იტვირთება

სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გვერდის, „ლიდერი 41“-ის მიერ გავრცელებული ყალბი ამბის მიხედვით, დმანისში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდა. Facebook-გვერდის მტკიცებით, აღნიშნულ ფაქტს ვიდეო მასალაც ადასტურებს, სადაც მელია, დმანისელებს თითქოს, მოუწოდებს: „მიდით შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ“. Facebook-პოსტის მიხედვით: „ტონი ისეთია, თითქოს ნიკა მელია ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებს. ნაცები ხალხს სიძულვილის ენით ესაუბრებიან და რეალურად ძალადობის წახალისებას ეწევიან“.

იხ. Facebook-პოსტი

სინამდვილეში, ნიკა მელია ამომრჩევლებს დმანისში ძალადობისკენ არ მოუწოდებდა, რასაც იმავე ვიდეო მასალის სრული ვერსიაც ადასტურებს, რომელიც Facebook-გვერდმა „ლიდერი 41“ ინფორმაციის მანიპულაციურად გასავრცელებლად გამოიყენა. დმანისში სიტყვით გამოსვლის ამსახველი ვიდეო მასალა თავად ნიკა მელიას ოფიციალურ Facebook-გვერდზეა ატვირთული და მასში მელია მოსახლეობას შემდეგი სიტყვებით მიმართავს:

“მთელმა საქართველომ გაიგო რა მაგარი ადამიანები ცხოვრობთ დმანისში, მაგრამ უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა ვერაგი და ბოროტი რეჟიმი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელთან ბრძოლაშიც დიდ წილს თავის თავზე იღებს დმანისი და დმანისელები შიშველი ხელებით. გუშინდელი დღე დასტური იყო შემდეგი რამის, რომ ერთ მხარეს იდექით პატრიოტები, რომელთაც უკეთესი მომავალი გინდათ, მეტი არაფერი, მეტმა არაფერმა თქვენ იქ არ შეგკრიბათ, სადაც ესწრებოდა მოქმედი დმანისის მერი [გიორგი ტატუაშვილი], რომელიც საერთო ოპოზიციური შეთანხმების კანდიდატია და მოქმედი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. ხელისუფლებამ განგებ გასცა დარწმუნებული ვარ თბილისიდან ბრძანება, რომ სადაც კახა არის და სადაც გიორგი არის, აი ამ ადამიანებთანაც რომ ვერ იგრძნონ დმანისელებმა უსაფრთხოდ თავი, მიდით, შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ და ეს ადამიანები შეშინდებიანო. პირიქით მოხდა. არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი, არ ტყდება საქართველო. მოძალადეები ხართ, ზონდერები ხართ. ყველაზე შემზარავად ამორალური ძალადობის ხერხებს მიმართავთ“.

აღნიშნული განცხადება მელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის 2 მხარდამჭერს სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.

ამდენად, „ლიდერი 41“-ის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა მანიპულაციურია და მასში ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის ამსახველი ვიდეო მასალა იმგვარადაა რედაქტირებული, თითქოს, მელია ამომრჩევლებს შეხვედრაზე ძალადობისკენ მოუწოდებდა, რაც ტყუილია.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი