იტვირთება

რამდენიმე დღის წინ, მედია საშუალებებმა გამოაქვეყნეს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ინფორმაცია ეკლესიის და საეკლესიო პირების შესახებ. ამ რამდენიმე ათასი ფაილიდან ჩვენ კარგად ვნახეთ, რას არ უნდა აკეთებდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რა მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს და რაში არ უნდა ხარჯავდეს გადასახადის გადამხდელების მიერ მიცემულ ფულს.

ეს ჩანაწერები მხოლოდ ერთი ნაწილია იმ საშინელი და საყოველთაო თვალთვალისა, რომელსაც სახელმწიფოს სახელით ეს უწყება ახორციელებს. ჯერჯერობით გაჟონილ დოკუმენტებში ძირითადად სასულიერო პირთა შესახებ არსებული ფაილებია მოცემული, თუმცა ფაილების შინაარსი, სტრუქტურა, ორგანიზებულობა გვიჩენს ორ ძალიან რაციონალურ მოლოდინს: 1. ამგვარი თვალთვალი გრძელდება ახლაც, როცა ამ სტატიას კითხულობთ; 2. ამგვარი თვალთვალი, გარდა სასულიერო პირებისა, ხორციელდება ყველაზე, ვინც რაიმე ფორმით საინტერესო ობიექტია სახელმწიფოსთვის და, სავარაუდოდ, არსებობს სხვა ფაილები მედიის, ბიზნესის, პოლიტიკოსების (როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლების) და სხვათა შესახებ. სხვათა შორის, ამავე ფაილებში ვხვდებით თბილისის უბნების მიხედვით დალაგებულ სხვადასხვა მსხვილი და საშუალო ბიზნესების კარტოთეკას, თავისი მფლობელებით და სხვა დაახლოებული პირებით.

თუ ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცდა, აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრძანების საფუძველზე შექმნილია „თვალთვალის“ სამმართველო, რომლის მიზანიც არის ყველაფრის ჩაწერა, რაც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილ ადამიანებს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ სუს-ში იქმნება განყოფილებები, რომელთაც კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთა თვალთვალი ევალებათ. ამ შემთხვევაში, საუბარი ეკლესიაზეა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დოკუმენტის რეალური შინაარსი საგანგაშოა და რეალურ საფრთხეებს აჩენს.

რა ვნახეთ?

ფაილები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, სასულიერო პირებს შეეხებოდა. დოკუმენტები სხვადასხვა საქაღალდეებად და ფაილად იყო დახარისხებული და სუს-ის სხვადასხვა აღმოჩენა თემატურად იყო განაწილებული. მაგალითად, ცალკე ფაილები დაეთმო კორუფციას, რუსეთთან კავშირებს, მრუშობის ცოდვას. ცალკე ვხედავთ დღიურ მოხსენებებს საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე მოვლენების შესახებ, დახარისხებული და აღწერილია ყველა მღვდელმთავარი, თუ გავლენიანი სასულიერო პირი, შეგვიძლია ვნახოთ რომელი სასულიერო პირი როდის გადაიბირა საბჭოურმა კგბ-მ, შეგვიძლია ვნახოთ, ვინ ვისთან წევს და ვინ ვის ეტრფის. ეს ყველაფერი კი ხდება სატელეფონო მოსმენების, გატეხილი იმეილ მიმოწერების, უკანონო მიყურადების, მათ შორის, ბინებში და სხვა არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური გზების გამოყენებით.

გასაჯაროებულ დოკუმენტებში იკვეთება ტოტალური და უკონტროლო ჩარევა სასულიერო პირთა ცხოვრებაში, არამარტო მაღალიერარქების, არამედ რიგითი სასულიერო პირების ცხოვრებაში, მათი ფარული მიყურადება და ჩაწერა, მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის „დაპატაკება,“ მათი „არატრადიციული“ სექსუალური კავშირების აღმოჩენა და, სადაც ჩაწერა ვერ მოხერხდა, სქემები - როგორ გახადონ გადაღება შესაძლებელი. [1] ამის მაგალითია ერთ-ერთი პირის სახლის გასაღების ასლის დამზადების გეგმა, რათა თვალთვალი საცხოვრებელ ბინაშიც გამხდარიყო შესაძლებელი.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სუს-ი პედოფილ მღვდელმსახურსაც უთვალთვალებდა. არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ბავშვი არ ყოფილა ერთი, იყო რამდენიმე სხვადასხვა შემთხვევა (მინიმუმ ორი). სუს-ი უთვალთვალებდა, იწერდა, აოქმებდა, ინახავდა. რეაგირების გარეშე.

დოკუმენტები ნათელს ხდის, რომ სუს-ი იღებდა ინფორმაციას კანონდარღვევათა შესახებ, იწერდა, აოქმებდა და ინახავდა - რეაგირება, რამდენადაც საჯაროდაა ცნობილი, ამგვარ ფაქტებზე, არ მომხდარა.

არ მომხდარა რეაგირება, მათ შორის, ისეთ მძიმე თემებზე, როგორიც რუსეთისათვის ინფორმაციის მიწოდებაა, არადა სწორედ ამგვარ ფაქტებზე რეაგირებაა სუს-ის პირველადი ფუნქცია.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ჩაწერილთა“ შორის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებიც მოხვდნენ. გაურკვეველია, ისინი ამ ჩანაწერებში მოხვდნენ, რადგან სასულიერო პირებს ესაუბრებოდნენ, თუ მათ თვალთვალზე ცალკე განყოფილება მუშაობდა, თუმცა ფაქტია, რომ დოკუმენტებში დიპლომატთა საუბრის კრებსებიც მოხვდა. ასევე უსმენდნენ მოქმედ და ყოფილ პარლამენტის წევრებს და ჟურნალისტებს.

რა გავიგეთ?

გავიგეთ, რომ სუს-ი კვლავ უკანონოდ გვითვალთვალებს. მას აქვს სრულიად უკონტროლო ძალაუფლება ჩვენს პირად ცხოვრებაზე, ჩვენს ქცევაზე. ის ისმენს ჩვენს პირად საუბრებს ყველა ელექტრონულ მოწყობილობაზე და ყველგან - მათ შორის, სახლშიც. სუს-ი იჭრება ისეთ პირად სივრცეებში, როგორიც საძინებელია. არაფერია დაფარული და არსად ვართ უსაფრთხოდ და მარტო.

ამგვარი ტოტალური თვალთვალი „საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე“,- წერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში. თუმცა სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნავს, რომ ის მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიძიოს მოცემული ფაქტები და დასაჯოს დამნაშავე.

იმის გარდა, რომ გვითვალთვალებენ, შეინიშნება კიდევ ერთი სახიფათო ტენდენცია - ინტერპრეტირება. უბრალოდ კი არ გვისმენენ და იწერენ ჩვენს საუბრებს, არამედ აოქმებენ და ამ ოქმებში, სუს-ის რომელიმე აგენტი, რომელიც მოგვამაგრეს, ინტერპრეტირებს ჩვენი საქციელისა და საუბრის შინაარსს. ეს ქმნის საფრთხეს, რომ უბრალოდ კი არ გვისმენენ, შეიძლება მოსმენილიდან აზრი ვერ გამოიტანონ და უკანონო თვალთვალით მოპოვებულ უკანონო მასალით ცილიც დაგვწამონ.

რა გავაკეთოთ?

ყველა მცდელობა, რომ ამ უკონტროლო ძალაუფლებაზე შეზღუდვები დაწესდეს, შეჩერებულია. საკონსტიტუციო სასამართლო დუმს 2017 წლის სარჩელზე, რომლის მიზანიც სწორედ ამგვარი ტოტალური უფლებამოსილების შეზღუდვაა.

წინა შემთხვევაში, როდესაც ფარული მიყურადების შესახებ სკანდალი გასკდა, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ კადრების მატარებელი CD დისკები (და მათი ყველა ასლი) 2013 წლის სექტემბერში საზეიმო ვითარებაში განადგურდა. კომისიამ მაშინ ფარული ჩანაწერების ათასობით ფაილი განიხილა, მათგან პირადი ცხოვრების ამსახველები გამოყო და გაანადგურა.

შემდგომში ვნახეთ პირადი ცხოვრების შესახებ მასალის გამოქვეყნების არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო ფიგურების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნდა. რეაგირება არც ამ შემთხვევაში მოჰყოლია. მათ შორის, ამ ვიდეოთა ნაწილი ისეთ დროს იყო ჩაწერილი, რომ წესით განადგურებულ ვიდეოფაილებში უნდა მოხვედრილიყო. შესაბამისად, კადრების „წაშლამ“ არ იმუშავა.

ამჯერად, მოცემულ ამბავს, უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს. არა მმართველი ძალისგან, რომლის სამსახურშიც ეს სისტემა დგას და უკვე წლებია, ნაცვლად შეზღუდვისა, სულ უფრო ტოტალურ სახეს იღებს, არამედ ადამიანებისგან, უბრალო მოქალაქეებისგან. გაჟონილი ინფორმაციის შემდგომ სუს-მა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ თურმე „მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას“.

ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია გითხრათ, რომ თუ საქმე გამოძიებული არ იქნება და კონკრეტული ადამიანები არ დაისჯებიან, სანამ არ დაისჯებიან დამკვეთები, დამკვეთის უფროსები, შემსრულებლები, სანამ არ დაისჯება ყველა, ვინც პირდაპირ ან ირიბად იყო ჩართული, ან იცოდა ამგვარი ტოტალური თვალთვალის ოპერაციის შესახებ, სანამ სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, პრემიერი, შს მინისტრი, სუს-ის უფროსი ბოდიშს არ მოიხდიან და, გამოძიების დაწყებამდე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ, მანამდე, დიახ, - არც სამსახურს და არც მანდ დასაქმებულ უსაფრთხოების ოფიცრებს არ გაქვთ არც პატივი და არც ღირსება. შეუძლებელია ისაუბრო იმ ადამიანთა, ან უწყებათა „ღირსებასა და პატივზე“, რომელნიც ბავშვზე სექსუალურ ძალადობას კი არ სჯიან, არამედ მოძალადეზე კომპრომატის შექმნის მიზნით, ვიდეოჩანაწერს აკეთებენ.

[1] ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ფაქტის განხილვას, მით უმეტეს, პირთა იდენტიფიცირებას. მეტიც, „ფაქტ-მეტრის“ გუნდი იზიარებს „თანასწორობის მოძრაობის“ პოზიციას იძულებითი ქამინგ-აუთის შესახებ.


მსგავსი სიახლეები

3361 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი