იტვირთება

გიორგი გახარიას განცხადებები პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის შესახებ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარიამ პოზიცია შეიცვალა.

ანალიზი

2021 წლის 16 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მთავარი მიზანი ქვეყანაში ცვლილებების დაწყება და არსებული პოლიტიკური კულტურის შეცვლაა. გახარიას თქმით, „[ქვეყანაში] ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაჩინოთ სტანდარტი, რომ პოლიტიკური ძალის გამარჯვება არ უნდა ნიშნავდეს დამარცხებულის სრულ განადგურებას. ეს, მთავარი პრინციპია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ რეალობას აქამდე არ ჰქონდა“.

2019 წლის 6 სექტემბერს, პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკა, ძირითადად 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ეხებოდა, ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები მის გადადგომას ითხოვდნენ. გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, გიორგი გახარიამ ოპონენტები ტყუილის თქმაში დაადანაშაულა და „დასრულებით“ დაემუქრა - „ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ, ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან მოპყრობასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ პოზიცია არსებითად შეიცვალა. 2019 წელს იგი პოლიტიკურ ოპონენტებს „პოლიტიკური განადგურებით“ ემუქრებოდა. ხოლო, 2021 წლის განცხადების მიხედვით, მას თავად მიაჩნია, რომ მსგავსი მიდგომები არასწორია და პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნად პოლიტიკური შემწყნარებლობის სტანდარტის გაჩენას ასახელებს.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი