისწინეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეიქმნა საკონსულტაციო ორგანო, რომლიც დაკომპლექტებულია სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. ეს ორგანო საარჩევნო პროცესს და ცესკოს მეტ გამჭვირვალობას სძენს. არსებობს ჩამკეტი მექანიზმი ხმებთან მიმართებით, ასევე დაუშვებელია არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩევლის აღრიცხვა. რეალურად, უბანზე დარღვევები ფაქტობრივად აღარაა და ამ პროცესმა გარეთ გადმოინაცვლა. მაგალითად, კოორდინატორები სიებით, ფულით და ა. შ. ეს არის ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი. რამდენად იმუშავებს ეს ცვლილებები პრაქტიკაში, ამას მალე ვნახავთ. ამ ეტაპზე არსებობს ბერკეტი, რომ თუ დისტანციასთან დაკავშირებული კანონი დაირღვევა, ნებისმიერ პირს შეუძლია გამოიძახოს სამართალდამცავი, რომელიც შეადგენს ოქმს და დააკისრებს პასუხისმგებლობას.

- მაგრამ ჩვენ არაერთი ფაქტი გვაქვს, როცა სამართალდამცავების ქმედებები კითხვებს ბადებს...

- დიახ, მაგალითად, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს არ მოახდინა სათანადო რეაგირება და ამ შემთხვევაშიც არსებობს ალბათობა, რომ არ იმუშავებს. თუ არ იარსებებს ნება, ამ დაწერილ კანონებსა და რეგულაციებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევი პროცესი დატოვა. თუ ჯგუფი ძირითადად ხელისუფლებასთან აფილირებული არასამთავრობოების წევრებით დაკომპლექტდება, ექნება აზრი მის მუშაობაში თქვენი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ჩართულობას?

- ფაქტია, ბევრი ორგანიზაცია ხელისუფლებასთან ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან აფილირებულია. ისინი წლებია, რაც არსებობენ. ამიტომ შეუძლიათ იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომლებსაც ცესკო ითხოვს. ამ საკონსულტაციო ჯგუფის მიზანი კი ისაა, რომ თუ ცესკოში რაღაც საკითხი ობიექტურად ვერ გადაწყდება, შესაბამისი კონსულტაცია გაუწიოს, პროცესები გაასაჯაროოს, გამჭვირვალე გახადოს. თუ ჯგუფი დაკომპლექტდება ხელისუფლებისთვის მისაღები ორგანიზაციების წევრებით, მის არსებობას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.

- ანუ საკოორდინაციო ჯგუფს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, ხომ ასეა? იმ შემთხვევაშიც, თუ მაღალი ნდობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტდება, მარტივად შესაძლებელია, რომ ცესკომ საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციები არ გაითვალისწინოს. გამოდის, ასეთ შემთხვევაშიც კარგავს აზრს ჯგუფის არსებობა.

- კი, ეგ რისკიც არსებობს, თუმცა მინიმუმ იმას მაინც გამოიტანს გარეთ, როგორ ვითარდება პროცესები, რა პრობლემები წარმოიქმნება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას, ბრიფინგს გააკეთებს, კომენტარს მისცემს მედიას და საზოგადოებას ეცოდინება, რა ხდება სინამდვილეში. სამწუხაროდ, ჩვენ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და მუდმივად რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციებს ვისმენთ. ამ ჯგუფის ერთ-ერთი დანიშნულება ისიცაა, რომ ხელს შეუშლის ნებისმიერ პოლიტიკურ მხარეს ფაქტებით მანიპულაციაში. გარდა ამისა, ცესკოში არის ხოლმე საკითხები, რომელთა ირგვლივ მიდის კამათი და ვერ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ჯგუფის ჩართულობა და რეკომენდაციები.

- თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჩვენ არაერთი მცდელობა ვიხილეთ, მით უფრო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯს საფრთხე დაემუქრა. რატომ ხდება ასეთი თავდასხმა ამ ორგანიზაციებზე, რას ემსახურება ეს რიტორიკა?

- პრინციპში, ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ არასამთავრობო სექტორი იყო ძლიერი. ეს ავტორიტეტული ორგანიზაციები დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას ეხმარება. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სწორედ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება. ხელისუფლება ამას უნდა აღიქვამდეს, როგორც დახმარებას და კრიტიკაზე ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს. თუმცა ჩვენთან პირიქით ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით. ისინი, სრულიად უსასყიდლოდ, მზად არიან, ჩაერთონ ამა თუ იმ საკითხის განხილვისა და სწორად გადაწყვეტის პროცესში რეკომენდაციებით, ექსპერტული რჩევებით, კვლევებით. ხელისუფლება არ იყენებს ამ რესურსს. დამოკიდებულება კი ისეთია, როგორსაც ხედავთ. პირადად ჩვენი ორგანიზაციის მიმართ მოქალაქეების ნდობა მაინც მაღალია და ეს რიტორიკა არ ჭრის. თუმცა ამ პოპულისტური განცხადებებით ხელისუფლება ნამდვილად მიზანმიმართულად ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯის შელახვას. ამასთანავე, ეს ზრდის რისკებს და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გვაქვს, რომ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები გავხდებით სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი საზოგადოების რაღაც ჯგუფების მხრიდან. ხელისუფლება დაუსჯელობითა და განცხადებებით ახალისებს ამ ჯგუფებს.

- რომ შევაჯამოთ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სხვა დარღვევების მოლოდინი ამ არჩევნებზეც გვაქვს?

- ჩვენ გვახსოვს, კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისი როგორ გამოიყენა წინასაარჩევნოდ მიზეზად ხელისუფლებამ მოსახლეობის გულის მოსაგებად. სასურსათო კალათების დარიგებას ვგულისხმობ და იმ პიარს, რომელიც ამას მოჰყვება. კონკრეტული პირების მიმართ იყო დაპირებები, რომ სოციალურ დახმარებას დაუნიშნავდნენ, ან გაათავისუფლებდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, ან ინფრასტრუქტურას მოუწესრიგებდნენ და ა. შ. ეს ადამიანები ჩვენთან გამოთქვამდნენ პრეტენზიას, რომ ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა. ანალოგიური შემთხვევები ახლაც იქნება. ამიტომ ყველას მივმართავ, რომ გააცნობიეროს თავისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და გააზრებული არჩევანი გააკეთოს.

- არსებული მდგომარეობით, დეცენტრალიზაციის გარეშე, აქვს კი მნიშვნელობა, ვინ იქნება მერი, ან - საკრებულოს თავმჯდომარე?

- ადგილობრივი თვითმმართველობებიდან უნდა იწყებოდეს ყველაფერი. ეს უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ადგილობრივი საკითხები ადგილზე უნდა წყდებოდეს და არა - ცენტრში. ესაა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნის საფუძველი, რომ რაც შეიძლება ახლოს იყოს მოსახლეობასთან და საკითხის გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობა იყოს მაქსიმალური. ამისთვის გვჭირდება გააზრებული არჩევანის გაკეთება, თუნდაც ამ პირობებში, დეცენტრალიზაციის გეგმის განხორციელებამდე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი