იტვირთება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიდუმლო ჩანაწერების მეშვეობით ამერიკაში ექიმები აშშ-ს მთავრობას ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების დამალვის შესახებ ამხელენ. პოსტის თანახმად, საიდუმლო ჩანაწერები 2021 წლის 20 სექტემბერს, Project Veritas-მა ვაქცინების საგამოძიებო სერიების პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ს ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების სერვისში მომუშავე ჯოდი ო’მალის ინტერვიუა მოცემული, სადაც ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე საუბრობს. რეალურად, ვიდეოში ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი დაუსაბუთებელი მტკიცება არის გავრცელებული.

რა არის Project Veritas-ი ?

რეალურად, ვიდეოს გამავრცელებელი Project Veritas-ი ჯეიმს ო ‘კიფის მიერ 2010 წელს დაარსებული პოლიტიკურად მოტივირებული ულტრამემარჯვენე ორგანიზაციაა, რომელიც დაუსაბუთებელი მტკიცებების და ცრუ ნარატივების გავრცელებით არის ცნობილი. ჯგუფი ძირითადად მის მიერ საიდუმლო ოპერაციებად ჩაწერილი და დარედაქტირებული ვიდეოების საშუალებით მეინსტრიმული მედიაორგანიზაციებისა და პროგრესული ჯგუფების დისკრედიტაციას ახდენს. Project Veritas ჩართული იყო ამერიკის არჩევნების გაყალბებისა და მედიის მიკერძოების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ხოლო ბოლო დროს ორგანიზაცია COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშიც ჩაერთო. დღეისათვის, Project Veritas-ის ვებგვერდზე ვაქცინების საგამოძიებო სერიების 5 ნაწილია განთავსებული და ერთ-ერთი მათგანი ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის Logically-ის ობიექტივშიც აღმოჩნდა.

projectveritas.com

კერძოდ, 2021 წლის 20 სექტემბერს, Project Veritas-მა კოვიდვაქცინებთან დაკავშირებული საგამოძიებო სერიების პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც Project Veritas-ის დამფუძნებლის, ჯეიმს ო’კოფისა და Indian Health Service-ში მომუშავე ექთნის, ჯოდი ო’მალის ინტერვიუა მოცემული. ჯოდი ო’მალიმ Project Veritas-ის ეთერში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაღებული ფარული ჩანაწერი გააშუქა, რომელშიც ექიმი მარია გონსალესი კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით საუბრობს. გონსალესის თქმით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიერ გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, მაგალითად - მიოკარდიტის შემთხვევებს, სახელმწიფო არ აღრიცხავს და აფიქსირებს: „ეს ყოველივე უაზრობაა. ახლა პაციენტს ვაქცინის გამო შესაძლოა მიოკარდიტი აქვს. მაგრამ ისინი ამას ვაქცინას არ დააბრალებენ, არ აღრიცხავენ, რადგან მათ ყველაფრის დაფარვა სურთ“.

მტკიცება: ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების აღრიცხვა არ ხდება

მტკიცება, რომ თითქოს ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების აღრიცხვა და დაფიქსირება არ ხდება, მცდარია. ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენების თავმოყრისათვის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ბაზაზე შექმნილია VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System). VAERS-ს როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, აღსანიშნავია რომ ბაზაში ინფორმაციის შეყვანა ნებისმიერ პირს შეუძლია. სისტემა, რომელიც 23 სექტემბრისთვის 720 000-ზე მეტ შეტყობინებას მოიცავდა, მეცნიერებს ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციას აძლევს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები არასრული, არაზუსტი, შემთხვევითი ან გადაუმოწმებელია. მაგალითად ამ სისტემისა და მონაცემების საშუალებით, ჯანდაცვის მარეგულირებლები (CDC და FDA) ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ისეთ სერიოზულ გვერდით მოვლენებზე ატარებენ მოკვლევას, როგორიცაა მიოკარდიტის შემთხვევები. ამრიგად, ექიმი გონსალესისა და შემდგომში ო’მალის მტკიცება, რომ თითქოს აშშ-ის მთავრობა ვაქცინაციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების, მათ შორის - მიოკარდიტის შემთხვევების, დამალვას ცდილობს, ტყუილია.

რაც შეეხება ი-რნმ ვაქცინებსა და მიოკარდიტის განვითარების რისკს, აღნიშნულთან დაკავშირებით 2021 წლის ივლისში CDC-მ ანალიზი გამოაქვეყნა. სწორედ ზემოთ ხსენებულ VAERS-ის სისტემაში დაფიქსირებული მონაცემების შემდგომი გადამოწმების და მოკვლევის და საეჭვო შემთხვევების განხილვის საფუძველზე, დადგინდა, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი ვაქცინაციასა და მიოკარდიტის განვითარებას შორის, განსაკუთრებით მოზარდ ბიჭებში. CDC-ის თანახმად, ყოველ მილიონ დოზაზე სრულად ვაქცინირებულ 12-17 წლის ბიჭებში ვაქცინამ უნდა უზრუნველყოს კორონავირუსის დაახლოებით 5700 შემთხვევის პრევენცია, 215 ჰოსპიტალიზაციის, 71 რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის საჭიროებისა და 2 გარდაცვალების პრევენცია. იმავე მონაცემებზე გაანგარიშებით კი, მიოკარდიტების განვითარების შემთხვევა სავარაუდოდ 56-69 უნდა იყოს. ამასთან, გოგონების შემთხვევაში ეს რიცხვები გაცილებით დაბალია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავად კორონავირუსით ინფიცირების დროსაც მიოკარდიტისა და პერიკარდიტის განვითარების მაღალი რისკი არსებობს. ამ შემთხვევაში კი გულის დაზიანება ხშირად საკმაოდ მძიმეა.

CDC-ის სპიკერმა, მარტა შარანმა Politifact-თან საუბარში განაცხადა, რომ „CDC 12 წლის და უფროსი მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაციას გასცემს. კორონავირუსით ინფიცირება და თანმხლები გართულებები, როგორებიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და უარეს შემთხვევაში - გარდაცვალება, ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკებს (მათ შორის მიოკარდიტის ან პერიკარდიტის განვითარებას) საგრძნობლად აღემატება. CDC-ის ანალიზის შედეგები ამჟამად ერთ-ერთ რეცენზირებულ ჟურნალში გადის განხილვას.

მტკიცება: „ივერმექტინი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებაა და მას შეგნებულად არ იყენებენ

ჯოდი ო’მალი ინტერვიუს დროს აჟღერებს თავის მოსაზრებას, რომ სამეცნიერო წრეები კორონავირუსს ვაქცინით ებრძვიან, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აგდეს, მაშინ, როდესაც არსებობს კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი - „ივერმექტინი“.

რეალურად, „ივერმექტინი“ ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც ძირითადად ვეტერინარიაში ცხოველების (მსხვილი რქოსანი, ცხვარი, თხა, ღორი, კურდღელი) სამკურნალოდ, სხვადასხვა სახის შინაგანი და გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. რიგ ქვეყნებში, ზოგიერთი პარაზიტული დაავადებების დროს, მისი გამოყენება ადამიანებზეც ნებადართულია. თუმცა ცხოველებსა და ადამიანებში გამოყენებული პრეპარატი ერთმანეთისგან განსხვავდება და გათვალისწინებულია პრეპარატის შესაბამისი დოზა, რადგან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა, რომ ადამიანისთვის ტოქსიკური აღმოჩნდეს. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ოფიციალურ ვებგვერდზე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამჟამად არსებული კვლევების მიხედვით, პრეპარატი COVID-19-ის პრევენციისთვის ან მის სამკურნალოდ არ გამოიყენება, ხოლო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურ ვებგვერდზე კი ვკითხულობთ რომ „ივერმექტინის“ გამოყენება კორონავირუსის სამკურნალოდ მხოლოდ კლინიკური ცდების დროს არის დასაშვები“. დღეისთვის პანდემიასთან ბრძოლის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაა. უფრო ვრცლად, „ივერმექტინის“ და ამ პრეპარატით კორონავირუსის მკურნალობის შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3468 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი