იტვირთება

სოციალურ ქსელში ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით მანიპულაციური და დეზინფორმაციული შინაარსის ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში Pfizer-ის ყოფილი დირექტორი მაიკლ იედონი ამტკიცებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვები არ უნდა აიცრან, რადგან ბავშვებს არ აქვთ სიკვდილიანობის საფრთხე, ისინი არ არიან გადამცემები. მისივე მტკიცებით, ვაქცინა ბავშვებისთვის უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე თავად COVID-19.

COVID-19-ის ინფიცირებისა და გართულების შედარებით ნაკლები რისკი აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს, ვიდრე უფროსი ასაკის მოსახლეობას. თუმცა, ვირუსის მუტაციის შედეგად, კორონავირუსის დელტა შტამი ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები. გაზრდილია როგორც ბავშვთა ინფიცირება, ასევე ჰოსპიტალიზაცია. ასევე ლეტალური შემთხვევებიც ფიქსირდება. მტკიცება, რომ ბავშვები არ არიან ვირუსის გამავრცელებელნი და COVID-19-ით გარდაცვალების რისკი არ აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

პედიატრიის ამერიკული აკადემიის, 2 სექტემბრის მონაცემებით, აშშ-ში COVID-19 პანდემიის დაწყებიდან 5 მილიონზე მეტ ბავშვს დაუდგინდა. შემთხვევები განსაკუთრებით აგვისტოში გაიზარდა. 5 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ბავშვთა ინფიცირების 750 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 2 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ბავშვთა ინფიცირების დაახლოებით 252,000 შემთხვევა იყო. ორი კვირის განმავლობაში (19/08-2/09), ბავშვთა კუმულაციური შემთხვევების 10%-იანი ზრდა (455,744 შემთხვევა) დაფიქსირდა. აშშ-ში, პანდემიის დაწყების დღიდან, ბავშვებმა ინფიცირების მთლიანი შემთხვევების 15.1% შეადგინეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაზრდილია, ივნისის მონაცემებით ინფიცირებულებში ბავშვებისა და მოზარდების წილი 14% იყო.

COVID-19-ით ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მონაცემები შტატების მიხედვით განსხვავებულია. საერთო ჯამში, პედიატრიის ამერიკული აკადემიის მონაცემებით:

• ჰოსპიტალიზაცია - ბავშვებმა საერთო კუმულაციური ჰოსპიტალიზაციის 1.6%-4.1% შეადგინეს. ბავშვებს შორის COVID-19-ის ჯამური შემთხვევების 0.1%-1.9%-ში საჭირო გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია.

• სიკვდილიანობა - COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის ბავშვების წილმა 0.00%–0.27% შეადგინა, ხოლო შვიდ შტატში ბავშვთა სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ბავშვებს შორის COVID-19-ის შემთხვევების 0.00%-0.03% ლეტალურად დასრულდა.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინა ბავშვებისთვის უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე თავად COVID-19. პირიქით, არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვებსა და მოზარდებში (12 წლის და ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში) ვაქცინის სარგებელი პოტენციურ რისკს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ჯანდაცვის საერთაშორისო უწყებები და მეცნიერები ვერ თანხმდებიან, 12 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის უნდა იყოს, თუ - არა ვაქცინაცია საყოველთაო. თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ ბავშვები და მოზარდები, რომელთაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ (ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები), COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან.

მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA), ევროპის მარეგულირებელმა (EMA) და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Pfizer/BioNTech-ის 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოყენების ნებართვა გასცა. (აქამდე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იყო დასაშვები). ავტორიზაციას საფუძვლად დაედო აშშ-ში ჩატარებული კლინიკური კვლევა, სადაც 2000-ზე მეტი 12-15 წლის ასაკის პირი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტიანობამ 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 100%-ს მიაღწია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) 12 წლის და უფროსი ასაკის პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაციას გასცემს. CDC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ასაკის მოსახლეობასთან შედარებით ბავშვებს ნაკლები რისკი აქვთ, ბავშვები და მოზარდები ავადდებიან COVID-19-ით და არიან ვირუსის გამავრცელებელნი. ვაქცინებს შეუძლია დაიცვან ბავშვები COVID-19- ისგან, ინფიცირების შემთხვევაში კი დაიცვას ისინი დაავადების გართულებისგან. ამასთან, ადრეული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ვაქცინებს შეუძლია COVID-19–-ის გავრცელებას ხელი შეუშალონ.

მიმდინარე წლის მაისში, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 ასაკობრივ კატეგორიაში mRNA ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. EMA-ს დასკვნით, 12-15 ასაკის ბავშვებში ვაქცინაციით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც კორონავირუსის გართულების რისკის ქვეშ არიან.

დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციის კომისია (JCVI) 12-15 წლის პირებში საყოველთაო ვაქცინაციის რეკომენდაციას არ გასცემს, რადგან აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაშია ჯანმრთელ პირებს იმდენად დაბალი რისკი აქვთ დაავადების გართულების, რომ ვაქცინაცია მხოლოდ „მცირე სარგებელს“ მოიტანს. JCVI-ის რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან 12-15 წლის ასაკის ბავშვები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ. მათ შორისაა ბავშვები მძიმე ნეიროდაავადებებით, დაუნის სინდრომით, იმუნოსუპრესიით. JCVI-ის რეკომენდაციით, ასევე უნდა აიცრან 12-17 წლის ასაკის ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ იმუნოკომპრომისულ პირებთან, რათა დაიცვან მათი უსაფრთხოება. დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციის კომისია რეკომენდაციას უწევს 16-17 წლის პირების საყოველთაო ვაქცინაციას ერთი დოზით, ხოლო რისკ ჯგუფების შემთხვევაში ორი დოზით.

ამჟამად, 12 წლის ასაკის ქვემოთ ბავშვებში ვაქცინაციის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ ჯგუფზე ვაქცინაცია ჯერჯერობით არაა დასაშვები.

რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია ბავშვებსა და მოზარდებში?

აღსანიშნავია, რომ არცერთი წამალი არ არის სრულიად უსაფრთხო და მნიშვნელოვანია წამლით გამოწვეული ზიანისა და სარგებლის თანაფარდობის შეფასება. ავტორიზაცია თავისთავად ნიშნავს, რომ ვაქცინით მიღებული პოტენციური სარგებელი პოტენციურ რისკებს მკვეთრად აღემატება. 12-17 წლის მოზარდებში კვლევის პროცესში ვაქცინასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ვაქცინის გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქი და ზომიერი იყო, უპირატესად ინექციის ადგილას ტკივილი, დაღლილობა და თავის ტკივილი. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მასზე დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს. Pfizer-BioNTech ვაქცინით აცრის შემდეგ, 12-17 წლის მოზარდებში ხშირი იყო მსუბუქი რეაქციები, ხოლო სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათი (მათ შორის, დაფიქსირდა მიოკარდიტის შემთხვევები). მოზარდებში ვაქცინაციის შემდეგ ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. CDC-ის ცნობით, COVID-19 დაავადების ცნობილი რისკები და მასთან დაკავშირებული შესაძლო მძიმე გართულებები, როგორიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიც კი, ბევრად აღემატება ვაქცინაციაზე იშვიათი გვერდითი რეაქციის პოტენციურ რისკებს, მათ შორის, მიოკარდიტის ან პერიკარდიტის რისკს.

ბავშვებში კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე „ფაქტ-მეტრს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ესაუბრა. მისი, განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსი ყოველთვის მარტივად არ მიმდინარეობს და გართულებები ახასიათებს. მათ შორის, ჰოსპიტალიზაცია, კრიტიკული შემთხვევები და ლეტალობაც. „როცა ვსაუბრობთ ვაქცინაციაზე, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ბავშვები ისეთივე რისკის ჯგუფია, როგორც 65-70 წელს გადაცილებული ადამიანები, რადგან მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ლეტალობის განმაპირობებელი არა მხოლოდ ასაკი, არამედ უამრავი თანმხლები ქრონიკული დაავადებაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კორონავირუსით გარდაცვალების პიკი მაღალასაკობრივ ჯგუფებზე მოდის. თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ბავშვებში კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციას და ლეტალურ შემთხვევებს არ იწვევს“.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3475 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი