იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევებით დასტურდება ეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: სტატიაში განხილული ყველა რეიტინგი და ანგარიში მოწმობს, რომ საქართველოსთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ბოლო წლების ანგარიშებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ჩანაწერებს ე.წ. „სასამართლო კლანის“, პოლიტიკური მიკერძოებულობისა და სასამართლოში მმართველი პარტიის გავლენების შესახებ.

მიუხედავად სასამართლოს მიმართ არსებული ამგვარი მძიმე შეფასებებისა, ზოგიერთი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ქართული მართლმსაჯულება უფრო დადებითად არის შეფასებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს სასამართლო სისტემა. სტატიაში განხილულ რეიტინგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოზე უარესად შეფასებული უნგრეთისა და ბულგარეთის სასამართლოებია. ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში სწორედ ამგვარი შემთხვევებით მანიპულირებს. იგი ყურადღებას მხოლოდ იმ ფაქტზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს სასამართლოს სისტემა, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის სასამართლო სისტემაზე უფრო უკეთ არის შეფასებული.

ანალიზი:

2021 წლის 31 აგვისტოს მმართველი პარტიის ლიდერებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის (75 მილიონი ევრო) აღებისგან თავი შეიკავოს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პრემიერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგარეო ვალის შემცირება და 2021 წლის პირველ კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაასახელეს.

ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, 31 აგვისტოს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სპეციალური ბრიფინგი გამართა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“.

2021 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტარების განცხადებების საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას“.

კანონის უზენაესობის ინდექსი ( Rule of Law index - WJP)

„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყნებს რვა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების შესრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1-მდე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2020 წელს 0.6 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით, ხოლო პოზიცია 1 ადგილით გაუარესდა. 2020 წლის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის, მხოლოდ 2 ქვეყანას, ბულგარეთსა და უნგრეთს უსწრებს. შეფასების გაუარესება, კორუფციის, მთავრობის ღიაობის, ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვისა და ძირითადი უფლებების კრიტერიუმებში დაბალმა შეფასებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2020 წლის შეფასება 2014 წლის ნიშნულზე დაბრუნდა, ხოლო პოზიციურად ბოლო 6 წელიწადში, საქართველო 11 საფეხურით დაქვეითდა. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს, საუკეთესო მაჩვენებელი 2015 წელს ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, საქართველოს პოზიცია მუდმივად უარესდება. 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, წინ წელთან შედარებით, საქართველოს შეფასებები ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის, კორუფციის არარსებობის, მთავრობის ღიაობის, ძირითადი უფლებების დაცვისა და სამოქალაქო მართლმსაჯულების კუთხით არის გაუარესებული.

ცხრილი 1: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.

ასევე, საქართველოს შეფასება გაუარესებულია სამოქალაქო და სისხლის მართლმსაჯულების კუთხითაც. სამოქალაქო მართლმსაჯულების ინდიკატორის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 0.53 ქულა მიიღო და მსოფლიოში 67-ე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 1 ქვეყანას, უნგრეთს უსწრებს. სამოქალაქო მართლმსაჯულების კუთხით, საქართველომ საუკეთესო შეფასება, 0.63 ქულა 2015 წელს მიიღო და მსოფლიოში 26-ე ადგილი დაიკავა.

ცხრილი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ სამოქალაქო მართლმსაჯულების ინდიკატორის მიხედვით 2015-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.

2020 წელს სისხლის სამართლის ინდიკატორის მიხედვით, საქართველომ 0.52 ქულა მიიღო და მსოფლიოში 46-ე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით საქართველომ ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანას, ხორვატიას, საბერძნეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს, აჯობა.

ცხრილი 3: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ სისხლის სამართლის ინდიკატორის მიხედვით 2015-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.

როგორც ცხრილიდან ჩანს, სისხლის სამართლის ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს საუკეთესო შეფასება 2016 წელს ჰქონდა, ხოლო პოზიციურად ყველაზე წინ 2015 წელს იყო.

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი (Index of Economic Freedom)

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „Heritage Foundation“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი 12 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დგება. ესენია: საკუთრების უფლება, მართლმსაჯულების ეფექტურობა, მთავრობის კეთილსინდისიერება, საგადასახადო ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება და ფისკალური თავისუფლება. თითოეული ინდიკატორი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება, სადაც 100 საუკეთესო მაჩვენებელია.

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2021 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ 77.2 ქულა მიიღო და რეიტინგში, კვლავ მე-12 პოზიცია დაიკავა. 2021 წლის შეფასება საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია (იხ. ცხრილი 4). „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2021 წლის რეიტინგში 2019 წლის 1ივლისიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდის მონაცემებია ასახული. შესაბამისად, მოცემულ რეიტინგში, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ასახული არაა.

ცხრილი 4: „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით საქართველოს შეფასება 2012-2020 წლებში

წყარო:HeritageFoundation

2021 წლის ჯამური შეფასება საქართველოსთვის, ყველაზე მაღალია. თუმცა, საყურადღებოა, რომ ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს საუკეთესო შედეგები სხვადასხვა წლებში ჰქონდა. მაგალითად, „მართლმსაჯულების ეფექტურობის“ კუთხით, 2021 წელს საქართველომ 59.3 ქულა მიიღო, რაც 2016 წლის შეფასებასთან შედარებით, 7.2 ქულით ნაკლებია. ამასთან, 2018 წლიდან საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნებიდან ზომიერად თავისუფალ ქვეყნებში გადაინაცვლა. რეგრესთან ერთად, საყურადღებოა ისიც, რომ „საკუთრების უფლების“ კუთხით, საქართველომ 2016 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ამ კრიტერიუმით, 2020 წელს უმაღლესი შეფასება, 68.6 ქულა დაიმსახურა.

2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მართლმსაჯულების ეფექტურობის კუთხით, საქართველომ ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოზე უკეთესი შეფასება მიიღო. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეფასება ევროპის ქვეყნების საშუალო შეფასებაზე 0.7 ქულით ნაკლებია.

ცხრილი 5: „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებები

წყარო: Heritage Foundation

ადამიანის თავისუფლების ინდექსი (Human Freedom index)

„ადამიანის თავისუფლების ინდექსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. „ადამიანის თავისუფლების ინდექსი” ქვეყნებს 76 ინდიკატორზე დაყრდნობით 12 მიმართულებით (მათ შორის, კანონის უზენაესობის, საკუთრების უფლების და სამართლებრივი სისტემის მიხედვით) 10-ბალიანი ქულათა სისტემით აფასებს, სადაც 10 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია. ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2020 წლის რეიტინგი 2018 წლის მონაცემების საფუძველზეა შედგენილი. 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველომ 7.87 ქულა მიიღო და მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის მე-40 ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეფასებით საქართველომ ევროკავშირის 3 ქვეყანას, პოლონეთს, უნგრეთსა და საბერძნეთს აჯობა.

კანონის უზენაესობის კუთხით, 2020 წლის საქართველომ 5.4 ქულა მიიღო. საკუთრების უფლების და სამართლებრივი სისტემის კრიტერიუმში საქართველოს შეფასება 6.5 ქულაა, თუმცა საყურადღებოა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით საქართველოს შეფასება 4.2 ქულაა.

ცხრილი 6: „ადამიანის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2008-2018 წლებში

წყარო: ფრეიზერის ინსტიტუტი.

ცხრილიდან ჩანს, რომ წინა წელთან შედარებით საქართველო მდგომარეობა 0.01 ქულით გაუარესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასება 2014-2015 წლებში ჰქონდა.

Freedom House

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ ქვეყნებს, თავისუფლების კუთხით, ყოველწლიურად აფასებს. „Freedom House - ის“ ყოველწლიური ანგარიშები წინა წლის მოვლენებს ასახავს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს, ორი კატეგორიით, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით 100-ქულიანი სკალიდან აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა. 2021 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2021“, საქართველო 100-დან 60 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 23, ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით 37 ქულა მიიღო. საქართველოს საერთო რეიტინგი, შარშანდელთან შედარებით, 1 ქულით შემცირდა.

გრაფიკი 1: Freedom House -ის ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-2021 წლებში

წყარო: Freedom House

გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასება 2017 წლის ანგარიშში ჰქონდა და მას შემდეგ, მუდმივ კლებას განიცდის [1]. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეფასება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებების საშუალო მაჩვენებელს 31 ქულით, ხოლო ყველაზე დაბალი შეფასების მქონე ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებელს 9 ქულით ჩამორჩება.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, უკანასკნელ წლებში საქართველოს დემოკრატიულმა განვითარებამ დიდი პროგრესი განიცადა. საქართველო რეგულარულად ატარებს პლურალისტურ არჩევნებს. მიუხედავად ამისა, ოლიგარქ აქტორებს პოლიტიკურ პროცესებზე დიდი ზეგავლენა აქვთ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესები, კვლავ წარმოადგენს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შემაფერხებელ არსებით ფაქტორს. ამასთან, სასამართლო პროცესების გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გამოწვევად რჩება. სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორში საქართველომ 4 ქულიდან 2 ქულა მიიღო.

ასევე, საყურადღებოა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ანგარიშში საქართველოს 4-დან 2 ქულა აქვს. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, სამთავრობო დონეზე პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. „ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტიან გამოყენებას სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობა აფერხებს. ასევე, წარმატებული საქმეების ნაკლებობაა იმ მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კარგ ურთიერთობაში არიან“ ,- ვკითხულობთ შეფასებაში.

კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI)

საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „კორუფციის აღქმის ინდექსს“ ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. 2020 წლის რეიტინგი 13 სხვადასხვა გამოკითხვას ემყარება. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 2020 წლის რეიტინგში საქართველოს 56 ქულა აქვს და პოლონეთთან და სენტ ლუსიასთან ერთად 45-ე ადგილზეა. ამასთან, საქართველო შეფასებით ევროკავშირის 9 ქვეყანას უსწრებს.

გასულ წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება არ შეცვლილა, ხოლო პოზიცია 1 საფეხურით გაუარესდა. ამასთან, 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავაც პირველ ადგილზეა. [2]

ცხრილი 7: „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2012-2020 წლებში.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლიური „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შედეგების პარალელურად, ორგანიზაციის ბერლინის სამდივნოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წლევანდელ ინდექსში საქართველოს შედეგი და მისი მიზეზებია განხილული. სტატიაში აღნიშნულია, რომ „2012 წლის შემდეგ, ინდექსში საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეფორმებით გამოირჩეოდა, ანტიკორუფციული ძალისხმევა თითქმის 10 წელია სტაგნაციას განიცდის“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიტაცება და საკვანძო ინსტიტუტებზე მომეტებული ზეგავლენა ქართული პოლიტიკური სივრცის მთავარი გამოწვევაა. მეტიც, 2020 წლის „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების“ თანახმად, საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხია დამახასიათებელი. ერთი პოლიტიკური ჯგუფი ყველა საკვანძო საჯარო ინსტიტუტზე არაპროპორციულად დიდ კონტროლს ახორციელებს. აღნიშნული გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ „საერთაშორიოს გამჭვირვალობის“ შეფასებით, საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ არის და ყველა საკვანძო საჯარო ინსტიტუტი მმართველი პარტიის მიერ იმართება.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულირების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 30-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის.

„კანონის უზენაესობის” ინდიკატორი ქვეყნებს საკუთრების უფლების დაცულობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის, პოლიციის სანდოობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ძალადობრივი გარემოს კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. 2020 წლის შეფასებაში საქართველომ 62.02 % მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, 1.92%-ით ნაკლებია. „კანონის უზენაესობის“ კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში ჰქონდა.

გრაფიკი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-20 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს შეფასება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეფასებების საშუალო მაჩვენებელზე 4.64 ქულით ნაკლებია. „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 3 ქვეყანას, იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს უსწრებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, ადამიანის უფლებებს ეხება. ანგარიშში საქართველოს შესახებ არაერთი პრობლემაა აღწერილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ძირითადი გამოწვევები მოიცავდა „სერიოზულ პრობლემებს სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, დაკავებების, გამოძიებების და სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით, რომლებიც ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; შეზღუდულ პატივისცემას მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებებისადმი; დანაშაულებს, რომლებიც მოიცავდა ძალადობას და მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი პირების მიმართ“.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩება. მოსამართლეები მოწყვლადები იყვნენ სასამართლო სისტემის შიგნიდან თუ მის გარედან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის მიმართ. ანგარიშში არაერთხელაა ნახსენები სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. კლანი, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მიუთითებენ. აღნიშნულია, რომ რომ ეს ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გამოთქვამდა შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე და მიუთითებდნენ იმ მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომლებიც ძირითადად შეადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავმჯდომარეობენ სასამართლოებს და ახშობენ კრიტიკულ აზრს სისტემაში. ანგარიშში საუბარია მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკაზეც. ნახსენებია არასამთავრობო ორგანიზაციების მითითებები მოსამართლეთა შერჩევის არასწორ პროცესებზე სასამართლო სისტემის ყველა დონეზე, სადაც უმეტესობა დანიშნული იქნა უვადოდ და რის გამოც სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენების მიმართ მოწყვლადი გახდა. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსამართლეების ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის მრავალწლიანი პრაქტიკა პრობლემად რჩება, რადგანაც გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუსაბუთებლად იღებს.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება. სტატიაში განხილული ყველა რეიტინგი და ანგარიში მოწმობს, რომ საქართველოსთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ბოლო წლების ანგარიშებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ჩანაწერებს ე.წ. „სასამართლო კლანის“, პოლიტიკური მიკერძოებულობისა და სასამართლოში მმართველი პარტიის გავლენების შესახებ. მიუხედავად სასამართლოს მიმართ არსებული ამგვარი მძიმე შეფასებებისა, ზოგიერთი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ქართული მართლმსაჯულება უფრო დადებითად არის შეფასებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს სასამართლო სისტემა. სტატიაში განხილული რეიტინგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოზე უარესად შეფასებული უნგრეთისა და ბულგარეთი სასამართლოებია. ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში, სწორედ ამგვარი შემთხვევებით მანიპულირებს. იგი ყურადღებას მხოლოდ იმ ფაქტზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს სასამართლოს სისტემა, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის სასამართლო სისტემაზე უკეთესად არის შეფასებული. ამასთან, კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ საქართველომ საუკეთესო შეფასებები, ძირითადად, 2015-2017 წლებში დაიმსახურა, ხოლო ამის შემდგომ საქართველოს პოზიცია თითქმის ყელა რეიტინგში ყოველწლიურად უარესდება.

[1] 2014 წლამდე ორგანიზაცია ანგარიშებს განსხვავებული მეთოდოლოგიით ამზადებდა. შესაბამისად, მიმდინარე შეფასებების, უფრო ადრინდელი მონაცემებთან შედარება შეუძლებელია.

[2] აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 19 ქვეყანა არის გაერთიანებული. ეს ქვეყნებია: ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და კოსოვო. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველო კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ აღიარებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი