იტვირთება

2020 სექტემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრები 30 328 ოჯახი (119 834 ადამიანი). აქედან საარსებო შემწეობას 11 125 ოჯახი (49 478 ადამიანი) იღებდა. მიმდინარე წლის ანალოგიური პერიოდის მიხედვით, რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 33 687-ს (132 512 ადამიანი) შეადგენს, ხოლო საარსებო შემწეობას 15 200 ოჯახი (68 999 ადამიანი) იღებს. ეს ნიშნავს, რომ იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ სახელმწიფოსგან ფულადი სახის დახმარება სჭირდებათ და შემწეობის მიმღებად აღიარებას ელოდებიან, 3 359 ოჯახით (12 678 პირი) გაიზარდა, ხოლო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 4 075 ოჯახით (19 521 პირი) მეტია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბათუმში უფასო სასადილოს სადილით მოსარგებლეთა რაოდენობა 1 600 ადამიანით გაიზარდა და 7 595-ს მიაღწია. თუ ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის მუნიციპალური უფასო სასადილოს ქვეპროგრამის ხარჯებს ჩავხედავთ, 5 657 ბენეფიციარის საკვები პროდუქტის შესაძენად გათვალისწინებულია 3 670 000 ლარი. ეს ნიშნავს, რომ ერთი ბენეფიციარისთვის მთელი დღის საკმარისი საკვების მიწოდება 2 ლარიც კი არ ჯდება (უფრო ზუსტ ინფორმაციას ამ ხარჯების შესახებ მომავალში შემოგთავაზებთ, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერია მოოთხოვნილ ინფორმაციას გამოგვიგზავნის). ეს მაშინ, როცა რესტორნებში მაღალჩინოსნებისა და მათი სტუმრებისთვის გადახდილი თანხიდან, ერთ პერსონაზე, 70 და მეტი ლარიც კი იხარჯება. ეს თანხა დღეში, მინიმუმ, ოცი ბენეფიციარის გამოსაკვებად საკმარისი იქნებოდა.

სწორედ არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით დაინტერესდა „ფაქტ-მეტრი“, რამდენი დახარჯეს აჭარის ა/რ სამინისტროებმა და უმაღლესმა საბჭომ რესტორნებსა და სასტუმროებში, სტუმრების გამასპინძლებისა და დაბინავების მიზნით.

ამ მიმართულებით გახარჯული თანხის ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონმიკის სამინისტროზე მოდის. მაშინ, როცა ქართველი ეპიდემიოლოგები კოვიდის ახალი შტამის გავრცელებას პროგნოზირებდნენ, რეგულაციების დაცვისკენ მკაცრად მოგვიწოდებდნენ და ზაფხულის სეზონის შემდეგ ინფიცირებულთა ზრდას არ გამორიცხავდნენ, აჭარის მაღალჩინოსნებისა და მათი სტუმრებისთვის რესტორნებში დახუნძლული სუფრები იშლებოდა.

აღნიშნული სამინისტროს მიერ გახარჯული თანხის დეტალური მონაცემები ასე გამოიყურება:

დელირია, სარესტორნო მომსახურება ექვს პერსონაზე, გადახდილია 446 ლარამდე (CMR210106597). სუფრაზე იყო: ქართული სალათა, იმერული ყველი, ნადუღი პიტნით, ხორცი მონასტრულად, ხბოს ოჯახური, პური სახლის, იმერული ხაჭაპური, ტყემალი, კოკა-კოლა, მანავის მწვანე (ჩამოსასხმელი), კოქტეილი (კიტრის ჯინტონიკი ჰენდრიქსით), ნიგვზიანი ბადრიჯანი, წყალი, ნაბეღლავი, ლუდი „აისი“. ერთი ადამიანის გამასპინძლება, დაახლოებით, 74 ლარი დაჯდა. მომსახურება გაწეულია მიმდინარე წლის 9 სექტემბერს.

იმავე დღეს სამინისტრომ 1 626-ლარიანი სარესტორნო მომსახურება შეისყიდა შპს „საგა ფუდისგან“ (CMR210106609). ამჯერად სუფრა უფრო მრავალფეროვანია: კონიაკი სარაჯიშვილი, სამი სახის თევზი, ორი დასახელების ღვინო, სამი დასახელების ყავა, ვისკი, უალკოჰოლო სასმელები, ყველის ასორტი, ფხლის ასორტი, ორი სახის სალათი, გრილზე შემწვარი ბოსტნეული, ხბოს ჩაშუშული, ღორის მწვადი, ქათმის მწვადი, სოკო კეცზე სულგუნით, საწებელი ტყემლისა და ნიგვზის, იმერული ხაჭაპური და ღუმელში გამომცხავარი მჭადი. მომსახურება ოც პერსონას გაეწია, რაც ნიშნავს, რომ ამჯერად ერთი სტუმრისთვის გადახდილი თანხა 81 ლარზე მეტია.

შპს „გარდენი“ - ექვსი პერსონის გამასპინძლებაში ბიუჯეტიდან გადახდილია 587 ლარაზე მეტი (CMR210101907). ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანის მომსახურება 98 ლარს აღწევს.

4 აგვისტოს შპს „პოსეიდონი“ (CMR210095722) - რესტორან „შავ ზღვაში“ სუფრაზე იყო სულგუნი, მწვანილი, მწნილის ასორტი, სალათა, სოფლის წიწილა, ოთხი სახის თევზი, მიდიის ფლოვი და ჩაშუშული, იმერული ხაჭაპური, მჭადი და პურის ასორტი, კარტოფილი გლეხურად, რამდენიმე სახის სოუსი და გამაგრილებელი სასმელები. მომსახურება რვა პერსონას გაეწია და სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 778 ლარი გადაიხადა, ანუ ერთ ადამიანზე - 97 ლარზე მეტი.

26 ივლისს ოცდათხუთმეტ ადამიანზე სუფრა „მეგრულ-ლაზურში“ გაიშალა (CMR210090908). მთავრობა სტუმრებს ხელგაშლილად გაუმასპინძლდა: სალათები, ყველის ასორტი, გებჟალია, წიწილა, რამდენიმე სახის მწვადი, ხაშლამა, მეგრული ხარჩო, ჩაქონდრილი, სოუსები, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელი, რაც ბიუჯეტს 3 290 ლარი დაუჯდა. ერთ პერსონაზე გახარჯული თანხა 94 ლარს შეადგენს.

27 ივლისს ათ პერსონაზე შედარებით მოკრძალებული სუფრა გაიშალა ი/მ მალხაზ სამნიძის ობიექტში. აქ ერთი პერსონის მომსახურება 34 ლარს შეადგენს. ჯამში ბიუჯეტიდან გადახდილია 341 ლარი (CMR210090896).

შპს „მიუნჰენი“, 22 აპრილს ოთხ პერსონაზე გადახდილი თანხა 289 ლარს შეადგენს (CMR210089630). ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტს ერთი ადამიანის მომსახურება 72 ლარზე მეტი დაუჯდა.

18 ივლისს შპს „შეფ კლუბი“ თხუთმეტ სტუმარს მოემსახურა. სამინისტრომ ამ სუფრაში 3 047 ლარზე მეტი გადაიხადა (CMR210089266). თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი პერსონის სარესტორნო მომსახურებაში გადახდილი თანხის მოცულობა 203 ლარს აღემატება, თვითონ მიხვდებით, როგორი ძვირადღირებული სასმელი და კეძები უნდა ყოფილიყო. მთლიანი თანხიდან თითქმის 1 600 ლარი ალკოჰოლურ სასმელებში დაიხარჯა - უფასო სასადილოს 800 ბენეფიციარის სადილი.

სამინისტრომ 9 ივნისს შპს „ზუ-კასთან“ რვა ადამიანი დაპატიჟა (CMR210073747) და 603 ლარი გადაიხადა, ანუ ერთ პერსონაზე - 75 ლარზე მეტი.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ივნის-სექტემბერში გაწეულმა სარესტორნო ხარჯმა ჯამში 11 ათას ლარს გადააჭარბა.

სოლიდურად გამოიყურება აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარესტორნო და სასტუმრო ხარჯებიც.

23 სექტემბერს დეპარტამენტმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემის „დილა მშვიდობისა“ გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა (CMR210108431). მომსახურებაში გადახდილი თანხის ოდენობა 180 ლარს შეადგენს. ამავე მიზნით გადახდილია კიდევ 192 ლარი (CMR210106577).

სექტემბერში ფეისბუქგვერდის „მუდ ოფ საილენს“ (mood of silence) ფოტოგრაფისა და ბლოგერის (ორი პერსონა) სასტუმრო მომსახურებაში 120 ლარი გადაიხადა (CMR210108429). ამავე სტუმრებისთვის სოფელ ხიხაძირში კვებისა და განთავსების ხარჯი 150 ლარს შეადგენს (CMR210106607).

იმავე თვეში, დეპარტამენტმა მედიატურის ფარგლებში რამდენიმე ჟურნალისტს უმასპინძლა (CMR210107080). კერძოდ: Euronews -ის ორკაციან გადამღებ ჯგუფს; აჭარის ტელევიზიიდან გადაცემა „დილის ტალღის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს; Mood of Silenc-იდან ორ ბლოგერს; ტელეკომპანია POST TV -ის ჟურნალისტსა და ოპერატორს; სამთო გიდს; გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს; ორ ფოტოგრაფს. კვების მომსახურების ხარჯმა 1 400 ლარი შეადგინა.

აგვისტოში ლიეტუვასა და ესტონეთიდან ორი ბლოგერის სასტუმრო მომსახურებისთვის „შერატონთან“ 500-ლარიანი ხელშეკრულება (CMR210096870) გააფორმა.

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლების, ოთხი პერსონის სასტუმრო „ინტურისტში“ განთავსებისთვის ივლისში გადახდილია 400 ლარი (CMR210089643), ხოლო კვებითი მომსახურებისთვის - 300 ლარი (CMR210089640). ამავე სტუმრების სარესტორნო მომსახურებისთვის შპს „ზუ-კასთვის“ გადახდილი თანხა 200 ლარს შეადგენს (CMR210089636).

ივლისში დეპარტამენტმა 1 827 ლარი გადაურიცხა შპს „აჭარული ღვინის სახლს“, რომელმაც, ხელშეკრულების თანახმად (CMR210088077), საერთაშორისო სტუმრებს კვებითი მომსახურება გაუწია. საუბარია ყირგიზეთსა (ოცი ადამიანი) და ბელარუსიდან (ათი ადამიანი) ტურიზმის სტიმულირების მიზნით მოწვეულ სტუმრებზე.

იმავე პერიოდში ბელარუსიდან მოწვეულ ტუროპერატორებს (ექვს ადამიანს) სარესტორნო მომსახურება გაუწია შპს „ქერვან ტურიზმმაც“, რისთვისაც 264 ლარი დაიხარჯა (CMR210084540), ხოლო სასტუმროში ექვსი ღამით განთავსებისთვის - 4 529 ლარი (CMR210084538).

ივნისში დეპარტამენტმა უკრაინელი ბლოგერების ორკაციანი ჯგუფის სამი ღამით სასტუმროში განთავსებისთვის 450 ლარი გადაიხადა (CMR210078267).

ასევე ივნისში დეპარტამენტს არაერთი საერთაშორისო სტუმარი ჰყავდა. რესტორან „შატო კვირიკეს“ ოთხი ადამიანის სარესტორნო მომსახურებისთვის - 211 ლარი (CMR210077641), ხოლო შპს „გრინ ინვესტს“ ჯამში 687 ლარი (CMR210077628) გადაუხადა.

საერთაშორისო სტუმრების კვებითი მომსახურებისთვის, დეპარტამენტმა 1 840 ლარი გადაუხადა ი. მ. ალექსანდრე შერვაშიძეს (CMR210077040). ამავე მიზნით, „აჭარული ღვინის სახლისთვის“ გადახდილი თანხის მოცულობა 2 399 ლარს შეადგენს (CMR210076362). საერთაშორისო სტუმრებისთვის ასევე ივნისში გადახდილია 616 ლარი შპს „ფოსფორისთვის“ (CMR210075904).

მიმდინარე წლის 15-17 ივნისს დეპარტამენტს სტუმრად ჰყავდა შვიდი ექსპერტი GOOGLE GR-იდან, რომელთა კვებითი მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა 1 296 ლარს (CMR210075815), 1 437 ლარს (CMR210074807), 869 ლარს (CMR210074777), 900 ლარს (CMR210074772), 233 ლარს (CMR210074759), 350 ლარს (CMR210074750), 850 ლარს (CMR210074743) და 500 ლარს (CMR210074737) შეადგენს. ამავე ჯგუფის სასტუმროში განთავსებისთვის კი გახარჯულია 640 ლარი (CMR210075809) და 1 860 ლარი (CMR210074807).

3 090 ლარია გადახდილი დეპარტამენტის მიერ შპს „დდ ჰოლდინგისთვის“, რომელმა თორმეტ უკრაინელ ტუროპერატორს სასტუმრო მომსახურება გაუწია (CMR210075801). ამავე სტუმრების სარესტორნო მომსახურებისთვის „ზუ-კას“ 2 217 ლარი გადაუხადა (CMR210075347).

13 ივნისს დეპარტამენტმა ქართული მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს უმასპინძლა. მედიატურის ფარგლებში გაწეული სარესტორნო მომსახურებისთვის 750 ლარი „კოლხურ სახლს“ გადაუხადა, (CMR210074811), ასევე 750 ლარი გადახდილია (CMR210074744) „შატო კვირიკესთვის“, 677 ლარი (CMR210074713) შპს „ზუ-კასთვის“, ამავე მიმწოდებლისთვის (CMR210074702) – 246 ლარი და 750 ლარი (CMR210074698). სასტუმრო მომსახურება კი 1 360 ლარი (CMR210074717) დაჯდა.

დეპარტამენტმა ასევე უმასპინძლა მაღალრეიტინგულ ბლოგერებსა და ინფლუენსერებს სხვადასხვა ქვეყნიდან, სულ ჩვიდმეტ ადამიანს (CMR210071458), რისთვისაც რესტორან „ბალაგანში“ 872 ლარი დახარჯა.

დეპარტამენტის მიერ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი ჯამურად 35 912 ლარს შეადგენს. აქედან 22 813 ლარი - სარესტორნო, ხოლო 13 099 ლარი - სასტუმროს მომსახურების ხარჯია.

რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს, მათ მიერ ანალოგიური მიზნით გაწეული ხარჯები უმნიშვნელოა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე კვებითი და სარესტორნო მომსახურებისთვის მხოლოდ 1 557 ლარი გახარჯა, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ - 587 ლარი (CMR210086247).

ოდნავ მეტი სარესტორნო ხარჯი გაიღო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ: ჯამში 5 058 ლარი - სარესტორნო მომსახურებისა და ერთი ფურშეტისთვის, ხოლო 360 ლარი - სასტუმროს მომსახურების შესყიდვის მიზნით.

განათლების სამინისტროს ხარჯები დეტალურად ასე გამოიყურება: ი. მ. ინგა შერიფაძე (CMR210111930) - 600 ლარი, „ზუ-კა“ (CMR210107288) - 390 ლარი, გარდენი (CMR210101254) - 529 ლარი, შპს „ბ-ი კე-ი“ (CMR210101253) - 294 ლარი, „არგინეთი 2011“ - 456 ლარი (CMR210092648), ფურშეტი 7 პერსონაზე - 105 ლარი (CMR210092465), „ზუ-კა“ - 1 085 ლარი (CMR210090582), „შეფ კლუბი“ - 497 ლარი (CMR210086592), „ზუ-კა“ - 322 ლარი (CMR210076622), „ზუ-კა“ - 780 ლარი (CMR210047745) და სასტუმრო მომსახურება – 360 ლარი (CMR210092466).

მოკრძალებულად გამოიყურება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სარესტორნო ხარჯიც. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 19 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლა. რესტორან „ღვინის გზაში“ ვახშმის ღირებულებამ 2 738 ლარი შეადგინა (CMR210097920). 4 ივნისს აჭარაში გაიმართა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა, რომლის შემდეგაც სტუმრებთან ერთად ისადილეს რესტორან „რივიერაში“. ეს სადილი ბიუჯეტს 788 ლარი დაუჯდა (CMR210079737). 7 ივნისს ასევე „რივიერაში“ გაიშალა სუფრა პოლონეთის ქვემო სილეზიიდან ვიზიტით მყოფი სტუმრებისთვის. გადახდილია 1 077 ლარი (CMR210079732). 19 მაისის მიღებისა და ოფიციალური სადილისთვის ი. მ. მაია სურმანიძეს 600 ლარი გადაუხადა(CMR210079317). აღნიშნული ხარჯი ჯამში 5 200 ლარს შეადგენს.

აჭარის ა/რ ოთხი სამინისტროსა და უმაღლესი საბჭოს სარესტორნო ხარჯმა, 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სულ 46 215 ლარი შეადგინა. ამ თანხის დიდი წილი, 33 813 ლარი, მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატისა და მისი საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარესტორნო ხარჯებზე მოდის.

შენიშვნა: სტატიაში მითითებული წყაროების გადამოწმება შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, თუ თქვენ რეგისტრირებული მომხმარებელი ხართ.

რედაქტორის შენიშვნა:სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, ფინანსთა სამინისტროს მიერ ალკოჰოლზე (CMR210089266 შესყიდვის ფარგლებში) დახარჯული თანხა არასწორად იყო მითითებული და არ მოიცავდა ჭაჭაში გადახდილ თანხას.


მსგავსი სიახლეები

3468 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი