იტვირთება

გიორგი ტატუაშვილი განათლებით იურისტია. ის 2017 წლის 17 ნოემბრიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერია. 2020 წელს ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს და როგორც პარტიამ განმარტა, ამის მიზეზი საარჩევნო კამპანიაში კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერა გახდა. ამჯერად გიორგი ტატუაშვილი კვლავ მერობისთვის ემზადება, ის დამოუკიდებელი კანდიდატია. როგორც „ფაქტ-მეტრთან“ თვითონ განაცხადა, ოპოზიციონერი მერია და არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული არ არის.

-რას გულისხმობთ იმაში, რომ ოპოზიციონერი მერი ხართ?

-დამოუკიდებლად, კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერით დავაყენე კანდიდატურა. ბოლნისში მოქმედ პარტიებთან აფილირებული არ ვარ. შეიძლება ვითანამშრომლო რომელიმე პარტიასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამშრომლობა დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

- რატომ გადაწყვიტეთ, იბრძოლოთ მერობისთვის ხელმეორედ?

- მე არ გადამიწყვეტია, ეს გადაწყვიტა 2020 წელს თავისუფლებისმოყვარე დმანისელმა ხალხმა, როდესაც ტოტალური ძალადობის, დაშინების, სუს-ის მეთოდებით ბრძოლის მიუხედავად, არ შეშინდა და დმანისში დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციურმა კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა. თქვენ იცით და ვიდეოებიც დევს, რომ ბოლნისი და დმანისი იყო ეპიცენტრი. საგამოძიებო სტრუქტურები პირდაპირ თანამშრომლობდნენ „ქართულ ოცნებასთან“ და დღესაც ასე თანამშრომლობენ. ხალხს უკვე აღარ ეშინია. მოსახლეობასთან შევთანხმდით, რომ ოთხი წელი ერთად უნდა ვყოფილიყავით. ხალხმა მითხრა, რომ 1980 წლიდან 1984 წლამდე რომ რაიკომის მდივანი იყო, ყველაზე მეტად დმანისი მაგ დროს განვითარდა და ამ ორწელნახევარში, განვითარების ისეთივე ტენდენციას ვხედავთო.

რაიონის მუნიციპალიტეტის განვითარება 2018 წლიდან აქტიურად დავიწყე. ამ მუნიციპალიტეტში ორმოცდათვრამეტი დასახლებული პუნქტია, აქედან ერთი ქალაქია, დანარჩენი - სოფელი. ყველა თანაბრად ვერ ვითარდება, მაგრამ სოფელი არ არსებობს, რომელშიც დიდი და პატარა პროექტი ერთდროულად არ გაკეთებულიყო. ვამაყობ, რადგან მოსახლეობისგან მიღებულმა დაკვეთებმა გამაკეთებინა ის, რომ 7-მილიონიანი ბიუჯეტი 23 მილიონზე ავიყვანე.

-დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიდან, რომლებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?

-მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე არის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის საკითხი ყველა სოფელში. ჩვენ ძალიან კარგი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და სამ სოფელში, გუგუთში, მამულოსა და განახლებაში, 24-საათიანი წყალმომარაგება გავაკეთეთ. პატარა სოფლები ავირჩიეთ, რომ ძალიან ძვირი არ დამჯდარიყო. რაც უფრო დიდია სოფელი, მით უფრო დიდი ხარჯია და პროექტმა თუ არ გაამართლა, ფული მიდის ბიუჯეტიდან. გამოვიდა, 24-საათიანი წყალმომარაგება არის. ახლა საჭიროა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცეს, მთავრობასთან დასალაგებელი სიტუაციაა. ჯერ დაკვირვების რეჟიმში ვართ, რადგან 1 წელი არ გასულა და ვნახოთ, როგორ იმუშავებს. ანალოგიური მეთოდით გვინდა ყველა სოფლის აღჭურვა.

- კიდევ რა პრობლემების მოგვარებას ითხოვს მოსახლეობა?

- ჩვენ გავაკეთეთ „ორმოცწყარო მაშავერას“ პროექტი. საუკუნის პროექტია. ვერც ერთი ხელისუფალი ვერ მოერია ამას, ვერ დაძლია და მე გავაკეთებინე მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, გამოვაცხადებინე 35-მილიონიანი ტენდერი, რომელშიც სომხურმა საერთაშორისო კომპანიამ გაიმარჯვა. სამუშაოები მალე დაიწყება. დღემდე იმიტომ არ დავიწყეთ, რომ პოლიტიკურად არ გამომეყენებინა. ვფიქრობ, რომ 2025 წლისთვის დმანისში წყლის საკითხს სრულად დავხურავ. შეიძლება დამრჩეს ყოფითი პრობლემები, როგორებიცაა ნასოსის ან ტუმბოს გაფუჭება და ერთი-ორი დღით წყლის მიწოდების შეფერხება. მაგისთვის უკვე ყველა სოფელში სარეზერვო ჭაბურღილს გავაკეთებ. 24-საათიანი წყალმომარაგებით არაერთი სოფელია უზრუნველყოფილი. წყალმომარაგების თემის განვითარების მხრივ, დმანისში, ფაქტობრივად, ჩვენ ჩავდეთ 6-7 მილიონი ლარი და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ.

მინდა, 2025 წელს ბიუჯეტი 50 მლნ ლარი იყოს, რომ ჩემ შემდგომს დავუტოვო. გავაკეთე პრიორიტეტების დოკუმენტი, ვინც უნდა მოვიდეს, ვერ შეცვლის, რადგან ეს პრიორიტეტები ხალხმა აირჩია და ხალხის ნება უნდა იყოს გათვალისწინებული.

პრობლემა ბევრია. აუცილებელია საბავშვო ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია, რათა ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალ თაობას ჰქონდეს ღირსეული განათლების მიღების შესაძლებლობა, ღირსეული მომავლის შექმნის შესაძლებლობა. ეს პირველი იწყება საბავშვო ბაღიდან. მე ვფიქრობ, რომ ირგანჩაიში, ამამლოში, ყარაბულაყში და სხვაგან უკვე 2024-25 წლისთვის საბავშვო ბაღები უნდა იყოს.

-გზების პრობლემა რა გაქვთ?

-ირგანჩაის გზის პრობლემა ... არ მინდა რა ოპონენტებზე საუბარი, ახლა „ქართულ ოცნებაში“ ვინც არიან, ისინი იყვნენ ჩემამდე ხელისუფლებაში და ეგ მათი გაკეთებულია. ჩემი გაკეთებული არაფერი არ დანგრეულა. ირგანჩაის გზა არის გასაკეთებელი ხელახლა, საფარლოდან ირგანჩაიმდე. არც ერთ სტანდარტში არ ჯდება 5-სანტიმეტრიანი გზა. არის 10-სანტიმეტრიანი და აქვს თავისი კონსტრუქციული სქემა. 30 სმ ბალასტი მინიმუმ, მერე 30 სმ ხრეში, მერე არის კონსტრუქციული ფენა 6 სმ, თავისი ტკეპნებით და ლაბორატორიებით, რომ ეს სიმყარე შენარჩუნდეს. მე რაც მოვედი, არცერთი არასტანდარტული გზა არ დაგებულა დმანისში. კიზილაჯლოში, ნაგარახლოში, ამამლოში, დიდ დმანისში, პატარა დმანისში, ირგანჩაიში, კარაბულახში… ყველგან, სადაც ჩვენ გზები გავაკეთეთ, არის ორფენიანი ასფალტი.

-ერთ ვიდეოში თქვენ ამბობთ, რომ რამდენიმე წელიწადში დმანისს ვერავინ იცნობს. ამ მიმართულებით რა გააკეთეთ და რას გააკეთებთ, თუ აგირჩევენ?

-მე ვთქვი, რომ ჩვენ განვაახლებთ დმანისს. ეს უწყვეტი პროცესი უნდა იყოს. ჩვენ დავიწყეთ განახლება და ეს წერტილიც იქნება ბათუმის მსგავსად. ბათუმის ბულვარში ხომ ხართ ნამყოფი? ხომ მოგწონთ? პიაცაზე ქვაფენილები რომ არის, მოგწონთ? აი, ისეთი სიტუაცია იქნება აქაც.

დმანისში პირველი ევროპელების ნაქალაქართან მისასვლელი გზა არ იყო, არც - ტუალეტი. არ იყო მზაობა, რომ ტურისტები მიეღოთ და ჩვენ გავაკეთეთ. ახლა ციტადელის განათებები უნდა გავაკეთო, რომ უფრო სანახაობრივი იყოს. ამ პატარა დმანისში არ იყო გაზი, არ იყო გზა. არ იყო განათება, წყალი - გავაკეთეთ, სოფელს ვეღარ იცნობთ.

გარდა ამისა, დმანისში რომ შემოდიოდით, სომხეთისა და დმანისის გასაყარი რომ არის, გუგუთს რომ ეძახიან, ეგ ტერიტორია ძალიან ჩაბნელებული იყო და გავანათეთ. საერთოდ, ყველა სოფელი გავანათეთ. ყველგან პატარა სკვერები და პარკებია. სკოლის ინფრასტრუქტურა, ტუალეტებიდან დაწყებული, მოწესრიგდა. ყველა საბავშვო ბაღი გარემონტებულია და 4 საბავშვო ბაღის რემონტი მიმდინარეობს. წყლის გამო შიდა ასფალტებს ვერ ვაკეთებთ, რადგან უნდა გადაითხაროს და გაფუჭდება. დავამატეთ ნაგვის ურნები: 200 ერთეული იყო და ახლა 1000 ურნაა, დასუფთავების სერვისი შევცვალეთ. სოფელ ბოსლებში არასდროს არ ყოფილა სკოლამდე მისასვლელი გზა, არ ყოფილა განათება, არ იყო საბავშვო სივრცე, სტადიონი.

-მუზეუმამდე მისასვლელი გზა რომ ჩამოშლილია?

-ვიცი. ეგ ჩაინგრა. საავტომობილო გზების დეპარტამენტიც საქმის კურსშია და კეთდება ჩვენი თხოვნით. დმანისში ჩემი მერობისა და კახა ოქრიაშვილის დეპუტატობის პირობებში, ჩვენი გუნდის მმართველობის პირობებში, არ გარჩეულა და არ გაირჩევა ქართული და აზერბაიჯანული სოფელი ერთმანეთისგან. განვითარების ჭრილშიც ერთნაირად ვითარდებოდა. დმანისელების შიდა საქმეში ჩარევას სჯობს, საკუთარ საქმეებს მიხედოს ყველამ, სუს-მაც, პოლიციამაც, პარტიებმაც… აქ ჩვენ თვითონ დავლაგდებით.

-დმანისის ტურისტული მიმართულებით განსავითარებლად, კიდევ რა გეგმა გაქვთ?

- ვგეგმავთ, სიონიდან საფეხმავლო ბილიკის გაკეთებას შუშის ხიდით, დაშბაშის კანიონის სტილში. ამ ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, ზევით - ველობილიკი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მანიშნებელი, საპიკნიკე სივრცეები - ეს დაწყებული გვაქვს.

მერე გადავდივართ შუა წალკაში, ჭოჭინის გზა გავაკეთეთ, რომელიც უახლოესი მანძილით აკავშირებს დმანისს წალკასთან. ჩვენს მხარეს გაკეთებულია და იქითა მხარეს 9 კილომეტრია დარჩენილი და იმასაც გააკეთებენ. პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია ინვესტორს გადაეცა ჩემ მოსვლამდე და მე იქ საპიკნიკე სივრცეები გავაკეთებინე და ახლა კორონავირუსის გამო ინვესტიციებისგან თავს იკავებენ. იქ უნდა იყოს კოტეჯები, ღამის გასათევი, ველობილიკი, რეკრეაციული სივრცე, ტბაში - დიდი რესტორანი. ტბის მიმართულებით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, კეთდება ღია და დახურული რესტორნები, სასტუმრო, სველი წერტილი.

გავაკეთეთ მეხორცეობის პირველი ფერმა დმანისში, აგრარული სკოლა, რომელიც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. შვეიცარიელებმა 180 წლის წინ აქ ყველის კეთება დაიწყეს და ახლა იქნება ყველის წარმოება. საკმაოდ კარგი გეგმა და ხედვა გვაქვს მაგ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ტურიზმის განვითარება არ არის მარტო მუნიციპალური ვალდებულება, ტურიზმის განვითარება არის კერძო სექტორის, მუნიციპალიტეტის, ეკონომიკური სექტორის ერთობლივი პროექტი.

-რას ფიქრობთ დეცენტრალიზაციის შესახებ, იცნობთ სტრატეგიის გეგმას?

-ვიცნობ და არ მომწონს იმიტომ, რომ პროექტად დარჩება. იქ წერია 2025 წლამდე სახელმწიფო ქონებების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა. მე ვფიქრობ, რომ 2025 წლამდე დიდი დროა და სახელმწიფო კარგავს ძალიან ბევრ ფულს. მუნიციპალიტეტის მართვაში რომ გადმოგვცეს დღეს ეს ქონება, მე მას გავაქირავებ და ბიუჯეტში შემოვა ძალიან ბევრი ფინანსური რესურსი. მუნიციპალიტეტი უნდა იყოს რეალურად ავტონომიური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უნდა იზრდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდასთან ერთად. ვიღაცამ მკითხა, როგორ აისახებოდა ჩემი ოპოზიციონერობა დმანისზე. როგორ აისახება და პლუს 4 მილიონი მოვიტანე ფული. იმიტომ რომ უფრო მეტად ვარ მობილიზებული, ვარ ორიენტირებული, რომ ჩემი მოსახლეობა არ დაჩაგროს ვიღაცამ პოლიტიკური შეხედულებების გამო. საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანების უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციებით, ამ კუთხით დისკრიმინაცია დაუშვებელია.

-სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს თუ ასრულებთ?

-შესრულებულია ყველა რეკომენდაცია. ერთადერთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირება ხორციელდება 15 ნოემბრამდე. ანუ მე თუ 2020-21 წელს ქონებას ვფლობ დმანისში, ვადეკლარირებ პირველ ნოემბერს და ვიხდი 15 ნოემბერს. ანალოგიურად არის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდაც. მაგალითად, „არემჯიმ“ მოიგო ბევრი პროექტი და შემოვიდა ფული ბიუჯეტში, მაგრამ შემოვიდა ნოემბრის თვეში. მე ამის დაოპერირებას ვერ ვახერხებ. აუდიტი მეუბნება, მილიონი ლარი ვერ აითვისეო. ვუპასუხე, რომ მილიონი ლარი შემოსავალი გვქონდა 25 დეკემბერს, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე კი არის 5-6 დღე.

- ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორ და რა საკითხებში ხედავთ?

-ტურიზმის განვითარების ჭრილში. მაგალითად, ბოლნისში ჩავა ადამიანი და აქ წამოვა, რადგან გრილა ზაფხულში და წყალი კარგია. წალკაში ითევზავებს, ტყეში გაისეირნებს, ზეზვას და მზიას შემდეგ, დაშბაშის კანიონზე წავა...

შესაძლებელია გზების მოვლა-პატრონობის მიმართულებით თანამშრომლობა, ასევე - დასუფთავების საკითხებში და სხვა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3361 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი