იტვირთება

Facebook-გვერდი „საქართველოსთვის“ ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, დეზინფორმაციის შემცველ პოსტს ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის უმუშევრობა და სიღარიბე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება, პოსტში გაჟღერებული მტკიცებები, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში სიღარიბისა და უმუშევრობის დონე გაიზარდა, არის ყალბი ამბავი.


მტკიცება
: უმუშევრობა იყო 17% ახლა არის 24%

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 26.7%-ს შეადგენდა, 2019 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 17.6% იყო. 2020 წელს წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული.

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2020 წლამდე, ანუ პანდემიამდე პერიოდში, უმუშევრობის დონე (პროცენტული მაჩვენებელი) ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა აღნიშნული დიდწილად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებით იყო გამოწვეული და არა დასაქმების ზრდით (ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). მიუხედავად ამისა, 2012 წელთან შედარებით, როგორც 2019, ასევე 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია.

გრაფიკი 1: დასაქმება და უმუშევრობა 2011-2020 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს, საქსტატმა ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. იმავდროულად, ისტორიული მწკრივის აღდგენისთვის, 2010 წლიდან დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებლები ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად განახლდა. კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულებად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უმთავრესად საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ. აღნიშნული სტატუსის მქონე პირებმა გადაინაცვლეს ან უმუშევართა კატეგორიაში, ან სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ, თუ - არა სამუშაოს. ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად - დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, უმუშევრობის დონე გაიზარდა, სამუშაო ძალა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა, რადგან თვითდასაქმებულების ნაწილი გადავიდა სამუშაო ძალის მიღმა.

როგორც ახალი, ასევე ძველი მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე 2012 წელთან შედარებით შემცირებულია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).


მტკიცება: სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 20%, ახლა არის მოსახლეობის 60%

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს - 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული.

რაც შეეხება ქვეყანაში სიღარიბის მხრივ არსებულ ტენდენციას, 2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით, 2013-2019 წლებში კი ჯამში 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამასთან 2013 წელი შესაძლოა, შუალედურ წლად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. 2014-2019 წლებში, აბსოლუტური სიღარიბე 6.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, და 2011-2012 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია. (ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. პანდემიამდე პერიოდშიც მოსახლეობის თითქმის მეხუთედი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა. თუმცა ფაქტია, რომ 2012 წელს აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 30% ცხოვრობდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 21.3%-ია. შესაბამისად - მტკიცება, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 20% იყო და ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3468 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი