იტვირთება

„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელად გორში ყოფილი პარლამენტარი თენგიზ ხუბულური დანიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ 2012-2020 წლებში მუდმივად ხვდებოდა „მდუმარე დეპუტატთა სიაში“, წელს ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გახდა, მოგვიანებით კი გორში „ქართული ოცნების“ შტაბი ჩააბარეს. ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები მერობის კანდიდატთან ერთად წარმატებით დაასრულეს და მათი მოლოდინების გამართლებას უკვე 2 ოქტომბრისთვის ელოდებიან. თავად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც მმართველმა გუნდმა გორის მერობის კანდიდატად 30 ივლისს დაასახელა, ამ დრომდე მედიასთან ღიად არ ჩნდება და საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებს. მის მაგივრად ჟურნალისტების შეკითხვებს შტაბის წარმომადგენლები პასუხობენ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ თენგიზ ხუბულურია, რომელთანაც „ფაქტ-მეტრმა“ მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო თენგიზ, დაასრულეთ, თუ - არა მოსახლეობასთან შეხვედრები და როგორია ხალხში განწყობები?

მოსახლეობის განწყობები ძალიან კარგია, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში. ლიდერობს, როგორც მერობის კანდიდატი, ისე მაჟორიტარები და პარტიის წარმომადგენლები. შეხვედრები თითქმის დასრულდა, თუმცა მოსახლეობასთან პირისპირ საუბრები ისევ აქტიურად გრძელდება.

ლადო ხინჩეგაშვილია თქვენი მერობის კანდიდატი, მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია, სხვათა შორის, მისი პირველი საჯარო გამოსვლის დროსაც (ღარიბაშვილმა როდესაც წარადგინა), ბევრი მიუთითებდა ამ მხრივ მის გამოუცდელობაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად გაართმევს მერობას თავს გამარჯვების შემთხვევაში?

ლადო პოლიტიკაში კი არის გამოუცდელი, მაგრამ არის კომუნიკაბელური ახალგაზრდა, არის კარგი მენეჯერი, გამარჯვებები რაც ჰქონდა მას სხვადასხვა ღონისძიებაზე და პრემიების სახით მიღებული თანხები რაც ჰქონდა, არ გაუფლანგავს აქეთ-იქით. კერძო ბიზნესი აქვს, რომელსაც თვითონ უძღვება ძალიან კარგად, კარგი მენეჯერული თვისებები გამოავლინა ბიზნესში და იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი მერი იქნება. თავის კვალს დატოვებს ქალაქში, როგორც გორის აღმშენებელი და კარგი მენეჯერის სახელით წავა 4 წლის შემდეგ, თუ კიდევ არ ექნება კენჭისყრის სურვილი. კარგი სპორტსმენობა და ჩემპიონობა ასე ადვილად არ ხდება, ეს მისი შრომის შედეგია. ავიღოთ მაგალითად კახი კალაძე, კარგი ფეხბურთელი იყო და გადასარევი მერია ქალაქ თბილისის. შვარცნეგერი იყო გუბერნატორი, მსახიობი, რეიგანი კიდევ ამერიკის პრეზიდენტი, ასე რომ არ შეიძლება ასე მიდგომა, რომ ადამიანი მსახიობი იყო ან სპორტსმენი და პოლიტიკის კეთება გაუჭირდეს.

ბატონო თენგიზ, თქვენ გამოცდილი ხართ ორივე სფეროში, სპორტსა და პოლიტიკაში და როგორ ფიქრობთ, არ ინანებს ლადო ამ გადაწყვეტილებას, პოლიტიკაში მოსვლას?

რატომ უნდა ინანოს, მან რომ ეს ნაბიჯი გადადგა შეგნებულად გადადგა და სპონტანურად არ გადაწყვეტილა ეს, რომ აი მე მერობა მინდა და რაღაც მსგავსი.

ეგეც საინტერესოა, როგორ მოხდა მისი შერჩევა კანდიდატად?

ამერიკაში იყო, მანჰეტენზე ცხოვრობდა და გადაწყვიტა, რომ ჩამოსულიყო გორში და დასდგომოდა თავის მშობლიურ ქალაქს გვერდით. მე სხვა დეტალები არ ვიცი, ვისთან შედგა კომუნიკაცია და ა შ. ალბათ შეთავაზება პარტიისგან იქნებოდა და მოხდა ისე, როგორც არის. გვყავს გადასარევი მერობის კანდიდატი. კარგი სპორტსმენი, კარგი ადამიანი, ახალგაზრდა, ახალი სისხლი შემოდის პოლიტიკაში. გადასარევი მერი ეყოლება გორის მუნიციპალიტეტს. როგორც კარგი ჩემპიონი იყო, ისე თავის ხელწერას დატოვებს და ყველა პროექტს, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, წარმატებით გაუძღვება ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გვერდში დგომით, შეკრებს ახალგაზრდების კარგ გუნდს, ერთობლიობაში გამოცდილი გუნდი იქნება და ვიმედოვნებ, რომ გორი იქნება გამორჩეული მუნიციპალიტეტი საქართველოში.

თუმცა ამ გეგმებსა და მიზნებზე ის ღიად არ საუბრობს, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე საპასუხოდ არ ურთიერთობ მედიასთან, თქვენ რით ახსნით მის ასეთ დამოკიდებულებას?

არა მგონია, რაიმე კითხვას თავი აარიდოს, ალბათ ამისთვის დრო ვერ გამონახა. მოგეხსენებათ როგორი დატვირთულია კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო პერიოდი.

ორი თვის განმავლობაში თქვენი პარტიის არაერთ წარმომადგენელთა შუამავლობით შევეცადეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერის შეთანხმებას, მაგრამ სულ ახლახან მისმა პიარმა გვითხრა, რომ პროგრამის პრეზენტაციამდე ის ინტერვიუზე არცერთ მედიასთან არ დაჯდება, თქვენც იყრიდით კენჭს და ეს სწორად მიგაჩნიათ?

მე ეს პირველად მესმის, დავამყარებ კომუნიკაციას და აუცილებლად გავარკვევ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ის მზად არ არის მედიის კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხოს, რადგან გამოუცდელია, ეს ხომ არ უქმნის მას გარკვეულ კომპლექსს, პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბროს?

არ არის ისეთი პიროვნება, რომ რაიმე საკითხს გაურბოდეს, როგორც ვიცი ყოველთვის ცდილობს, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს პრესასთან, აქამდე თუ მოსახლეობასთან შეხვედრები ჰქონდა, ახლა გათავისუფლდა, დაასრულა მოსახლეობასთან შეხვედრები და ინტერვიუსთვის დრო წესით ახლა უკვე უნდა ჰქონოდა, არ ვიცი, როგორც გითხარით გავერკვევი საკითხში და დაგიკავშირდებით.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი