იტვირთება

იაგო ხვიჩია: შეთანხმებაში ეწერა, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო კონსულტაციები, კონსენსუსით უნდა შეგვერჩია ხალხი [ცესკოში] და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაწილშიც დაარღვია შეთანხმება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, იაგო ხვიჩიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 28 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმებით (ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტი“) გათვალისწინებული დებულებებიც აისახა, თუმცა - არასრულად.

მაგალითად, მმართველმა გუნდმა ცესკოს თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმებაში მოცემული დებულება არ გაითვალისწინა. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, თითოეულ კენჭისყრას შორის 4-კვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსენსუსის უზრუნველსაყოფად. თუმცა, კანონის საბოლოო რედაქციით აღნიშნული ვადა 1 კვირამდე შემცირდა, რამაც პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევის დრო და საშუალება, პრაქტიკულად, არ დატოვა.

აღნიშნული პრობლემას, როგორც პოლიტიკური კონსენსუსისთვის დამაზიანებელ გარემოებას, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე გამოქვეყნებულმა OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივმა დასკვნამაც გაუსვა ხაზი, თუმცა მმართველმა გუნდმა შენიშვნა არ გაითვალისწინა.

საბოლოოდ, თავმჯდომარედ, მოკლე დროში, მეოთხე მცდელობით და 83 ხმით, ისევ ცესკოს მოქმედი თანამშრომელი, გიორგი კალანდარიშვილი იქნა არჩეული. ასევე, ოთხი მცდელობა დასჭირდა ცესკოს 2 ახალი წევრის არჩევას. ყველა მათგანის არჩევის მომხრე, პრაქტიკულად, მხოლოდ მმართველი გუნდი იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იაგო ხვიჩიას განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც სიმართლე.

ანალიზი

2 აგვისტოს პარლამენტმა, მეოთხე მცდელობით, ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 6 თვის ვადით აირჩია. მის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა. იმავე დღეს ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს - გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევამდე, 26 ივლისს, „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თავმჯდომარის შერჩევა კონსენსუსით სურდათ, თუმცა „ქოცები“ თავისთვის „უბერავდნენ“: „ ფაქტი, რაც უნდა შევაფასოთ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაწილშიც დაარღვია შეთანხმება, იქ ეწერა, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო კონსულტაციები, კონსენსუსით უნდა შეგვერჩია ხალხი და ა.შ. ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი გამოტოვა და აირჩია ტაქტიკა, რომ 6 თვით აირჩიოს თავმჯდომარე და კონსენსუსზე საერთოდ საუბარი არ იყოს“.

„ფაქტ-მეტრმა“ შეამოწმა, რამდენად შეესაბამება აღნიშნული განცხადება სიმართლეს.

2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა. პარტიებმა ხელი მოაწერეს 5-პუნქტიან გეგმას, რომელიც „შარლ მიშელის დოკუმენტის“ სახელითაა ცნობილი. დოკუმენტში ერთ-ერთი თავი ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ეთმობა, რომელიც, თავის მხრივ, ცესკოს დაკომპლექტების/თავმჯდომარის არჩევის წესსაც ითვალისწინებს.

შეთანხმებაში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა ის ხმების 2/3-ით უნდა აირჩიოს.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს.

ცესკოს შემადგენლობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ის 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან უნდა შედგებოდეს. გარდა ამისა, პროფესიული წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით უნდა აირჩეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმთან დაკავშირებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 დასჭირდება. მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა წინა კენჭისყრიდან არა უადრეს 4 კვირისა ჩატარდება.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

28 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 86 ხმით მიიღო, რომელშიც „პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმებით (ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტი“) გათვალისწინებული დებულებებიც აისახა. თუმცა, გარკვეული დებულებები შეთანხმებისგან განსხვავებულად იქნა მიღებული.

ერთ-ერთი მათგანი კენჭისყრებს შორის 4-კვირიანი შუალედის განსაზღვრას ეხება, რომელსაც, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კონსენსუსი უნდა უზრუნველეყო. კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ, „შარლ მიშელის დოკუმენტის“ თანახმად, თითოეულ კენჭისყრას შორის 4-კვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო. თუმცა, კანონის საბოლოო რედაქციით აღნიშნული ვადა 1 კვირამდე შემცირდა, რამაც პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევის დრო და საშუალება მნიშვნელოვნად შეამცირა.

აღნიშნული ცვლილება უარყოფითად იქნა შეფასებული OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი, 18 ივნისის დასკვნით, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადდა. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნული დებულების გადახედვა/შესწორებაზე მკაფიო მითითებაა გაკეთებული. „კენჭისყრის სხვადასხვა რაუნდებს შორის პერიოდის მნიშვნელოვანი შემცირება, ოთხი კვირიდან - ერთამდე, უნდა გადაიხედოს, რამდენადაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევისათვის ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს“, - ვკითხულობთ კანონპროექტის დამტკიცებამდე გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ხელისუფლების მხრიდან სურვილის არარსებობაზე - ცესკოს მნიშვნელოვანი თანამდებობები პოლიტიკური კონსენსუსით დაკომპლექტდნენ - სხვა გარემოებებიც მიანიშნებს. მაგალითად, შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანიას, გადადგომის შემდეგ გამოცხადებულ ღია კონკურსში საკონკურსო კომისიამ იმ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომლებიც ცესკოს მოქმედ თანამშრომლებს წარმოადგენენ. არასამთავრობო სექტორმა მათ მხარი არ დაუჭირა.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, შერჩეული კანდიდატები დამოუკიდებლობისა და პრინციპულობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

კომისიის კიდევ ერთი წევრის, საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით კი გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ ან ძალიან დაბალი სტანდარტები გამოიყენა, ან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული მოქმედება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცესს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“, თავიდანვე გამოეთიშა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი