იტვირთება

მიმდინარე ანგარიში საგადასახდელო ბალანსის ნაწილია. ეს უკანასკნელი კი სტატისტიკური ანგარიშია, რაც კონკრეტულ ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, განხორციელებულ ოპერაციებს ასახავს. უშუალოდ მიმდინარე ანგარიში საქონელსა და მომსახურებას, პირველად [1] შემოსავლებს და მიმდინარე ტრანსფერტებს (მეორად [2] შემოსავლებს) მოიცავს. ე. ი. აღნიშნული ანგარიშის დეფიციტი ქვეყნის სავაჭრო სალდოს და შემოსავლებს შორის სხვაობას ასახავს.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძირითადი ნაწილი სწორედ სავაჭრო ბალანსია, რაც გვიჩვენებს - ქვეყანაში არსებულ მოხმარებაზე მეტი იწარმოება, თუ - ნაკლები. საქართველოს შემთხვევაში უფრო ნაკლები საქონელი და მომსახურება იწარმოება, ვიდრე მოხმარებაა. ამდენად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის და მომსახურების იმპორტი აჭარბებს ექსპორტს. ასეთ შემთხვევაში კი მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, რომლის ცვლილებაზე გავლენას ძირითადად ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი ახდენს. თავის მხრივ, დეფიციტის შევსების წყარო კაპიტალური ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციები და საგარეო ვალია. აღნიშნული კი კაპიტალსა და ფინანსური ანგარიშში აისახება. მიმდინარე ანგარიშის დინამიკა 2012-2020 წლებში, წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე. 2016 წლიდან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მთლიან პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა 2020 წლისთვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1.962 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 105%-ით ზრდას წარმადგენდა. 2020 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მომსახურების ექსპორტის კლებას უკავშირდებოდა, რაც ძირითადად პანდემიური კრიზისის გამო, ტურიზმის სფეროს შეჩერებით იყო გამოწვეული. კერძოდ, 2020 წელს, შემოსავლები მოგზაურობიდან 361 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, როდესაც 2019 წელს, ქვეყანაში მოგზაურობიდან 2.6 მლრდ აშშ დოლარი შემოვიდა.

გრაფიკი 1: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2012-2020 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2021 წლის პირველ ნახევარში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 749.7 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10% კლებას წარმოადგენს, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით - 80%-ით მატებას. უშუალოდ 2021 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 383 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იან კლებას შეადგენს. მათ შორის, 2021 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შემოსავლებმა მოგზაურობიდან 242.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით არის შემცირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრული მასშტაბით შემოღებული არ ყოფილა, რამაც აღნიშნულ პერიოდში, პოზიტიური ეკონომიკური დინამიკა მოგვცა. აღნიშნული, პანდემიური კონტექსტის ანალიზს ართულებს. უშუალოდ 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, შემოსავლები მოგზაურობიდან 750%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 70%-ით შემცირდა.

2021 წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება მიმდინარე ტრანსფერტების (მეორადი შემოსავლების) 47%-ით, 710 მლნ აშშ დოლარიდან 1 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდამ გამოიწვია. დეფიციტი საქონლით და მომსახურების ვაჭრობაში და მიღებული პირველადი შემოსავლების მხრივ, გაღრმავდა. 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, შემოსავლები საქონლის ვაჭრობიდან შემცირდა 206 მლნ აშშ დოლარით, პირველადი შემოსავლებიდან 96 მლნ აშშ დოლარით, ხოლო შემოსავლები მომსახურებიდან 138 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო შემოსავლები ტრანსფერტებიდან 200 მლნ აშშ დოლარით.

ცხრილი 1: მიმდინარე ანგარიშის სტატისტიკა [3] 2019-2020 წლების პირველ ნახევარში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

[1] გვიჩვენებს პირველადი შემოსავლის ნაკადებს რეზიდენტ და არარეზიდენტ ინსტიტუციურ ერთეულებს შორის. ის მოიცავს: შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს.

[2] მეორადი შემოსავლის ანგარიში გვიჩვენებს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის

[3] კრედიტის მუხლი ვალუტის შემოსავალს წარმოადგენს, ხოლო დებეტი გასავალს (აღნიშნული მუხლები დაბალანსებულია კაპიტალის ან ფინანსურ ანგარიშებში).


მსგავსი სიახლეები

3468 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი