იტვირთება

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 30 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მოქმედი მერები ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, წამყვან თანამდებობაზე მომუშავე პირები (საკრებულოს თავმჯდომარეები, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები) დაასახელა. „ფაქტ-მეტრი“ ზემოხსენებული პირების საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც ლაგოდეხში, მოქმედი მერის, ჯონდო მდივნიშვილის მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა.

ლაგოდეხის მერობის კანდიდატი - ჯონდო მდივნიშვილი

ჯონდო მდივნიშვილი 2017 წლიდან ლაგოდეხის მერია და ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნებიდან“ მეორედ იყრის კენჭს. მდივნიშვილი მერად „ლიბერთი ბანკიდან“ გადავიდა, სწორედ ამ ბანკის კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველი იყო 2013-2017 წლებში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, არაერთი დარღვევა გამოვლინდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე დანერგილი არ არის სათანადო კონტროლის მექანიზმები და მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. საუბარია სოფლების: თამარიანისა და ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე, ზემო ბოლქვში ჭაბურღილის და საუბნო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე, გიორგეთის კულტურის სახლის შენობისა და ჭაბუკიანში არსებული სტადიონის რეაბილიტაციაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მერიამ მხოლოდ სამუშაოების მოცულობა შეამოწმა და არა ხარისხი, რის გამოც არსებულ ობიექტებზე პრობლემები წარმოიქმნა.

აუდიტის ანგარიშში საუბარია იმაზეც, 2017-2018 წლებში ლაგოდეხის თვითმმართველობა, რეკომენდებული 6 ავტომანქანის ნაცვლად, 12-ს მოიხმარდა.

ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიას 2017-2018 წლებში არასაკმარისი კონტროლის მექანიზმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, დასუფთავების მოსაკრებლის სახით დაგეგმილი შემოსავლებიდან, მიღებული აქვს მხოლოდ 60%. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია მოსაკრებლის ადმინისტრირება ფიზიკური პირებისგან.

დასკვნის მიხედვითვე, 2018 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამი ტენდერი მოიგო. თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

ანგარიშში ასევე საუბარია მერიის აუდიტის სამსახურის არაეფექტურ მუშაობაზე. ვკითხულობთ, რომ 2017-2018 წლებში აღნიშნული სამსახური თავის ფუნქცია-მოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო არ დაეთანხმა და მერიამ შესაბამისი განმარტებები გადაუგზავნა აუდიტის სამსახურს.


მსგავსი სიახლეები

3475 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი